პრემიერლიგას ჩრდილი მიადგა

AutoSharing Option
ლონდონში მიმდინარე არეულობების გამო პრემიერლიგა შეიძლება გეგმის მიხედვით ვერ დაიწყოს. გაჩნდა კითხვა: შეიძლება ინგლისის დედაქალაქში დანიშნული შეხვედრების ჩატარება?

მოგეხსენებათ, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ მთავრობასა და პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ ოთხშაბათს ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გააუქმა - ინგლისი ჰოლანდიას უნდა შეხვედროდა. საკითხის მიმოხილვამ ასოციაციის შეფები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთ პირობებში ბურთის თამაში ფეხბურთელებისა და 70 ათასი მაყურებლის რისკის წინაშე დაყენებას ნიშნავს.

ამასობაში კი დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში გამძვინვარებული ანარქია რამდენიმე სხვა ქალაქსაც გადაედო. მართალია, პრემიერლიგის პირველი ტურის მთლიანად გადადებაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ ლონდონის სამ
თამაშს კი ემუქრება სხვა თარიღებში გადატანა.

ლაპარაკია "ფულჰემისა" და "ასტონ ვილას", "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და "ბოლტონის" და "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრებზე.

პოლიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ფეხბურთის ლიგის შეფობაც (ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც პრემიერლიგის დაბლა მოქმედ დივიზიონებს ხელმძღვანელობს) და გადაწყვეტილებას დღეს საღამოსთვის ელიან. პრემიერლიგისა და ფეხბურთის ლიგის ერთობლივ განცხადებაში წერია:

"ჩვენს ორგანიზაციებში შემომავალ ლონდონურ კლუბებთან საკითხს დეტალურად განვიხილავთ. განხილვაში მონაწილეობენ დედაქალაქის პოლიცია და მთავრობა. განხილვის თემაა მოახლოებულ უქმეებზე ლონდონში დანიშნული თამაშების ჩატარების მიზანშეწონილობა. ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან თითოეული სწავლობს სიტუაციას და გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის თავის განცხადებას გააკეთებს. ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ფანებს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ დროულად შევატყობინებთ".

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მანამდე ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ პოლიციისა და ლონდონის მთავრობის ჩინოსნებს და ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრების შეხვედრის გადადება გადაწყვიტეს. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღებას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ პოლიციას "უემბლიზე" სრულყოფილი მუშაობისთვის ძალები არ ეყოფოდა. სხვა სიტყვებით ეს იმას ნიშნავდა, რომ დედაქალაქის პილიცია და ხელისუფლება აღიარებდა, რომ ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში ვითარებას ვერ გააკონტროლებდა.

ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს გაჩნდა იდეა, თამაში მაყურებლის გარეშე ჩაეტარებინათ, მაგრამ ინგლისელთა ეროვნული გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. კაპელომ თქვა, რომ შეხვედრა ისედაც ამხანაგური იყო და მას მაყურებლის გარეშე, მითუფრო "ალმოდებულ" ქალაქში არანაირი აზრი არ ექნებოდა. მწვრთნელმა შეკრებისთვის გამოყოფილ დღეებში ფეხბურთელების ბაზაზე დატოვება და ინტენსიური წვრთნის ჩატარება ამჯობინა.

კაპელოს მართლაც ჩაუტარებია ბაზაზე თამაში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის ნახევარმცველი ტომ კლივერლი, ეროვნულ გუნდში დებიუტი რომ უნდა ჰქონოდა, სკოტ პარკერთან შეუწყვილებია.

ფეხბურთის ასოციაციამ პირველივე დღეს აღიარა, რომ გულშემატკივარს ბილეთებში გადახდილ ფულს სრულად აუნაზღაურებს. როგორც "დეილი მეილი" წერს, თანხა 2 მილიონ ფუნტამდეა. თუმცა, ასოციაციამ შესაძლოა დიდად არც იზარალოს, რადგან, როგორც ამბობენ, ორგანიზაციის შეფებმა ჰოლანდიელ კოლეგებთან უკვე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ თამაში კი არ გაუქმდა, არამედ უკეთესი დროისთვის გადაიდო. ინგლისელებისთვის დიდი შვება გახლდათ ისიც, რომ ჰოლანდიელები დიდ კომპენსაციას არ ითხოვენ - გუნდი ამსტერდამის აეროპორტშიც არ იყო მისული, ლონდონიდან შეტყობინებამ რომ მიუსწრო.

ფეხბურთის ასოციაციამ პრეს-კონფერენცია ჰერტფორდშირში, იმ სასტუმროში გამართა, სადაც ნაკრები ჰყავდა დაბანაკებული.

პრესკონფერენციაზე იყვნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე დევიდ ბერნსტაინი, "კლაბ ინგლენდის" დირექტორი ედრიან ბევინგტონი და კაპელო მთელი გუნდით. ფეხბურთელებმა ლონდონის ჩრდილოეთ უბნებში მომხდარი ამბების ჩანაწერები საუზმისას ნახეს რის მერეც, რიო ფერდინანდმა და ჯონ ტერიმ ხელმძღვანელობას სთხოვეს პრეს-კონფერენციაზე დასწრების ნება გუნდისთვისაც დაერთოთ.

პრეს-კონფერენციაზე ბევინგტონმა მათი სახელით განცხადება წაიკითხა. საქმე ის გახლავთ, რომ ასოციაციას მოთამაშეების გამოჩენა საერთოდ არ უნდოდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ფეხბურთელები სოციალურ დისკუსიებს საერთოდ თუ აერიდებოდნენ, მაგრამ ფერდინანდი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია.

მან და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ არეულობის მონაწილე ახალგაზრდებს დაწყნარებისკენ "ტვიტერის" საშუალებით მოუწოდეს. სოციალურ ქსელში კი აუდიტორია, რომელმაც ფეხბურთელების გზავნილი მიიღო, ადვილი დასათვლელია - ფერდინანდის სიტყვა 1,35 მილიონ ადამიანთან მიდის, რუნისა კი 1,17 მილიონთან. მათ ერთობლივ განცხადებაში ეწერა, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ნახეს არეულობის კადრები და დარწმუნდნენ, რომ ასეთ პირობებში "უემბლიზე" ხალხის შეკრება და ფეხბურთის თამაში სახიფათოა. მათ, "განრისხებულებს" მთელი გუნდის სახელით დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული