იანგის ტრანსფორმაცია

AutoSharing Option
ეშლი იანგი კვლავ გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელი გრძნობს, რომ მისი მენტალიტეტი ძირეულად შეიცვალა. ის უკვე ძალიან განსხვავდება იმ ეშლი იანგისგან, რომელსაც ეროვნულ გუნდში" "ასტონ ვილადან" იწვევდნენ. დღეს ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და საკუთარი შესაძლებლობებისა სწამს.

იანგი 26 წლისა გახლავთ და არ მალავს, რომ ადრე ნაკრებიდან ბირმინგემში შეშინებული კურდღელივით ბრუნდებოდა. ის დაზაფრული მიდიოდა "ვილას" საწვრთნელ ბაზაზე და გონს მოგებისთვის დრო სჭირდებოდა. ახლა, მას მერე, რაც ნახევარმცველი 16 მილიონ ფუნტად "მანჩესტერ იუნაიტედმა" იყიდა, ყველაფერი შეიცვალა.

ჰაფბეკი, რომელმაც ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ
ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლი თავად გაიტანა და ორიც სხვას გაატანინა, ამბობს:
"ფეხბურთელი საკუთარი თავის რწმენით აღვსილი უნდა გადიოდეს მოედანზე. დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ მთელ ყურადღებას საქმისკენ მივმართავ. ვაღიარებ, ადრე ვღელავდი, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შემქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ამჯერად ნაკრებში ისევე ვითამაშებ, როგორც კლუბში. თუ მომავალშიც შევძლებ ამ განწყობილების შენარჩუნებას და ეს თამაშის ხარისხზეც აისახება, ეჭვი არ მეპარება, რომ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახებენ.

დანიაში რომ ვთამაშობდით, ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. საბოლოოდ გოლიც გავიტანე. უელსში ჯერ ჩემი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, შემდეგ კი ბენტს გოლი გავატანინე. ეს დიდებული შეგრძნება იყო. ზაფხულში კი ჩემს კარიერაში დიდი რამ მოხდა - "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი და ეს, ეჭვი არ არის, ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრებაში დამეხმარება. თუ "იუნაიტედში" კარგად ვითამაშებ, ვფიქრობ, კაპელოც შემამჩნევს და გამომიძახებს ხოლმე. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდში დამინახავს, ხალხიც სხვანაირად დაიწყებს ჩემზე ლაპარაკს.

"იუნაიტედს" ამერიკაში ვახლდი და ამ კლუბის მასშტაბი თვალნათლივ დავინახე. გაოცებული დავრჩი. ყოველთვის მინდოდა ტიტულიანი ფეხბურთელი ვყოფილიყავი, რაც შეიძლება ბევრი ჯილდო მომეგო და აი, ახლა მეძლებვა ამისი შესაძლებლობა. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის ავტორიტეტი უნდა მოვიპოვო და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.

ჩემზე ამბობენ, რომ უნივერსალური ფეხბურთელი ვარ - სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში. მწვრთნელებს შეუძლიათ გამომიყვანონ ნახევარდაცვის მარჯვენა ან მარცხენა ფრთაზე, ცენტრალური თავდამსხმელის უკან და თვით ცენტრალურ თავდამსხმელადაც კი. მე მხოლოდ მუყაითი შრომა უნდა განვაგრძო და სულ ეს არის. ნაკრებში იქნება თუ "იუნაიტედში", როდესაც მენდობიან თავს არ დავზოგავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული