თავიდან ატყდა ლაპარაკი, რომ ბარტონის ყიდვას ბევრი გუნდი შეეცდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ მთხოვნელი "სტოკ სიტის" გარდა ფაქტობრივად არავინაა. "აჯანყებული" ფეხბურთელის ამბავი ყველამ მიივიწყა და ის,
თანდათანობით საქმე, თითქოს, შერიგებისკენაც კი წავიდა - ბარტონს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის ნება დართეს და დაწერეს, რომ მწვრთნელი, ალან პერდიუ ძალიან კმაყოფილი გახლდათ, მაგრამ აი, რუსეთიდან "ზენიტი" გააქტიურდა. ინგლისურ პრესაში წერია, რომ სანკტ-პეტერბურგელები ბარტონს, ინგლისელთათვის გასაგებად რომ ვთქვათ, კვირაში 68 ათას ფუნტს სთავაზობენ - ლაპარაკია უკვე დაქვითულ თანხაზე.
რაც შეეხება "კაჭკაჭთა" მეორე აჯანყებულს, 25 წლის მარცხენა მცველ ხოსე ენრიკეს, ის, როგორც ადრეც გვიხსენებია, "ლივერპულში" გადასასვლელად ემზადება, "სენტ ჯეიმსიზ პარკზე" კი მის შემცვლელს ეძებენ: "პსვ ეინდჰოვენიდან" 23 წლის ერიკ პეტერსი მოჰყავთ. "ნიუკასლი" ენრიკეს სანაცვლოდ მერსისაიდელებისგან 6 მილიონ ფუნტს ელოდება.
კიდევ, ალან პერდიუს გუნდი გერმანული ბუნდესლიგიდანაც აპირებს ერთი ფეხბურთელის ყიდვას - "ლევერკუზენიდან" 8,5 მილიონ ფუნტად შეიძლება 23 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელი ერენ დერდიოკი იყიდოს. 191 სანტიმეტრიანი დერდიოკის სანახავად ნიუკასლელებს შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის თამაშზე მთავარი სკაუტი, გრემ კარი ჰყავდა მივლინებული. დერდიოკმა ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. შვეიცარიელებმა 2:1 მოიგეს.
ამბობენ, რომ პერდიუმ "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" რომან პავლიუჩენკოსა და პიტერ კრაუჩზე სცადა დალაპარაკება, მაგრამ ჩრდილოლონდონელებმა დიდძალი ფული მოითხოვეს, რის გამოც, "კაჭკაჭთა" თავკაცმა ყურადღება "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდ მევლუთ ერდინგზე გადაიტანა. თურქი ვარსკვლავი 24 წლისაა. სხვათაშორის, "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთ თავდამსხმელზე, ჯერმაინ დეფოზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მაგრამ აქ, თავად დეფომ არ ისურვა ლონდონიდან წასვლა. რაც შეეხება არგენტინელ მცველ ხონას გუტიერესს, მის ყიდვას "სტოკი" აპირებს და ცდილობს "ნიუკასლს" ფასზე შეუთანხმდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"