ყმაწვილი თავდამსხმელი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ანდერლეხტიდან“ აგვისტოს დასაწყისში გადავიდა და, როგორც თავად ამბობს, დროგბას დანახვაზე ლამის იტირა. დღეს ის კოტ დ’ივუარელ ვეტერანს ეხვეწება „ჩელსიდან“ არსად წავიდეს.
„დიდიე დროგბას ორი მაისურა მქონდა, ერთი დასაძინებლად და მეორე ქუჩაში მეგობრებთან სათამაშოდ
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველად სკოლის მოსწავლეობის დროს, მეგობრებთან ერთად, სამდღიანი ექსკურსიის დროს მივიდა.
„ჩემმა მეგობრებმა გასახდელების დათვალიერება დაიწყეს, მე კი მოედანზე დავდექი და წარმოვიდგინე, რომ დროგბასთან ერთად ვთამაშობდი. შემდეგ, ჩემს მასწავლებელს ვუთხარი, ნახავთ, ერთ დღეს აქ ვითამაშებ, მეთქი. და აი, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ოცნება ავიხდინე. სხვათა შორის, „ჩელსისთან“ კონტრაქტს ხელი რომ მოვაწერე იმ მასწავლებელს დავურეკე და რაც მოხდა ვახარე“.
ლუკაკუ დროგბას ისეთი ფანი გახდა, რომ ვეტერნ თავდამსხმელს შესაძლოა მის დანახვაზე დამალვამაც მოუწიოს.
„როდესაც დიდიე პირველად ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ მელაპარაკებოდა. გასახდელში სულ გვერდით ვუზივარ და რაღაცებს ვეკითხები. ის ყოველთვის რჩევას მაძლევს. ვარჯიშებზე ყურადღების დაძაბვისკენ მომიწოდებს. ხანდახან, „გოლს“ მანამდე ვყვირივარ, სანამ ბურთს შევეხები, ის კი მეუბნება, რომ ასე არ ვარგა და მეტი კონცენტრაციაა საჭირო. ჩვენ ერთნაირი სტილის ფეხბურთელები ვართ. მეც სწრაფი ვარ და მცველთან ერთი ერთზე გამკლავება შემიძლია. თმაც ერთაირად გვაქვს, ორივეს საყვარელი ნომერი თერთმეტია. დარწმუნებული ვარ ერთად თამაშს შევძლებთ, რადგან ეს ერთობლივი ვარჯიშების დროს კარგად ჩანს.
დღეს არ ვუშვებ, ყოველთვის ვეუბნები, რომ ის „ჩელსიში“ ჩემი გულისთვის უნდა დარჩეს. მასთან ერთად ორ წელიწადს რომ ვითამაშო, გარწმუნებთ, ის ძალიან ძლიერად მომამზადებს. უკვე დიდი გამარჯვებებისთვის ვიქნები მზად. დიდიე მაიმედებს, მეუბნება, რომ წასვლას არ აპირებს“.
თუმცა, ოცნებები ოცნებებად და ლუკაკუმ კარგად იცის, რომ პრემიერლიგაში იოლი ცხოვრება არ ელის: „პრემიერლიგაში ისე არ გამიადვილდება როგორც ბელგიაში. მე აქ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებისგან უნდა ვისწავლო და მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ როდესაც მას დავჭირდები, მზად ვიქნები. თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ გართობის დრო დასრულდა, ამიერიდან სერიოზული უნდა გავხდე. „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრას რომ ვუყურებდი, ყველაფერს ისე განვიცდიდი, რომ ბოლოს კაპიუშონის წამოხურვა დამჭირდა, ვინმეს ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნია. „ანდერლეხტი“, რასაკვირველია, დიდი კლუბია, მაგრამ მე ყოველთვის უმაღლესი დონის ვარსკვლავების მხარდამხარ თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"