სისხლითა და ხორცით „მეთოფემ“ საშინელი გულისტკივილით განაცხადა, რომ მას შეურაცხყოფას აყენებს ფოტო, სადაც ნერვიულობისგან ძვლად და ტყავად ქცეულ ვენგერს თავი ხელებში ჩაურგავს. ამ სულისშემძვრელ სურათს შაბათს, შინ, „ლივერპულთან“ 2:0 წაგების დროს გადაღებული ახალი იმიჯები დაემატა. მათზე კარგად ჩანს ის სასოწარკვეთილება, რომელიც რაიტის მტკიცებით „არსენალს“ დაუფლებია.
ვეტერანი ვარსკვლავი წერს, რომ ადამიანს,
„ეს ფოტოები მთელმა მსოფლიომ ნახა. თუ ვინმეს არ უნახავს, ნახავს. ის ყველა გულშემატკივრამდე და კლუბის თავმჯდომარემდე მივა. ნებისმიერ ფეხბურთელს, ვის ყიდვასაც „არსენალი“ მოისურვებს, საშინელ ფასს დაადებენ, რადგან ყველა ხედავს, რომ ეს უკვე განწირული მოქმედებაა. გაგიკვირდათ, „ვალენსიას“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „არსენალში“ გადასვლას „ჩელსიში“ გადასვლა რომ ამჯობინა? ეს ბიჭი თავსატეხის წინაშე ნამდვილად არ იდგა. მისთვის ყველაფერი ნათელი იყო.
მოდი, გულწრფელად ვთქვათ: დღეს ყველა მაღალი დონის ფეხბურთელი კარგად დაფიქრდება, სანამ „არსენალში“ გადასვლაზე თანხმობას განაცხადებს. ყველა, ვისაც სხვაგან გადასვლის ვარიანტი გამოუჩნდება, ამ ვარიანტით ისარგებლებს. დიახ, სამწუხაროდ ასეა და მართალია, „არსენალი“ ძალიან მიყვარს, ამ ხალხს ვერ გავამტყუნებ.
თავის დროზე, როდესაც „არსენალში“ თამაშის საშუალება გამომიჩნდა, სიხარულით დავთანხმდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ კონტრაქტში არც კი ჩამიხედავს და არ შემიმოწმებია ხელფასის გრაფაში რა ეწერა. ეს რასაკვირველია, იმ ფეხბურთელების ეშხით იყო გამოწვეული, რომლებიც იქ უნდა დამხვედროდენ. ფეხბურთელებს „არსენალის“ მაისურის ჩაცმა ეამაყებოდათ.
დღეს სხვა სურათია. რასაკვირველია, ვიცი, რომ სეზონი ახლა იწყება, მაგრამ ჩემი აზრით დღეს „არსენალი“ გახლავთ კლუბი, რომელიც სიმაღლიდან გადმოვარდა და თავისუფალ ფრენაშია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პარაშუტისტმა თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პარაშუტი არ იხსნება. ვფიქრობ, „არსენალის“ მთელი ფილოსოფია და სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ვენგერი მუდამ ახალგაზრდებს ეყრდნობოდა, მათ ზრდიდა და იმედი ჰქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს შედეგს მოიტანდა, მაგრამ ყველაფერი თავზე ჩამოექცა.
ურთულესი მდგომარეობაა. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ამ სეზონში „არსენალი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდეს. უკვე რამდენი წელიწადია „მეთოფეები“ ლიგის გარეშე არ დარჩენილან, წლეულს კი პლეი-ოფის რაუნდიდან მოუწიათ ბრძოლა. არ დაგიმალავთ, როდესაც შევიტყვე, რომ კენჭისყრამ „არსენალს“ „უდინეზე“ შეახვედრა, ვიფიქრე, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე ურთულესი გზა იქნებოდა გასავლელი. იტალიელები ჯგუფში მოსახვედრად ყველა ღონეს რომ იხმარენ, რად უნდა ლაპარაკი. მართალია, „მეთოფეებმა“ პირველ შეხვედრაში 1:0 მოიგეს, მაგრამ უდინელებმა „ემირეიტ სთედიუმზე“ დაამტკიცეს, რომ სახიფათი გუნდი ჰყავთ, რომლისაგან დიდ სირთულეებს უნდა ველოდოთ. რასაკვირველია, იტალიური გუნდი საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო სახიფათო იქნება, მითუფრო, რომ „არსენალში“ მრავლად არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც დიდი ზეწოლის გაძლების და საერთაშორისო დონეზე გამარჯვების გამოცდილება არ აქვთ. ამას დაამეთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ვენგერს კიდევ ერთი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ის ფეხბურთელებთან ერთად ვერ იქნება.
ვფიქრობ, ვენგერს, „უდინეზესთან“, „არსენალში“ მუშაობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. არაფერს ვაჭარბებ. პირადად მე ამ შეხვედრის ძალიან მეშინია. კლუბი გზის გასაყართან დგას, მაგრამ ეს დღე რომ დადგებოდა, წლების წინ გახლდათ ცნობილი და ამის შესახებ ხშირად იწერებოდა კიდეც. პირადად მე ბევრჯერ მოვუწოდე როგორც პირადად ვენგერს, ასევე კლუბის დირექტორატს, რომ ახალგაზრდების მხარდამხარ აუცილებლად უნდა თამაშობდნენ გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთა ყიდვაც აუცილებელი იყო. „არსენალისთვის“ მისწრება იქნებდა დავიდ ვილიას თუ დავიდ სილვას, ვესლი სნეიდერის თუ ედინ ჯეკოს, ფილ ჯონსის თუ კრის სმოლინგის ყიდვა. ყველა ეს ფეხბურთელი სულ ცოტა ხნის წინ სატრანსფერო ბაზარზე იყო და ისეთ დიდ კლუბს, როგორიც „არსენალია“ მათ გადასაბირებლად ხელის გამოღება მართებდა, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია. სწორედ ამიტომ მოვიდა საქმე დღევანდლამდე, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას და შესაძლოა პრემიერლიგის სეზონი სადღაც ცხრილის შუაში ჩაამთავროს“.
იან რაიტი ბრძანებს, რომ „არსენალის“ შესახებ არასდროს წამოსცდენია შეურაცხმყოფელი რამ. თუ რამეს ვამბობ მხოლოდ სიმართლესო, ამბობს ყოფილი ვარსკვლავი და დასძენს, რომ დღეს სიმართლე ასეთია: კლუბმა ფეხბურთელებსაც უღალატა და ფანებსაც. რაიტი წერს, რომ როდესაც ფეხბურთელები „მეთოფეებთან“ კონტრაქტს აფორმებდნენ, უმაღლეს დონეზე გამოსვლისა და უდიდესი ჯილდოების იმედით იყვნენ აღვსილები. მათ, აგრეთვე ეგონათ, რომ კლუბი დიდ ვარსკვლავებს იყიდიდა და ამ ვარსკვლავების მხარდამხარ მოუწევდათ თამაში, მაგრამ მოტყუვდნენ. რაიტი ამბობს, რომ სწორედ კლუბის პოლიტიკის გამო წავიდნენ ემანუელ ადებაიორი, კოლო ტურე, გაელ კლიში, სესკ ფაბრეგასი და... სამირ ნასრიც სადაცაა გზას გაუდგება.
შემდეგი ვინ არის, რობინ ვან პერსი?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"