ფილ ჯონსის ზღაპრული ზაფხული გრძელდება - კაპელო ნაკრებში უხმობს

AutoSharing Option
19 წლის მცველის, ფილ ჯონსის ზღაპრული ზაფხული გრძელდება. ფაბიო კაპელო ყმაწვილის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას აპირებს. მოგეხსენებათ, შემდეგ კვირაში უეფას სანაკრებო დღე აქვს, ევროპაში ბევრი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი. ინგლისელები ჰოლანდიას ხვდებიან და მათმა იტალიელმა თავკაცმა გაფართოებულ სიაში (რომლიდანაც ბოლოს ხალხს გამოხშირავს) "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალშენაძენიც შეიყვანა.

კაპელოს ჯონსის თამაში სტიურტ პირსის გუნდში ანუ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში უნახავს. ჯონსმა ამ ზაფხულს, დანიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ჯონსი "ბლექბერნისგან" 17 მილიონ ფუნტად იყიდა.

გახარებულმა მცველმა ჟურნალისტებს განუცხადა: "მე
ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ და ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ამდენს მივაღწევდი. ყველაფერში მიმართლებს და თავს ბედნიერად ვგრძნობ".

საინტერესოა, რომ გასულ კვირაში, რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრაზე მყოფმა კაპელომ თქვა, რომ ამ თინეიჯერისთვის ნაკრებში თამაში ჯერ ადრე ჰგონია. შესაბამისად, იტალიელმა ჯონსი გაფართოვებული სიიდან რომ ამოიღოს, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, უფრო მოსალოდნელი სწორედ ეს არის. კაპელომ სიაში, 35-40 ფეხბურთელი შეიყვანა და ამის შესახებ მათ კლუბებსაც აცნობა, თუმცა პრესას ამ ფეხბურთელების ვინაობა არ გაუმხილა.

ჯონსმა კი განაგრძო: "ბლექბერნში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და ყოველ ტურში მათამაშებდნენ. ძალიან მინდა "მანჩესტერ იუნაიტედშიც" იგივე მოხდეს, მაგრამ რეალისტი ვარ და კარგად ვიცი, რომ ეს არ მოხდება. მიზეზი მარტივია: აქ უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. სამაგიეროდ, მზად ვარ, როგორც კი ხელთ შესაძლებლობა ჩამივარდება, ვისარგებლო და თავი არ შევირცხვინო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული