კუნი ბოლტონში შურის საძიებლად მიდის

AutoSharing Option
დავიწყოთ „მანჩესტერ სიტით“, რომელმაც ორშაბათს, პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ჩაატარა და შთაბეჭდილებაც მოახდინა - „სუონსის“ 4:0 მოუგო.

შეხვედრის გმირი ისტლენდელთა ახალშეძენილი არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო გახლდათ. მან მოედანზე 30 წუთი დაჰყო, ორი გოლი გაიტანა და ერთიც დავიდ სილვას გაატანინა. მეორე ტურში „სიტი“ „ბოლტონს“ სტუმრობს. ბოლტონის „რიბოკ სთედიუმი“ ის ადგილია, სადაც აგუერო 2008 წლის თებერვალში გახლავთ ნამყოფი. მაშინ არგენტინელი „ატლეტიკოში“ თამაშობდა, ხოლო ინგლისისა და ესპანეთის ხსენებული გუნდები გუნდი უეფას თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. აგუეროს ის დღე მეტ ტეილორთან კონფლიქტით ახსოვს - მოედანზე
სულ რაღაც 12 წუთის შესული იყო, როდესაც ტეილორმა არგენტინელის წინააღმდეგ იუხეშა, მან კი საპასუხოდ შეაფურთხა. ფურთხებისთვის ის მოედნიდან გააგდეს.

„ის ინციდენტი კარგად მახსოვს, - იგონებს აგუერო. - მე ფეხბურთელისთვის არ მიმიფურთხებია, მისი მიმართულებით გადავაფურთხე, მსაჯმა კი მაინც გამაგდო მოედნიდან. როგორ დამხვდება სამი წლის მერე ბოლტონელი ქომაგი? ნამდვილად არ ვიცი. ჩემთვის მთავარია „სიტის“ ქომაგებმა მიმიღონ კარგად“.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ „სიტიმ“ პირველ ტურში 4:0 მოიგო, მაგრამ ბოლტონელებიც დიდ გულზე არიან, რადგან ერთი კვირის წინ მათაც ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს - „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ მოუგეს, თანაც ლონდონში. იმ შეხვედრაში მცველმა გარი კეჰილმა ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, რომ „არსენალს“ ხელახლა მოანდომა აგვისტოს დარჩენილ დღეებში მისი გადაბირება. გოლი შეაგდო თავდამსხმელმა ივან კლასნიჩმაც, რაც მის კარგ ფორმაში ყოფნას ნიშნავს. მეორე მხრივ, ოუენ კოილს მაინც თავდამსხმელების პრობლემა აქვს - ჯონ ელმანდერი თავისუფალი აგენტის სტატუსით „გალათასარაიში“ გადავიდა, დენიელ სტარიჯი კი „ჩელსიმ“ დაიბრუნა.

თუმცა, რად უნდა ლაპარაკი, რომ ამ უქმეების მთავარი შეხვედრა ლონდონის „ემირეიტ სთედიუმზე“ გაიმართება, სადაც „არსენალი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდს მქუხარე სახელი აქვს და ისევე, როგორც ყოველთვის, მიმდინარე ჩემპიონატშიც მაღალი ადგილებისთვების იბრძოლებენ, მაგრამ პირველ ტურში ვერც ერთმა მოიგო და ვერც მეორემ. „მეთოფეებმა“ ნიუკასლში საკმაოდ უსახური ფრე ითამაშეს, სადან ყველაზე დამამახსოვრებელი ჯოი ბარტონის და ჟერვინიოს კონფლიქტი გახლდათ, რომლის შედეგადაც ჩრდილოლონდონელთა დებიუტანტი მოედნიდან გააძევეს. „ლივერპულმა“ „სანდერლენდთან“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმი ისეთი კარგი აღარ გამოუვიდა და 1:1 დაასრულა.

„არსენალს“ „ლივერპულთან“ თამაშის წინ ნახევარდაცვაში აქვს პრობლემები: აბუ დიაბი და ჯეკ უილშირი დაშავებულები არიან, სესკ ფაბრეგასი „ბარსელონაში“ გაიქცა და სამირ ნასრიც გაქცევაზეა. სამაგიეროდ, ფაბრეგასის გაყიდვამ „მეთოფეებს“ ფული მოუტანა და ამბობენ, რომ არსენ ვენგერმა „ლივერპულთან“ თამაშამდე, ამ თანხით, შესაძლოა ვინმეს ყიდვა მოასწროს კიდეც.

„ლივერპულს“ პირიქით, ნახევარდაცვა აქვს მნიშვნელოვნად გაძლიერებული - თავისი ძველი ხალხი ხომ ჰყავდა და ზაფხულში ჯორდან ჰენდერსონი, ჩარლი ადამი და სტიუარტ დაუნინგი დაემატნენ. კიდევ, მოგეხსენებათ, „არსენალი“ დაცვით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, მერსისაიდელებს კი წინ ენდი ქეროლისა და ლუის სუარესის მრისხანე დუეტი ჰყავთ.

„ჩელსი“ მასპინძლობს „ვესტ ბრომვიჩს“, რომელმაც პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგო, მაგრამ ყოჩაღად ითამაშა და პრემიერლიგის კიდევ ერთ მთავარ ფავორიტთან უიმედოდ არ არის. ჟურნალისტები საინტერესო შეხვედრას ელიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ რაც „ვესტ ბრომვიჩი“ როი ჰოჯსონმა ჩაიბარა, გუნდი გარდაისახა, მაჩანჩალა აუტსეიდერის მდგომარეობიდან გამოვიდა და გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ჰოჯსონმა გუნდის დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა და ამიერიდან მისი დაჯაბნა იოლი საქმე აღარავისთვის არის. აქ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ კარს ბენ ფოსტერი იცავს და საქმე არც თავდასხმაშია ცუდად - ახალშეძენილმა შეინ ლონგმა პირველი გოლი არც მეტი არც ნაკლები ინგლისის ჩემპიონს გაუტანა.

საყოველთაო აზრით „ვესტ ბრომვიჩი“, პირველ ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრეს იმსახურებდა. თუ გახსოვთ, მანჩესტერელებმა მხოლოდ სტივენ რიდის ავტოგოლის წყალობით გაიმარჯვეს და შედეგად, ცხრილში „ვესტ ბრომვიჩს“ წაგება კი ჩაეთვალა, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გატეხილა, პირიქით, თავი ყოჩაღ გუნდად იგრძნო.

„ჩელსის“ სერიოზული დანაკლისი აქვს - ხუთშაბათს, ვარჯიშზე პეტრ ჩეხმა მუხლი დაიზიანა და ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს. შესაბამისად, ანდრე ვილაშ-ბოაშს „ლურჯების“ კარში ილარიოს ან როს ტერნბალის დაყენება მოუწევს. ამ შეხვედრაში, დასავლეთლონდონელთა შემადგენლობაში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს ახალნაყიდ ბელგიელ ყმაწვილ რომელუ ლუკაკუს, რომელმაც „სტემფორდ ბრიჯზე“ კონტრაქტს ჩეხის დაშავების დღეს, ხუთშაბათს მოაწერა ხელი.

ამ შეხვედრაში ვილაშ-ბოაში სავარაუდოდ 4-3-3 განლაგებას გამოიყენებს და თავდასხმაში მთავარ პოზიციას ფერნანდო ტორესს ანდობს. თუ ესპანელს ამ შეხვედრაში გაუმართლებს და გოლს გაიტანს ეს იქნება მისი მეორე გოლი „ლურჯი“ მაისურით, ოფიციალურ შეხვედრაში, მას მერე, რაც „ლივერპულიდან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გადავიდა.

„ევერტონი“, როგორც იქნა, ახალ სეზონს იწყებს. ლივერპულელები „გუდისონ პარკზე“ პრემიერლიგის ახალ გუნდ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ მასპინძლობენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში, ლონდონური არეულობების გამო, „ევერტონს“ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ სტუმრობა გადაუდეს, რამაც მერსისაიდელი გულშემატკივარი შესაძლოა გაანაწყენა, მაგრამ მწვრთნელ დევიდ მოიესს თავისი გუნდის ვარჯიშებზე უკეთ დახვეწის და „ქუინზ პარკის“ თამაშზე დასწრების საშუალება მისცა.

რაც შეეხება ნილ უორნოკის გუნდს, მან პირველ ტურში, შინ „ბოლტონთან“ 0:4 წაგების გამო განა მარტო მორალური დარტყმა მიიღო, არამედ ორი ფეხბურთელი დაკარგა კიდეც: კიერონ დაიერმა კოჭი იტკინა, ხოლო მცველი მეტ ჰილი მარტინ პეტროვის „რქენისთვის“ დასაჯეს და მოედნიდან გააგდეს.

„სანდერლენდი“ „ნიუკასლს“ მასპინძლობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე გუნდმა პირველ ტურში სასურველ შედეგს მიაღწია, წინ საინტერესო შეხვედრა გველის. ალან პერდიუს „ნიუკასლმა“, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „არსენალთან“ ფრედ ითამაშა „შავმა კატებმა“ კი „ენფილდ როუდზე“ გაშვებული გოლი გაქვითეს.

„ასტონ ვილასა“ და „ბლექბერნის“ შეხვედრაზე იმას ვიტყვით, რომ რივერსაიდელებმა პირველ შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან“, შინ 2:1 წააგეს და სავარაუდოდ, მდგომარეობის გამოსწორება უნდათ, მაგრამ რთული თამაში ელით - ჩახვიდე ბირმინგემში და „ვილა“ დაამარცხო იოლი საქმე არ არის. „ვილამ“ კი პირველ ტურში „ფულჰემთან“ ითამაშა 0:0 და ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმას აპირებს, უკვე მოგება უნდა.

„ბლექბერნის“ თავკაც სტივ კინს „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ ერთგვარად ექსპერიმენტული შემადგენლობის გაყვანა მოუხდა: დაცვაში სტივენ ნ’ძონძი და 19 წლის გრანტ ჰეინლი ათამაშა, რადგან კრისტოფერ სამბა და რაიან ნილსენი დაშავებულები ჰყავდა. ამბობენ, რომ „ბლექბერნთან“ შესაძლოა ორივე დაუბრუნდეს მოედანს და თუ ასე მოხდება, ეს გუნდისთვის დიდი შენაძენი იქნება.

„სუონსი“ „უიგანს“ მასპინძლობს და ეს იქნება ინგლისური პრემიერლიგის პირველი შეხვედრა, რომელიც უელსის მიწაზე გაიმართება. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა ფრიად ემოციური იქნება უიგანელთა თავკაც რობერტო მარტინესისთვის, რომელიც ადრე „სუონსიში“ მუშაობდა.

„პირადა ჩემთვის დიდებული პერიოდია. „უიგანი“ პრემიერლიგაში დარჩა, ხოლო „სუონსი“ აღზევდა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვისაც ოდესმე „სუონსისთან“ კავშირი ჰქონია, უნდა ამაყობდეს, რომ ამ უელსურმა გუნდმა ასეთ წარმატებას მიაღწია“.

თუკი სუონსიში პრემიერლიგის დებიუტია, ნორვიჩის „ქეროუ როუდზე“ ის 2005 წლის 7 მაისის შემდეგ პირველად ბრუნდება - „ნორვიჩ სიტი“ „სტოკ სიტის“ მასპინძლობს. საოცარია: სულ რაღაც ორი სეზონის წინ ნორვიჩელები პირველ ლიგაში თამაშობდნენ, მაგრამ 42 წლის შოტლანდიელი მწვრთნელის პოლ ლამბერტის (შესაძლოა ის 1996-97 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ შესანიშნავი გუნდში გამოსვლით გახსოვდეთ) ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერლიგაში აღზევდა. ვნახოთ, რას იზამენ „იადონები“ უმაღლეს საფეხურზე.

„ვულვზზე“ ზემოთ მოგახსენეთ, რომ პირველ შეხვედრაში ბლექბერნში გაიმარჯვა. ახლა მიკ მაკარტის გუნდი „ფულჰემს“ მასპინძლობს და თუ გაიმარჯვებს ორი თამაშოდან 6 ქულა ექნება.

მეორე ტურის ბოლო შეხვედრა კი ორშაბათს გაიმართება: „ტოტენჰემ ჰოთსპური“ „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩააკითხავს. ამ შეხვედრის წინ „სფურზი“ ჩინებულ გუნებაზეა - ევროლიგის შეხვედრაში „ჰართსს“ სტუმრად 5:0 მოუგო.

„ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი, თუმცა კარგად მესმის, რომ ორშაბათს, „ოლდ ტრეფორდზე“ სულ სხვანაირი ტამაში გველის“ - თქვა „დეზების“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა.


ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური.
დღეს
სანდერლენდი-ნიუკასლი 15:00
ტრავმა: მეილერი, ო‘ში, ფ. კემპბელი, გორდონი - ბენ არფა

არსენალი-ლივერპული 15:45
ტრავმა: ჯურუ, ისტმონდი, უილშირი, დიაბი, გიბზი - ჯერარდი, შკრტელი, ჯონსონი
დისკვალიფიკაცია: ჟერვინიო (არსენალი)

ლივერპული-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: კელი, ჯერარდი, ჯონსონი, აგერი - რიჩარდსონი, კემპბელი, ბრემბლი, ნობლი

ასტონ ვილა-ბლექბერნი 18:00
ტრავმა: კუელიარი - ნილსენი, სამბა
დისკვალიფიკაცია: დივაინი - გულონი

ევერტონი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: არტეტა, ს. კოულმენი, საა, ფელაინი - მეკი, ჰასლი
დისკვალიფიკაცია: კოულმენი - ჰილი

სუონსი-უიგანი 18:00

ტრავმა: პოლიტი, მაკარტი (ორივე უიგანი)
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 20:30
ტრავმა: ჩეხი, ლუიზი, ესიენი - ოდემვინგე
დისკვალიფიკაცია: ჰანტი (ჩელსი)

ხვალ:
ნორვიჩი-სტოკი 16:30
ტრავმა: ვუგანი, უორდი - ჰიგინბოთემი, სიდიბე, ეზერინგტონი, ფულერი

ვულვერჰემპტონი-ფულჰემი 17:00
ტრავმა: მოუიოკოლო, გუედიოურა, ედუარდსი - კამარა, ს. დევისი
დისკვალიფიკაცია: დოჰერტი - გერა

ბოლტონი-მანჩესტერ სიტი 18:00
ტრავმა: მირსი, ჩუნგ-იონგი, ჰოლდენი, რიკეტსი, შ. დევისი (ყველა ბოლტონი)

ზეგ
მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი 23:00
ტრავმა: რაფაელი, ევრა, ფლეტჩერი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ერნანდესი - ჯენასი, პიენაარი, გალასი
დისკვალიფიკაცია ბლეკეტი, მორისონი (ორივე იუნაიტედი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული