გარი ნევილი: "ლივერპულის" ჩემპიონობა? ჯერ არა!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი გარი ნევილი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი წლეულს დაანება, ყოველთვის "ლივერპულის" სიძულვილით გამოირჩეოდა და თავისას მოედნიდან ტრიბუნაზე ასვლის მერეც არ იშლის.

ნევილმა "მერსისაიდელებს" კვლავ უკბინა - ინგლისის ჩემპიონის ტიტული 21 წელიწადია თვალით არ გინახავთ, მაგრამ ჯერ სადა ხართო. არადა, "წითლების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ახალი ფეხბურთელების შეძენაში 100 მილიონი ფუნტი დახარჯა და ფანებს იმედი ჩაუსახა, რომ ბოლოს და ბოლოს მათაც ეღირსებათ პირველობა.

გარი ნევილმა კარგად იცის, რა შედეგი მოსდევს წლობით დაგუბებულ წადილსა და წარუმატებლობათა სერიას. ის "მანჩესტერ
იუნაიტედის" ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მანამდე, მისი ფანი იყო - ბავშვობიდან "იუნაიტედი" უდუღს ძარღვებში. ნევილს კარგად ახსოვს როგორ დასრულდა მისი საყვარელი გუნდის 26 წლიანი ხელმოცარულობის პერიოდი, როდესაც 1992-93 წლებში ბოლოს და ბოლოს "ოლდ ტრეფორდზეც" იზეიმეს. 36 წლის ვეტერანი ამბობს:

"ვხედავ, რომ "ლივერპული" უკვე მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც გამარჯვება აუცილებელია. იქ, ყველა და ყველაფერი შედეგს ითხოვს. მახსოვს, 1992-93 წლების სეზონში ჩვენთანაც იგივე ხდებოდა. გამარჯვება ჰაერში ტრიალებდა და ეს იგრძნობოდა. ასეთ დროს იცი, რომ შენს წინაშე დგას მიზანი, რომელისაც აუცილებლად უნდა მიაღწიო.

აშკარაა რას აკეთებს კენი დალგლიში - ის ცდილობს "ლივერპულს" ძველებური იერსახე აღუდგინოს, მაგრამ, თუ შემეკითხებით, როდის შეძლებენ მერსისაიდელები ტიტულის მოგებას, გიპასუხებთ, რომ ამ სეზონში ეს არ მოხდება".

ნევისია ვარაუდით მისი "იუნაიტედის" მთავარი მოწინააღმდეგე კვლავ "ჩელსი" იქნება. რაც შეეხება "ლივერპულს", ის, ალბათ, იქნება ერთ-ერთი იმ სამეულიდან, რომელიც შეეცდება ორი მთავარი კონკურენტის ბრძოლაში ჩაერიოს.

ნევილმა დასძინა: "მოსწონს ეს ამბავი ვინმეს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება: ბოლო ხუთი წელიწადია ინგლისსი ყველას ორი გუნდი სჯობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". "მანჩესტერ სიტი"? რასაკვირველია იბრძოლებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ "ჩელსის" რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ ისევე, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წლეულსაც "იუნაიტედის" მთავარი კონკურენტი ის იქნება. არ მესმის, რამ შეიძლება ძალთა ასეთი თანაფარდობა შეცვალოს, "ჩელსისი" ხომ ისევ ის ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ! რაც შეეხება "ლივერპულს", პირადად მე მას "ტოტენჰემზე" წინ ვხედავ".

და "არსენალი"? მიაქცევდით ყურადღებას, რომ "სქაი სპორტის" ახალ ექსპერტს ჩრდილოლონდონელთა კლუბზე არაფერი უთქვამს. საქმე ის გახლავთ, რომ მსაზე, ისევე, როგორც სხვებზე "მეთოფეთა" სატრანსფერო პასიურობამ იმოქმედა, რასაც სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავიც ემატება.

"წარმოუდგენელია, როგორ უნდა შევიდეს "არსენალი" ოთხეულში ძალიან შესუსტებული შემადგენლობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული