ბრძოლა ფეხბურთელებისთვის

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტი“ შეუვალია და კატეგორიულად აცხადებს, რომ „ასტონ ვილას“ თავკაცს, დიდ ეკად წოდებულ ალექს მაკლიშს არ მისცემს თავისი ორი ფეხბურთელის, ადამ ჯონსონისა და ჯეიმს მილნერის თუნდაც იჯარის წესით წაყვანის უფლებას.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ კლუბს შორის მიმდინარე ზაფხულში ერთი გარიგება უკვე შედგა - „სიტიმ“ „ვილას“ მეკარე შეი გივენი მიჰყიდა და სწორედ მაშინ ჩამოუგდო დიდმა ეკმა კოლეგებს ხსენებულ წყვილზე სიტყვა.

ნახევარმცველი მილნერი 25 წლის არის და ისტლენდელებმა მხოლოდ ერთი წლის წინ იყიდეს 24 მილიონ ფუნტად, ჰაფბეკი ჯონსონი კი მანჩესტერის გუნდს 2010
წლის თებერვალში 6 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ისტლენდელთა მწვრთნელი, იტალიელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ ორივე ხეხბურთელი სჭირდება.

რაც შეეხება 31 წლის უეინ ბრიჯს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ „ჩელსიდან“ 2009 წელს 12 მილიონ ფუნტად გადავიდა, ბოლოს კი „ვესტ ჰემში“ იყო გაქირავებული, მის იჯარით აყვანას ახლა „ნიუკასლ იუნაიტედი“ ეშურება, მაგრამ ისტლენდელებმა „კაჭკაჭებს“ შეუთვალეს, რომ ამისათვის მათ დაახლოებით 2 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდებათ. მოგეხსენებათ, მანჩინის ბრიჯი არ სჭირდება, თუმცა გაყიდვისთვისაც ვერ იმეტებს.

„ნიუკასლის“ თავკაც ალან პერდიუს, ძალიან სჭირდება მარცხენა მცველი და ბრიჯის დამატება მისთვის მისწრებაა, მაგრამ ისიცაა, რომ „კაჭკაჭებს“ ფეხბურთელისთვის კვირაში 90 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული