ნასრისა და ფაბრეგასის გაქცევა "არსენალიდან"

AutoSharing Option
"არსენალმა" საშინელ დღეში ჩაიგდო თავი - 24 წლის ვარსკვლავები, სამირ ნასრი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ერთდროულად გაურბიან.

ფაბრეგასის ამბავი მოგეხსენებათ, "ბარსელონაში" გადადის. თანხას მას-მედია კიდევ დააზუსტებს, თუმცა ცნობილია, რომ ლაპარაკია 35,9 მილიონ ფუნტზე, რაც 40,5 მილიონი ევროს ტოლფასია. გარდა ამისა, ჩრდილოლონდონელები კატალონიელებისგან დამატებით თანხებსაც მიიღებენ, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ფაბრეგასი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში წარმატებით ითამაშებს და კარგ შედეგებს მიაღწევს.

მაგრამ ვაი, რომ ფაბრეგასთან ერთად "მეთოფეები" ფრანგ ნასრისაც კარგავენ - ის "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ხდება.

თუმცა, ჯერ ესპანელის ამბავი ვთქვათ:
როდესაც ფაბრეგასის "ბარსაში" გადასვლაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარსკვლავს ფაქტობრივად თავის გამოსყიდვა დასჭირდა. ის 4,5 მილიონ ფუნტს საკუთარი ჯიბიდან იღებს და "არსენალში" სტოვებს. დავაზუსტოთ: ფაბრეგასმა თქვა, რომ შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ხელფასიდან, ყოველწლიურად 900 ათას ფუნტს გადაუხდის "მეთოფეებს".

რაც შეეხება ნასრის, მასში ისტლენდელები 22 მილიონ ფუნტს იხდიან. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "არსენალიდან" სიტიში კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი, 26 წლის გაელ კლიში გადავიდა. თუ ისტლენდზე წინა წლებში გადასულ ემანუელ ადებაიორსა და კოლო ტურესაც გავიხსენებთ, ხელში ყოფილ თანაგუნდელთა მთელი ჯგუფი შეგვრჩება. გაზეთები წერენ, რომ ახლა, სატრანსფერო სეზონის დარჩენილ სამ კვირას არსენ ვენგერი გაქცეული ვარსკვლავების შემცვლელთა ძებნაში გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული