ადებაიორს შეიყვარებენ, რადგან... ეზიზღებათ

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი ჰარი რედნაპი ამბობს, რომ 27 წლის ტოგოელი თავდამსხმელის, ემანუელ ადებაიორის „უაით ჰართ ლეინზე“ გადასვლა გულშემატკივართა დიდ აღტაცებას გამოიწვევს, რადგან... ის „არსენალის“ ფანებს სძულთ.

განვმარტოთ: „არსენალი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჩრდილოეთ ლონდონის გუნდები არიან და მათ შორის საუკუნოვანი „მტრობაა“ ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ყველაფერი, რაც სძულთ „არსენალის“ ფანებს, „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებს უყვართ და პირიქით - ადებაიორი 2006-2009 წლებში „არსენალში“ გამოდიოდა, საიდანაც კონფლიქტით გაიქცა.

„მეთოფეთაგან“ წასვლის შემდეგ ის „მანჩესტერ სიტის“ წევრია, თუმცა 2010-2011 წლების სეზონი ისტლენდელებს ტოგოელი მადრიდის „რეალში“ ჰყავდათ გაქირავებული.

ბოლო დღეებში
ცნობილი გახდა, რომ „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივი „მანჩესტერ სიტის“ დირექტორატთან ადებაიორის გადაბირების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

რედნაპმა თქვა: „ადებაიორი ჩვენთან გმირი გახდება, რადგან ის „არსენალის“ გულშემატკივრებს ეზიზღებათ. „ემირეით სტედიუმზე“ მასზე ნაწყენები და გაბრაზებულები არიან, რაც ჩვენთან, „უაით ჰართ ლეინზე“ აღაფრთოვანებთ“.

„მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ ადებაიორში თავის დროზე 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა. გეხსომებათ, 2009 წლის სექტემბრის ამბავი, როდესაც ისტლენდზე ახალგადასული ტოგოელი „არსენალის“ წინააღმდეგ ათამაშეს. ეს იყო მისი პირველი დაპირისპირება ყოფილ გუნდთან, რომელიც სკანდალით დასრულდა: მანუმ ჯერ რობინ ვან პერსის მიარტყა, შემდეგ კი, როდესაც გოლი გაიტანა, ნიშნის მოსაგებად მთელი მოედანი გადაირბინა და იმ ტრიბუნასთან გასრიალდა, სადაც „არსენალის“ ფანები ისხდნენ. ამ საქციელისთვის მაშინ ადებაიორს სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. რედნაპი განაგრძობს:

„მაშინ მე ადებაიორი დავიცავი და მან მადლობის სათქმელად დამირეკა. კარგად მახსოვს, ჩემი პოზიცია. მე ვფიქრობდი, რომ მართალია მანუმ ცოტა გადააჭარბა, მაგრამ „არსენალის“ გულშემატკივრები ისეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რომ მისგან საპასუხო რეაქცია, ხოლო გოლის გატანის შემთხვევაში ნიშნის მოგება, მოსალოდნელი იყო.

„რეალში“ ადებაიორმა ფანტასტიკურად ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაში ჩვენ მისი შეჩერება ვერ შევძელით. თუ ის „ტოტენჰემში“ სერიოზული განწყობით გადმოვა და მართლა მოინდომებს, საოცარ შედეგებს მიაღწევს. „მანჩესტერ სიტის“ მის შესახებ ჩვენი თავმჯდომარე ელაპარაკება, ამიტომ მე დეტალების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ადებაიორი ერთი წლით ვიქირაოთ“.

საქმე ის გახლავთ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ ემანუელ ადებაიორის გასამრჯელო კვირაში 170 ათასი ფუნტია და „დეზები“ ისტლენდელებს სწორედ ამ ფულის გადახდაზე ელაპარაკებიან. „სიტის“ ტოგოელი არ სჭირდება, „ტოტენჰემს“ - პირიქით, მაგრამ მისთვის ამხელა ხელფასის გადახდა არ შეუძლია. ამიტომაც არკვევენ კლუბები, ხსენებული 170 ათასიდან რომელი რამდენს გადაიხდის.

რედნაპმა ადებაიორის გარდა ლეკა მოდრიჩზეც ილაპარაკა და პირველად თქვა, რომ 25 წლის ხორვატი შეიძლება გაყიდონ. რედნაპის აზრით, ეს შეიძლება „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უკეთესი გუნდის აშენებაში დაეხმაროს. „დეზების“ თავკაცს ადებაიორის გარდა ლასანა დიარასა და სკოტ პარკერის ყიდვაც უნდა.

ლივიმ „ჩელსის“ 27 მილიონ ფუნტად მოდრიჩის მიყიდვაზე უარი შეუთვალა, თუმცა „სფურზის“ თავკაცს კარგად ესმის რატომ უნდა ხორვატს „სტემფორს ბრიჯზე“ გადაბარგება. კაცმა რომ თქვას, ეს ძნელი მისახვედრი არ არის:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ტოტენჰემელებს ძალიან გვიყვარს ჩვენი კლუბი, მაგრამ, როდესაც ხელფასის გასამმაგებას გთავაზობს კლუბი, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს, უარის თქმა ძალიან ძნელია. მე, რა საკვირველია, მოდრიჩის დატოვებას ვისურვებდი, მაგრამ თუ მისი წასვლა გარდაუვალია, მაშინ რაც მალე გავუშვებთ, მით უკეთესი იქნება, რადგან იმ ფულად, რასაც მის სანაცვლოდ მოგვცემენ, რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება. ერთი სიტყვით, ჩვენ შეგვიძლია ის გავყიდოთ, შემოსული ფულით სამი-ოთხი ფეხბურთელი ვიყიდოთ და გაცილებით ძლიერი „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მივიღოთ. როგორ და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან თავმჯდომარეს მოდრიჩის დაკარგვა არ უნდა“.

ცნობისათვის: „ჩელსის“ უპირველეს ამოცანად მოდრიჩის შეძენა აქვს დასახული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, სათადარიგო ვარიანტად „ლივერპულიდან“ რაულ მეირელეშის წამოყვანასაც განიხილავს. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ „სფურზი“ სატრანსფერო თანხას არ იკმარებს, „ჩელსი“ ფულის გარდა იოსი ბენაიუნსაც შესთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული