რაულის უარი „ბლექბერნს“

AutoSharing Option
„ბლექბერნს“ ამბიციური გეგმა ჰქონდა: ესპანელი ვეტერანის, ლეგენდარული რაულის ყიდვა უნდოდა, მაგრამ 34 წლის ვარსკვლავმა უარი შეუთვალა. გერმანულმა „შალკემ“ დაადასტურა, რომ „ბლექბერნისგან“ მართლა მიიღო წინადადება - ინგლისური კლუბი რაულში 3,4 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელმა, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურა 102-ჯერ აქვს მორგებული, თქვა, რომ გელზენკირხენში დარჩება.

„რაულმა თქვა, რომ „შალკედან“ წასვლა არ სურს. ამით საკითხი ამოიწურა. „ბლექბერნთან“ ყველა შესაძლო მოლაპარაკება გამოირიცხა“ - განაცხადა „შალკეს“ სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.

„ბლექბერნის“ წინადადების მედროშე რაულის ყოფილი თანაგუნდელი, „რეალის“ ოდინდელი მცველი, 35 წლის მიჩელ სალგადო
გახლდათ, რომელიც „სამეფო კლუბში“ გატარებული 10 წლის შემდეგ (1999-2009) „ბლექბერნში“ თამაშობს, რომლის შემადგენლობაში სამოცამდე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია“ რომ „ბლექბერნმა“ რაულის ყიდვა პირველად არ სცადა. მას გასულ ზაფხულსაც უნდოდა ესპანელის გადაბირება, მაგრამ რივერსაიდელების მაშინდელმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა საბოლოოდ უფულობა მოიმიზეზა. ინგლისური კლუბის ახალი მეპატრონე, ინდური კომპანია, „ვენკი’ზ“ უფრო თამამი გამოდგა და ხან რონალდინიოს ყიდვა მოიწადინა და ხან დევიდ ბექჰემის, თუმცა, ორივე მცდელობა წყალში ჩაუვარდა.

ჩვენ კი, რადგან „რეალი“ ვახსენეთ, მოდი მადრიდული კლუბის ახალი თაობის მოთამაშეზე, 27 წლის ტოგოელ ემანუელ ადებაიორზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. უფრო სწორედ, ადებაიორი „რეალს“ მხოლოდ ნაქირავები ჰყავდა, კონტრაქტით კი ის „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის და სწორედ „სიტი“ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მისი ლონდონში გადაბარგების შესახებ. გაზეთები წერენ, რომ ისტლენდელებსა და ჩრდილოლონდონელებს შორის ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია. „დეზების“ თავკაცი, ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ „არსენალის“ ყოფილ მოთამაშეს ორშაბათამდე გაუფორმებს ხელშეკრულებას.

საქმე ის გახლავთ, რომ ორშაბათს „ტოტენჰემს“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ელის თამაში პრემიერლიგის მეორე ტურში და ტოგოელის დახმარება მისწრება იქნებოდა, მითუფრო, რომ პირველ ტურში „იუნაიტედს“ მთელი დაცვა დაუშავდა.

როგორც მდიდარი კლუბების ბევრი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაში, ადებაირის კონტრაქტსაც მისი დიდი გასამრჯელო აბრკოლებდა. თავად განსაჯეთ, „სიტი“ ფორვარდს კვირაში 170 ათას ფუნტს უხდიდა და მასაც, რასაკვირველია, ახალ გუნდში ასეთივე ჯამაგირის მიღება სურდა, „სფურზს“კი „კოსმიური“ ხელფასის გადახდა არ შეუძლია - „დეზები“ ტოგოელს ისტლენდური ხელფასის ზუსტად ნახევარს, 85 ათას ფუნტს სთავაზობდნენ. როგორც ჩანს, „სიტის“ იმედი, რომ „ტოტენჰემი“ ადებაიორის ახალი ხელფასის ნახევარზე მეტს მაინც გადაიხდიდა, ამაო აღმოჩნდა, თუმცა ამ თავდამსხმელის თავიდან მოშორება მანჩესტერში ისე უნდათ, რომ ეტყობა ხელფასის დიდი წილის საკუთარ თავზე აღებას დაყაბულდნენ. ყფრო ზუსტ ინფორმაციას მომავალში მოგვაწვდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული