რობერტო მანჩინი: აგუერო ჯერ ფორმაში არ არის

AutoSharing Option
23 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა, სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტიში“ კარიერა საუცხოოდ დაიწყო - „სუონსისთან“ შეხვედრაში მოედანზე ნახევარი საათით შევიდა და ორი გოლი თავად შეაგდო, ერთი კი დავიდ სილვას გაატანინა.

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელშიც ისტლენდელებმა 43 მილიონი ევრო გადაიხადეს, პირველი გოლი შესვლიდან 8 წუთში გაიტანა, მეორე კი მსაჯის წამატებულ დროში შორეული დარტყმით დაამატა. კიდევ ერთი, რიგით პირველი გოლი „სუონსის“ კარში ედინ ჯეკომ შეაგდო.

აქამდე, „სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი აგუეროს არ ათამაშებდა, „კოპა ამერიკას“ შემდეგ დაღლილია და ჯერ ფორმაშიც არ არისო. არგენტინელის
ფორმაზე მანჩინიმ „სუონსის“ 4:0 ძლევის შემდეგაც ილაპარაკა, იგივე გაიმეორა, ჯერ ფორმაში არ არისო, მაგრამ, ამჯერად, იტალიელის ნათქვამი სხვანაირად ჟღერდა - თითქოს მეტოქეებს აფრთხილებდა, რომ შევა მერე ნახეთ თქვენი ბრალიო.

მანჩინი: „ეს იყო იდეალური დასაწყისი, მიუხედავად იმისა, რომ აგუერომ გუნდთან ერთად მხოლოდ ათი დღე იმუშავა, სრულყოფილ ფორმაში შესასვლელად კი ორ-სამ კვირიანი ინტენსიური ვარჯიში კიდევ სჭირდება. იმის თქმა არ მინდა, რომ გადაღლილია, მაგრამ ვინაიდან „კოპა ამერიკას“ შემდეგ ჯერ ერთი თვეც არ გასულა, მას ძალთა აღმდგენი ვარჯიშები სჭირდება. გარწმუნებთ, აგუერო გაცილებით უკეთ ითამაშებს.

დღეს მისმა გამოსვლამ სულაც არ გამაოცა, რადგან კარგად ვიცი, რა ფეხბურთის თამაშიც შეუძლია არგენტინელს. მას ნაკრებსა და ესპანეთის ჩემპიონატში ბევრი გოლი აქვს გატანილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგუერო და სილვა ერთსა და იმავე საფეხბურთო ენაზე ლაპარაკობენ. ისინი ორივენი ფანტასტიკურები არიან“.

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულის ქება არც დამარცხებული უელსური გუნდის მწვრთნელმა, ბრენდენ როჯერსმა დაიზარა: „დღეს ჩვენ დიდებული გაელვება ვნახეთ. კუნ აგუერო მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, რომლის ძალა და დონე, გასაოცარი გახლდათ. მისმა ორმა გოლმა გვაჩვენა, რომ არგენტინელი მეტოქის საჯარიმო მოედანში შესავარდნად ყოველწამს მზად არის და იმავდროულად შესანიშნავი დარტყმა აქვს დაყენებული“.

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯო ჰარტი: „აგუერომ ეფექტი მოახდინა ხომ მართალია? მართალი გითხრათ, მის თამაშს მაინც და მაინც კარგად არ ვიცნობდი, რადგან მწვრთნელი უფრო მეტად ასვენებდა, მაგრამ აგუეროზე მსჯელობა მისი სატრანსფერო ფასით შემეძლო. დღეს ვხედავ, რომ მასში ამხელა თანხის გადახდა მართლაც ღირდა“.

დავუბრუნდეთ მანჩინის. ისე როგორ იქნებოდა, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელი პრესკონფერენციაზე მისულიყო და ჟურნალისტებს კარლოს ტევესის შესახებ არ ეკითხათ. მანჩომ თქვა, რომ 27 წლის თავდამსხმელი შესაძლოა „სიტიში“ დარჩეს და თანამემამულე აგუეროს მხარდამხარ ითამაშოს. რაღაც ამდაგვარი თქვა ისტლენდელთა აღმასრულებელმა შეფმა გერი კუკმაც.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში დაბრუნდა, ტევესი „სიტისა“ და „სუონსის“ თამაშს არ დასწრებია, მაგრამ კუკმა ბრძანა: „კარლოსი ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია და მისი აგუეროს მხარდამხარ ხილვა გუნდის ყველა ფანის ოცნებაა“.

შემდეგ დირექტორს ჰკითხეს, იქნება თუ არა ტევესი „სიტის“ ფეხბურთელი 31 აგვისტოს შემდეგაც.

„მე არ მილაპარაკია ისეთ ადამიანთან და არ მსმენია ისეთი რამ, რაც მაფიქრებინებდა, რომ ტევესი 31 აგვისტოს შემდეგ სხვაგან ითამაშებს“ - უპასუხა კუკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული