"ქომუნითი შილდი" - ფრთხილად ისტლენდელებო!

AutoSharing Option
უეინ რუნის ახალი სეზონის დაწყება მაგიდაზე მუშტის დარტყმით სურს: ხვალ, "ქომუნითი შილდზე" "მანჩესტერ სიტისთვის" ადგილის მიჩენას აპირებს. "იუნაიტედის" 25 წლის თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ "უემბლიზე" დანიშნული მანჩესტერული დერბი სეზონისწინა მზადებას ლოგიკურ და უმაღლეს წერტილამდე მიიყვანს. რუნი ამბობს:

"მანჩესტერულ დერბიზე უკეთეს მოტივაციას სეზონის მძლავრი აკორდით დაწყებისთვის ვერ ვიპოვნიდით. მან საზაფხულო შეკრებებსაც დამატებითი სტიმული შესძინა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მზადებას "ქომუნითი შილდის" შეხვედრა მოჰყვებოდა - სეზონი მოსაწყენად არ დაიწყებოდა - და ეს სხვა ძალას გვმატებდა. სხვათაშორის, ამასწინათ ტელევიზორი ჩავრთე და მოვისმინე როგორ თქვა
ვიღაცამ, შესაძლოა ყველა "ქომუნითი შილდის" ისტორიაში საუკეთესო მატჩის მოწმენი გავხდეთო. მანამდე ამაზე არ მიფქრია, არადა მართლა ასეა".

მანჩესტერული დერბი ერთგვარი რევანშის ელემენტსაც მოიცავს: გასულ სეზონში, იმავე "უემბლიზე", ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში "სიტიმ" "იუნაიტედს" იაია ტურეს ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალში, ისტლენდელებს "სტოკ სიტი" შეხვდათ, რომელიც კვლავ ტურეს გოლით, კვლავ 1:0 დაამარცხეს და 35 წლიანი "დუმილის" შემდეგ პირველი ტიტული მოიგეს.

ამ წარმატებით გამხნევებული რობერტო მანჩინი და მისი ფეხბურთელები ახლა "იუნაიტედისთვის" პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის წართმევას აპირებენ, ასე რომ ხვალინდელი მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია - ბრძოლის წინ მოკრივეები ერთმანეთს თვალებში ჯიქურ რომ უყურებენ, იმას ჰგავს.
რუნისთვის აშკარაა, რომ "სიტი", რომელმაც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გასული "ჩელსის" ტოლი ქულები დააგროვა, წლეულს უფრო ძლიერი გუნდი იქნება.

გასაკვირი არაფერია, ისტლენდზე ხომ სერხიო აგუერო და გაელ კლიში გადავიდნენ. თუმცა, კონკურენტის გაძლიერებას "იუნაიტედი" როდის შეუშინებია - რუნისა და მის თანაგუნდელებს თავიანთი გეგმები აქვთ. სწორედ ამის შესახებ ელაპარაკა ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი ჟურნალ FourFourTwo-ს.

"ფეხბურთელები, რომლებიც მათ დაიმატეს, რასაკვირველია ცნობილი ვარსკვლავები არიან, მაგრამ ჩვენ ამაზე ფიქრისტვის არ გვცალია. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ, საკუთარი მიზნები გაქვს და კარგად იცი რა უნდა გააკეთო. ყველაფერი ძალიან მარტივია: ჩვენ ამ სეზონში ვაპირებთ მოვიგოთ პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ორივე ინგლისური თასი. რასაკვირველია, ყველა ჯილდოს მოგება ყოველთვის არ ხერხდება, მაგრამ გარწმუნებთ, "იუნაიტედი" ყოველ წელიწადს მხოლოდ ამისთვის იბრძვის.

რასაკვირველია, ამას რომ ვამბობ ისიც კარგად ვიცი, რომ სეზონს ჩემპიონობის იმედით დაიწყებენ "ჩელსი", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და შეიძლება "ტოტენჰემიც" კი. ერთი სიტყვით, სხვა არაფერი დაგვრჩენია, უნდა ვიმუშაოთ და მეტად და მეტად გავძლიერდეთ".

"მანჩესტერ იუნაიტედში" სასიხარულო ამბავია: Dარენ ფლეტჩერი გამოჯანმრთელდა და ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ვარჯიშსაც შეუდგა. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ბოლო ორი თვე მუცლის უცნობი ვირუსით დაავადების გამო გამოსტოვა. სნეულებამ შედეგად წონის დაკარგვა და გამოფიტვა მოიტანა. ექიმები ამბობდნენ, რომ უცნაურმა ვირუსმა ისინი საგონებელში ჩააგდო და 27 წლის ფეხბურთელის გამო გვარიანად ანერვიულა.

"იუნაიტედიდან" გამოსული ხმების თანახმად სერ ალექს ფერგიუსონი ფლეტჩერს კვირას არ ათამაშებს, თუმცა ერთ კვირაში, "ვესტ ბრომვიჩთან" საბრძოლველად ის, ალბათ, მზად იქნება. ფლეტჩერის გამოჯანმრთელება "იუნაიტედისთვის" ბევრს ნიშნავს, რადგან, მართალია სქოთი პირველი ხარისხის ვარსკვლავებს არ
განეკუთვნება, მაგრამ პოლ სქოულზის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ სქოულზის შემცვლელად ფერგიუსონს "ინტერისგან" 27 წლის ჰოლანდიელის, ვესლი სნეიდერის მიწვევა უნდოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ საქმიდან ხეირი არ ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული