შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" მეთოფეებს ნასრის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ფრანგ ნახევარმცველს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.
და აი, "სანმა" შეიტყო, რომ გასულ უქმეებზე "არსენალისა" და "სიტის" წარმომადგენლებს შორის კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებიც, თითქოსდა, შედეგიანად დასრულდა: "მეთოფეთა" მწვრთნელ არსენ ვენგერს "დამარცხება" უღიარებია. მას გასულ ხუთშაბათს უშუალოდ ნასრისთანაც ულაპარაკია პირისპირ. ერთი სიტყვით, ფრანგის ისტლენდზე გადაბარგება
"სანი" წერს, რომ ისტლენდელებს ჩრდილოლონდონელებისთვის უთქვამთ, თავდაპირველად მხოლოდ 15 მილიონ ფუნტს გადაგიხდით, შემდეგ კი, ხუთი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ და ვნახოთ, თუ ნასრი "ეტიჰედ სთედიუმზე" წარმატებით გამოვა, დარჩენილ თანხასაც მოგართმევთო. დაყაბულდება ასეთ ფორმას ვენგერი, რომელსაც ახალი ფეხბურთელების ყიდვა სურს ანუ თანხა დღესვე სჭირდება?
შეგახსენებთ, რომ ნასრის "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებოდა და, რამდენადაც ცნობილია, დაახლოებით ისეთსავე ხელფასს სთავაზობდა, როგორსაც ისტლენდელები დაუნიშნავენ - ლაპარაკია კვირაში 125 ათას ფუნტზე - მაგრამ ფრანგმა რობერტო მანჩინის გუნდში გადასვლა ამჯობინა. როგორც ჩანს, "სიტი" მაინც დაპირდა რაიმე განსაკუთრებულს.
ცნობისთვის: "მანჩესტერ სიტისთან" დაკავშირებულმა წყაროებმა ტაბლოიდებს უთხრეს, რომ კლუბში ინტერის ჰოლანდიელი გამთამაშებლის, 27 წლის ვესლი სნეიდერის ყიდვაზეც სერიოზულად ფიქრობენ. როგორც ცნობილია, სნეიდერის შეძენაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.
"სიტის" ამბებიდან კიდევ იმის აღნიშვნაა საჭირო, რომ გუნდს როგორც იქნა დაუბრუნდა 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი რომლის ამბავიც მთელმა მსოფლიომ იცის - მანჩესტერიდან წასვლა უნდა, რადგან შვილების გარეშე ვერ ძლებს, ბავშვები კი ცოლს ჰყავს ბუენოს აირესში. მანჩინიმ ტევესს "კოპა ამერიკას" შემდეგ სხვებზე მეტი, 21 დღიანი დასვენება უბოძა და აი, ის დაბრუნდა, თუმცა, ამბობენ, რომ კაპიტანი აღარ იქნება - სამკლავურს 25 წლის ბელგიელ ვენსან კომპანის გადააბარებსო.
სატრანსფერო ბაზარი ჯერ არ დახურულა და, რასაკვირველია, შანსი იმისა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი აგვისტოში სადმე გადასვლას მოახერხებს ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რამდენად დიდია, არავინ იცის. ერთი სიტყვით, ტევესს ჯერჯერობით ისტლენდზე მოუწევს დარჩენა და მანჩინიმ უთხრა კიდეც, რომ თუ მისი ფიზიკური მდგომარეობა დააკმაყოფილებს, პირველ ტურში, "ეტიჰედზე", "სუონსისთან", ცოტა ხნით შეიძლება ათამაშოს კიდეც.
"სანმა" ტევესის "სიტიში" დაბრუნებას საგანგებო ყურადღება დაუთმო და აღნიშვნის ღირსად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზე შავი "ჰამერით" მივიდა, სანამ საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შევიდოდა, დაცვასთან შეჩერდა, იხუმრა, შემდეგ თანაგუნდელებს შეუერთდა და მათთან ერთად, წვიმაში, დაახლოებით 20 წუთი ივარჯიშა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ არგენტინელი მთელი ამ ხნის განმავლობაში კარგ გუნებაზე იყო და იცინოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"