რომელუ და "ჩელსი"

AutoSharing Option
რომელუ ლაკაკუ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა. "ანდერლეხტი" 18 წლის თავდამსხმელს 20 მილიონ ფუნტს ანუ 23 მილიონ ევროს აფასებდა. "ლურჯებმა" ვაჭრობაში ლონდონისავე "არსენალს" აჯობეს და გუშინ ვარსკვლავბიჭუნამ "სტემფორდ ბრიჯზე" სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის გუნდებს ლაკაკუმ თვალი ჯერ კიდევ 16 წლისამ მოჭრა, როდესაც ბელგიის ჩემპიონატში გოლების გატანა დაიწყო.

დასავლეთლონდონელთა პრეს-მდივანმა თქვა: "ჩვენს კლუბსა და "ანდერლეხტს" შორის მიღწეულია შეთანხმება რომელუ ლაკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებით".

"ანდერლეხტის" მწვრთნელმა ჰერმან ვან ჰოლსბეეკმა დასძინა: "რომელუს წასვლამ ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ, მეორე მხრივ ეს ისეთი ტრანსფერია, რომელიც ორივე
მხარეს სარგებელს აძლევს. ახლა, ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ყველა ღონეს იხმარენ, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში ლაკალუს შემცვლელი იპოვნონ. რაც შეეხება თავად რომელუს, ჩვენ მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ".

რაც შეეხება "ჩელსიდან" მიმავალთ, ასეთი 27 წლის იური ჟირკოვი გახლავთ. მას მახაჩკალის "ანჟი" ყიდულობს. "ლურჯების" მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა: "მართალია, ჟირკოვთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ მდგომარეობა ასეთია, იურიმ მყიდველ მხარესთან თავად უნდა გაარკვიოს ურთიერთობა. ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რადგან მას "ანჟი" ძალიან დიდ ფულს სთავაზობს და თან, სამშობლოში, რუსეთში აბრუნებს".

ამასობაში "ჩელსიმ" "რეინჯერსთან" ითამაშა და 3:1 გაიმარჯვა. ანგარიში გლაზგოელთა ხორვატმა თავდამსხმელმა, 25 წლის ნიკიცა იელავიჩმა გახსნა, მაგრამ პირველსავე ტაიმში ამ გოლს ორით 21 წლის დენიელ სტარიჯმა უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ სტარიჯი "ჩელსის" გასული სეზონის მეორე ნახევარში "ბოლტონში" ჰყავდა იჯარით გაშვებული, მაგრამ ახალგაზრდა "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდა და დიდიე დროგბას, ფერნანდო ტორესს, ნიკოლა ანელკას და სალომონ კალუს კონკურენციას უწევს. სტარიჯის მიერ "რეინჯირსთან" შესრულებული დუბლი ვილაშ-ბოაშს თავსატეხის წინაშე სტოვებს - მაინც როგორი იქნება "ლურჯების" თავდასხმა ახალ სეზონში? ყოველ შეხვედრაში ხომ არ შეცვლის შემადგენლობას?

გლაზგოელთა კარში მესამე გოლი ფლირენ მალუდამ გაიტანა, შეხვედრის ბოლოს კი მსაჯმა დროგბას წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, რომელიც ფრენკ ლემპარდმა მიზანს ააცილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული