ფანები "არსენალიდან" ნასრის გაგდებას ითხოვენ

AutoSharing Option
„არსენალის“ ფანებს ფრანგი ნახევარმცველი, სამირ ნასრი უკვე ძალიან აღიზიანებთ და ისინი მის გუნდიდან გაგდებას ითხოვენ. საქმე ის გახლავთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობის კიდევ ერთ წინადადებაზე თქვა უარი. ამჯერად მას „ემირეიტზე“ კვირაში 90 ათას ფუნტს სთავაზობდნენ.

ჩრდილოლონდონური კლუბის ქომაგები ისე გაღიზიანდნენ, რომ კვირას, ნიუკასლში, სადაც ნასრის სულ არ უთამაშია, მაინც მის სახელს ახსენებდნენ და ფრანგს ლანძღავდნენ. ამან ფეხბურთელზე ძალიან იმოქმედა. მან საჯაროდ თქვა, „არსენალის“ გულშემატკივრებმა ადამიანის პატივისცემა არ იციანო. ამან თავის მხრივ უკურეაქცია გამოიწვია და ვითარებაც დაიძაბა.

„მეთოფეთა“ ქომაგებს
აღიზიანებთ, რომ ნასრი „მანჩესტერ სიტის“ შეთავაზებულ ფულზე გაიყიდა. მოგეხსენებათ, „სიტი“ ჩრდილოლონდონელებს ნახევარმცველში 22 მილიონ ფუნტს უხდის.

ფრანგმა „ტვიტერში“ დაწერა: „მითხრეს, რომ ნიუკასლში ფანები ტრიბუნიდან ჩემზე მღეროდნენ. ეს დიდ უპატივცემულობად მიმაჩნია. მე ხომ ჯერ კიდევ „არსენალის“ ფეხბურთელი ვარ“.

ამის შემდეგ, კვლავ და კვლავ სოციალური ქსელის მეშვეობით, ნასრიმ „მეთოფეთა“ გულშემატკივრების ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანების ლიდერ ტიმ პეიტონთან იკამათა. პეიტონმა დაწერა:

„ნასრის „ტვიტები“ უადგილო და არაადექვატურია. არსენ ვენგერმა თქვა, რომ „არსენალი“ ხელფასს მხოლოდ ერთგულ ფეხბურთელებს უნდა უხდიდეს. ნასრი ერთგული აშკარად არ არის და ამიტომ ჩვენს კლუბს რაც მალე დატოვებს მით უკეთესი იქნება. „არსენალი“ გაცილებით დიდია ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული