ფეხბურთი ძალადობის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცი ჰარი რედნაპი "სანში" სვეტებს რომ წერს, ადრეც გვითქვამს და მისი ნააზრევი ბევრჯერ გვითარგმნია კიდეც. მის მოსაზრებებს ამჯერადაც შემოგთავაზებთ. ის ლონდონში ბოლოხანს დატრიალებულ ამბებს ეხება. მოგეხსენებათ, ინგლისის დედაქალაქში უწესრიგობები სწორედ ტოტენჰემის რაიონიდან დაიწყო და სხვა უბნებს მერე მოედო.

"ბოლოს ტოტენჰემის უბანი გასულ შაბათს გადავკვეთე, დაახლოებით რვას თხუთმეტი რომ უკლდა, - წერს რედნაპი თავის ბოლო სვეტში, - იმ დღეს ბილბაოს "ატლეტიკთან" სეზონისწინა ამხანაგური შეხვედრა ვითამაშეთ, რის მერეც "უაით ჰართ ლეინზე" შევყოვნდი, ერთი-ორ კაცს რაღაც საქმეზე დაველაპარაკე და შინისაკენ გავემგზავრე.
ყველა გახარებული ჩანდა, გზებზე სიმშვიდე იყო და სამხრეთ სანაპიროს გამოვყევი.

შინ რომ მივედი, მეუღლემ მითხრა, ერთი ტელევიზორს შეხედე რა ხდებაო. შევხედე და... თვალებს არ დავუჯერე. ტოტენჰემს აჩვენებდნენ. ქუჩები, რომლებიც ახლახან გამოვიარე საშინელ დღეში იყო, შენობები, რომლებიც ძალიან კარგად ვიცი, იწვოდა. როგორც ჩანს არეულობების დასაწყის სულ რაღაც ნახევარი საათით გამოვასწარი და ღმერთმა იცის რა დატრიალდებოდა, ეს ყველაფერი მაშინ რომ ამტყდარიყო, ჩვენი სტადიონიდან 30 ათასი გულშემატკივარი რომ გამოდიოდა.

ბოლო რამდენიმე დღეა სევდა და ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მომერია. იმავდროულად ბრაზიც მახრჩობს. ის რაც ლონდონის ქუჩებში ხდება, არაფერ კავშირში არ არის ვიღაცის მკვლელობასთან. მკვლელობა მხოლოდ მიზეზი იყო ამ ადამიანებს ძარცვა, ყაჩაღობა და ჩვეულებრივი მოსახლეობის დატერორება რომ დაეწყოთ. თავი კინოში მგონია, სადაც ყველაფერი გამოგონებულია. ალბათ, სხვა ქვეყნებში ადამიანები ამ კადრებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ ასეთი რამ მათთან არ მოხდება.

ახლა რომ ვიხსენებ, ბოლო რამდენიმე წელიწადია სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩვენთან რაღაც ამგვარი უნდა დატრიალებულიყო და, სამწუხაროდ, მართალი გამოვდექი. ხალხმა დაინახა, რომ ქურდობა ადვილი საქმეა და დანარჩენიც ამას მოჰყვა. ბევრი ყმაწვილი ფიქრობს, რომ ასე ქცევა კარგია და აღარც დაჭერის ეშინია. ბევრს სახელმწიფო სტრუქტურების რიდი აღარ აქვს. არ აწუხებს რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას. ასეთებს როდესაც იჭერენ კეთილმოწყობილ ბანაკებში აგზავნიან. არდადეგები გამოუდით.

პოლიტიკოსები ქულების დაწერას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ეკონომიკური ვარდნის ბრალია. რა სისულელეა. რა შუაშია ეკონომიკური ვარდნა, როდესაც ქვეყანაში დაგროვდა ხალხი, რომლებიც უბრალოდ კანონს პატივს არ სცემენ. მათ წესიერება ოჯახებიდან არ მოსდევთ და ასეთ დროს პოლიტ-კორექტული თეორიებით ქულების დაწერა უზნეობაა. ჩემი შვილები 12 წლისანი რომ იყვნენ, ღამის 10-11 საათზე გარეთ არასდროს გამიშვია.

სად არიან ამ ბავშვების მშობლები? წლების წინ ჩვენც ვიყავით პატარები, ვიზრდებოდით და უფროსებს პატივს ვცემდით. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ავტობუსში ქალბატონებისთვის კარი უნდა გაგვეღო ადგილი უნდა დაგვეთმო და დღეს ასეთი რამ აღარ ხდება. რა შუაშია ეკონომიკური ვარდნა? მე ლონდონის ისტ ენდში ვიზრდებოდი, ღარიბები ვიყავით, მაგრამ ოჯახური ტრადიციები და ფასეულობები გვქონდა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემდით და ხულიგნობა გართობად არ მიგვაჩნდა. არადა, იმ დროს ომი ახალი დამთავრებული იყო და ქვეყანაში დიდი გასაჭირი იდგა. ამის მიუხედავად, მოხუც ქალებს ქუჩაში არავინ ძარცვავდა, ხოლო თუ ვინმე ამას ჩაიდენდა, მთელი უბანი დააბრუნებინებდა ნაქურდალს. მოხუცი ქალის გაძართვისთვის ციხეში "კარგად" ვერ იჯდებოდი.

მე ფეხბურთის მწვრთნელი გახლავართ და პროფესიის გამო ახალგაზრდებთან მაქვს შეხება. აშკარაა, რომ დღევანდელ თაობას ჩემი დროის ხალხისგან ძალიან განსხვავებული ფასეულობები აქვს. რასაკვირველია მათ შორის კარგიც ბევრია, მაგრამ დიდ უმრავლესობას პატივისცემა არ გააჩნია. ჩემს დროს 12-13 წლის ფეხბურთელები მწვრთნელს საკლუბო პიჟაკებში გამოწყობილები ხვდებოდნენ, საკლუბო პიჯაკი თუ არა, შარვალი მაინც ეცვათ, ახლა კი, ჩემთან მოსვლას ბედავენ და ისეთი ჯინსი აცვიათ, რომ ყველაფერი უჩანთ.

ამ არეულობებმა პრემიერლიგის სეზონს ჩრდილი მიაყენა. ძალიან კარგად მესმის, რატომაც გადადეს ინგლისისა და ჰოლანდიის ამხანაგური თამაში. თუ პრემიერლიგის შეხვედრებსაც გადადებენ, მე პოლიციის გადაწყვეტილებას გავიგებ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთი არეულობის დროს ცეცხლს ნავთი დავასხათ და დებოშისთვის კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი შევქმნათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ჰარი, ჭკვიანური ნათქვამია
EL FLAKO
21:02 14-08-2011
0

სიახლეები პოპულარული