ლუკას გაიოსება

AutoSharing Option
"ჩელსის" "ტოტენჰემისგან" ლუკა მოდრიჩის ყიდვა სურს და მიზნის მისაღწევად ახალი ხერხი მოიფიქრა: ჩრდილოელ თანაქალაქელებს მხოლოდ ფულს აღარ სთავაზობს, იოსი ბენაიუნსაც ამატებს.

მოდრიჩი, მოგეხსენებათ, 25 წლის ხორვატი გამთამაშებელია, ბენაიუნი კი 31 წლის ებრაელი ნახევარმცველ-თავდამსხმელი. რატომ გაუჩნდათ "ლურჯებს" ეს აზრი? საქმე ის გახლავთ, რომ "დეზების" თავკაც ჰარი რედნაპს ბენაიუნის თამაში დიდი ხანია მოსწონს და მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, ფეხბურთელი "ლივერპულის" წევრი რომ იყო და "ჩელსიში" გადადიოდა. მაშინ რედნაპმა ვერ იყოჩაღა, ბენაიუნი ვერ იყიდა და ის "სტემფორდ ბრიჯზე" გადავიდა, მაგრამ ახალ
გუნდში თავი ვერაფრით გამოიჩინა, რაც დიდწილად ტერფის ტრავმამაც განაპირობა.

ახლა ებრაელ ვარსკვლავს ტრავმა აღარ აწუხებს და ზაფხულში, სეზონისწინა შეხვედრებში, კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა, მაგრამ "ჩელსის" მოდრიჩის ყიდვა იმდენად უნდა, რომ მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მზად არის კარგად ათამაშებულ ბენაიუნს შეელიოს.
რაც "პორტოს" თავი დაანება და დასავლეთ ლონდონში გადაბარგდა, ვილაშ-ბოაში ყოველ ინტერვიუში ლაპარაკობს ხაზებს შორის მოქმედი ფეხბურთელების აუცილებლობაზე.

როგორც ჩანს "ლურჯების" მწყობრ და მკაფიოდ გამოთლილ სისტემაში სწორედ ასეთი შემაკავშირებლების ნაკლებობაა. ბეანიუნი, რასაკვირველია, სწორედ ასეთი ფეხბურთელია, არაფერი რომ ვთქვათ მისი და ფერნანდო ტორესის ლივერპულისდრონიდელ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე, რაც ესპანელი ფორვარდის ასათამაშებლად "ჩელსის" ძალიან სჭირდება - მერსისაიდულ კლებში ყოფნის დროს მეგობრებს სასტუმროში საერთო ოთახი ჰქონდათ.

მეტიც, დაკვირვებულმა ხალხმა შეამჩნია, რომ იმ რვა თვის განმავლობაში, რაც "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგდა, ტორესი კარგად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როდესაც ძმაკაცი მოედანზე, გვერდით ჰყავდა, მაგრამ "ლურჯებისთვის" ამ ისტორიას მეორე ბოლოც აქვს: ბენაიუნი უკვე 31 წლის არის და კონტრაქტის თანახმად დასავლეთ ლონდონში ორი წელიწადიღა დარჩა გასატარებელი.

ბენაიუნმა შარშან, სექტემბერში აქილევსის მყესი დაიზიანა და შვიდი თვე ექიმებთან სიარულში გაატარა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ კარლო ანჩელოტიმ მას მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემმა" აქამდე ორჯერ შესთავაზა "ჩელსის" მოდრიჩის სანაცვლოდ ფული. თავიდან "ლურჯები 22 მილიონ ფუნტს იმეტებდნენ, შემდეგ მოუმატეს და 27 მილიონზე ავიდნენ, მაგრამ რედნაპი უარზე იყო.

ახლა, შესაძლოა ბენაიუნის კარტმა გაჭრას, მითუფრო, რომ მოდრიჩს ძალიან უნდა წასვლა, "დეზები" ფაქტობრივად ძალად აჩერებენ, ამასობაში კი ნახევარდაცვაში საქმე ცუდად არის: სტივენ პიენაარს საზარდული აწუხებს და ახალი სეზონის ექვს კვირას გამოსტოვებს, სანდროს კი მუხლი ტკივა და ბრაზილიაში დარჩა. მან ტრავმა "კოპა ამერიკას" დღეებში, ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული