ბარტონმა აღიარა!

AutoSharing Option
ჯოი ბარტონმა გადაწყვიტა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გული მოელბო, მაგრამ გაზეთებს ეეჭვებათ, რომ მიზანს მიაღწიოს. „ნიუკასლის“ 28 წლის ნახევარმცველმა „არსენალის“ ფორვარდ ჟერვინიოს ჯერ აფერისტი უწოდა, შემდეგ დასძინა, რომ შეხლა-შემოხლის ეპიზოდში გააფორმა, თორემ ჟერვინიოს მისთვის ძლიერად სულაც არ დაურტყამს და ბოლოს „ტვიტერით“ ჩხუბი ჯეკ უილშირსაც აუტეხა.

BBC-ს „რადიო 5“-ში გამოსვლისას ბარტონმა სინანული გამოთქვა, კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელის წაქცევაზე ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდაო და თავისი საქციელი გაღიზიანებით ახსნა - უფრო ადრე მას „არსენალის“ კამერუნელ ალექს სონგთან მოუვიდა ინციდენტი.

ვინც „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლ
იუნაიტედისა“ და „მეთოფეების“ შეხვედრას უყურა, იცის, რომ სონგმა ბარტონთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის მერე წაქცეულ ნიუკასლელს ფეხი დააბიჯა, რაც მსაჯს, პიტერ უოლტონს შეუმჩნეველი დარჩა. მოგვიანებით არბიტრმა შეცდომა აღიარა, მასმედია კი სონგის სამთამაშიან დასჯას წინასწარმეტყველებს.

უოლტონმა თავისი ოქმი ფეხბურთის ასოციაციაში გუშინ დილით მიიტანა, მაგრამ მასში, რა საკვირველია, არ არის ასახული „ტვიტერში“ ატეხილი სკანდალი, რომლის შესახებაც ფედერაციის პრესმდივანმა თქვა: „ჩვენ ყველაფერს შევისწავლით, რაც შაბათის თამაშს შეეხება“.

ბარტონმა კი, როგორც გითხარით, „რადიო 5“-ის ეთერით უკან დაიხია. მან თქვა: „ ჟერვინიოს აფერისტი დაუფიქრებლად ვუწოდე და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალად წაიქცა, მსაჯისთვის პენალტის გამოტყუება უნდოდა. კიდევ კარგი პიტერ უოლტონი ვითარებაში გაერკვა და ანკესზე არ წამოეგო“.

გავიხსენოთ ბარტონისა და ჟერვინიოს ინციდენტი. „არსენალის“ ახალწვეული „კაჭკაჭების“ საჯარიმოში შევარდა და მცველის სიხლოვე რომ იგრძნო წაიქცა. შორიახლოს მყოფმა ბარტონმა მეტოქის ასეთი საქციელი ვერ მოითმინა, მივარდა და ჩხუბით დაუწყო წამოყენება. ამასობაში სხვებიც მივარდნენ, ჩოჩქოლი ატყდა და ჟერვინიომ ბარტონს სახეში ხელი ჰკრა. ამაზე „ნიუკასლის“ ნახევარმცველი თეატრალურად გაიშოტა და არბიტრს ჟერვინიო მოედნიდან გააძევებინა.

მოგვიანებით, „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, რომელსაც იმ დღეს ტრავმის გამო არ უთამაშია, ბარტონს „ტვიტერის“ აუდიტორიის წინაშე, აგრესიაში დასდო ბრალი. იმავე „ტვიტერში“ საკუთრივ ბარტონმა ცნობილ ალან შირერზე დაწერა უხეშად. მიზეზი: შირერი მის მიმართ კრიტიკული იყო. თუმცა, მეორე დღეს, „კაჭკაჭი“ უფრო დამშვიდებული ჩანდა და ასე ამბობდა:

„რასაკვირველია, საკუთარ საქციელს მეტად უნდა ვაკონტროლებდე. წაქცეულ ჟერვინიოს არ უნდა მივვარდნოდი და მაისურზე ქაჩვით მისი წამოყენება არ უნდა დამეწყო, მაგრამ როდესაც დავინახე, როგორ ცდილობდა ის მსაჯისთვის პენალტის გამოტყუებას, ვეღარ მოვითმინე. სულელი ხომ არ ვარ, მივხვდი, რომ იმ ეპიზოდში ოდნავ კონტაქს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მან ამისგან დიდი უპირატესობის შექმნა სცადა. რეაქცია კი, როგორც გითხარით... რას იზამ, ხანდახან ადამიანი თავს ვერ იკავებ და მე ვიცი, რომ საამაყო ნამდვილად არაფერი გამიკეთებია.

ახლა ჩემი წაქცევის შესახებ... რასაკვირველია, ძალიან ადვილად წავიქეცი, მაგრამ ჩემთვის ხელის დარტყმა იმიტომ, რომ ეს მე ვარ, სწორია? სკოლაში უარესადაც მომხვედრია, მაგრამ ჩემი წაქცევა სხვა თემაა, მან კი ადამიანზე ხელი აღმართა და ეს კანონის თანახმად ისჯება. ვაღიარებ, გადავაჭარბე, თუმცა მანამდე სონგთან მქონდა ინციდენტი და მის გამო გაღიზიანებული ვიყავი. საერთოდ კი რთულ დღეში ვარ, რადგან ვიცი, რომ გასულ წლებში ჩადენილი სისულელეების გამო პერიოდულად ისევ ვექცევი ხოლმე ყურადღების ცენტრში და ჩემს ამა თუ იმ საქციელს ხალხი ჩვეულებრივ ვერ აღიქვამს. ჩემთვის პატიებაც უჭირთ.

რაც პრემიერლიგა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი სიმულაცია მომხდარა. დღეს, ჩემგან ამაზე ლაპარაკი ცოტა არასწორია, რადგან სახეზე ხელი რომ მომადეს, თავად გავაფორმე და ძალიან იოლად წავიქეცი, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა და მსაჯებიც სიტუაციაში ვერ გარკვეულიყვნენ, ჩემი გუნდი უსამართლოდ დაიჩაგრებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ჯოი ბარტონი ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საქმე ის გახლავთ, რომ მან „ტვიტერის“ 220 ათასი „მეგობრის“ წინაშე „ნიუკასლ იუნაიტედის“ შეფები გააკრიტიკა, რის გამოც ორი კვირის ხელფასიც დაუქვითეს და ტრანსფერზეც დააყენეს, მაგრამ მერე კონფლიქტი ჩაცხრა.

გუშინვე ბარტონი „ტვიტერზე“ კიდევ უფრო მშვიდი ჩანდა: „დილის ექვსის 25 წუთზე ხმაურმა გამაღვიძა. თურმე მეზობლის სახლში ქურდი ძვრებოდა“.
როგორც ხედავთ, ეს უკვე სხვა თემაა.

და კიდევ ერთი, რაც შეეხება „ტვიტერს“: ზემოხსენებული უილშირი „ნიუკასლისა“ და „არსენალის“ შეხვედრის მსვლელობისას თურმა წერდა: „თეოს (უოლკოტის) შეყვანაა საჭირო და განაპირა მცველები მეტად უნდა ჩაერთონ შეტევებში“.

ნეტავ, 19 წლის ვარსკვლავს ამ კომენტარებს არსენ ვენგერისთვის ჭკუის სწავლებად ხომ ხომ არ ჩამოართმევენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული