მატა "ჩელსიშია", ტორესს ეშველა?

AutoSharing Option
ხუან მატა გარანტიას იძლევა, რომ მისი თანამემამულე, ფერნანდო ტორესი კვლავ გაიტანს გოლებს. 23 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა „ჩელსისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დასავლეთლონდონელებმა მასში „ვალენსიას“ 26 მილიონი ფუნტი ანუ თითქმის 30 მილიონი ევრო გადაუხადეს.

საინტერესოა, რომ მატას იმედი თავად ტორესსაც აქვს. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ საინტერესო ესპანური წყვილი შეიკვრება. შეგახსენებთ, რომ მატამ ბრიტანულ პრესაში განაცხადა, „ჩელსიში“ გადასვლის გამო „არსენალისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინადადებებზე უარი ვთქვიო.

მატამ თქვა: „აქ გადმოსვლის იდეა ფერნანდომ ჩამაწვეთა და მეც აღვფრთოვანდი. მან მითხრა, რომ „ჩელსიში“ თამაში
ჩემი კარიერისთვის იქნებოდა ძალიან კარგი და დასძინა, რომ ჩვენ შესანიშნავი პარტნიორობა შეგვიძლია“.

ინგლისური მას-მედიაც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მატას „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა ფერნანდო ტორესს ძალიან წაადგება. შეგახსენებთ, რომ „ელ ნინიოდ“ წოდებული ტორესი „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ იანვარში გადავიდა. მისი ყიდვა „ლურჯებს“ 50 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, მაგრამ ოდესღაც მრისხანე თავდამსხმელს კარიერაში ცუდი პერიოდი უდგას. გასულ სეზონში, უფრო ზუსტად კი იანვრიდან მაისამდე, ტორესმა „ჩელსის“ შემადგენლობაში მისი რანგის თავდამსხმელისთვის უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

მატამ განაგრძო: „მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა, რომ სურს „ჩელსი“ უფრო შემტევ ფეხბურთზე გადაიყვანოს და მე ამ პროექტის ნაწილად განმიხილავს. ვილაშ-ბოაში ის ადამიანია, რომელმაც გასულ სეზონში „პორტუს“ ლამის ყველაფერი მოაგებინა და მეც, როგორც ის, „ჩელსიში“ ტიტულების მოსაპოვებლად გახლავართ ჩამოსული. ჩემი „ჩელსიში“ თამაშის იდეა ასეთია: უნდა ვიმოქმედო ნახევარდაცვის ორივე ფრთაზე, თუ საჭირო იქნება ცენტრშიც და რგოლებს შორისაც. ასეთ დროს არც გამოკვეთილი ნახევარმცველი ვიქნები და არც გამოკვეთილი ფორვარდი. ძალიან მიყვარს, როდესაც ბურთი ფეხში მაქვს და თავად ვთამაშობ. ბუნებით შემტევი ფეხბურთელი გახლავართ. მეხერხება საგოლე პასების ჩაწოდება, თუმცა თავადაც გამაქვს გოლები.

მინდა ახალ ლიგას, თანაგუნდელებს და გარემოს რაც შეიძლება მალე შევეგუო. ვოცნებობ პირველსავე სეზონში რაიმე ჯილდოს მოპოვებაზე. თუ ეს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული იქნება, ამას რა აჯობებს.

ლონდონში ფეხი დავადგი თუ არა ვიგრძენი, რომ კეთილგანწყობილ გარემოში მოვხვდი. ძალიან მომეწონა ვარჯიშიცა და ფეხბურთელების ამ ვარჯიშისადმი დამოკიდებულებაც. „ვალენსია“ დიდი კლუბია, მაგრამ მე უფრო დიდი კლუბში გადმოვედი და მინდა ჯილდოების მოგების შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვა“.

მატამ აღიარა, რომ „მესტალიასთან“ განშორება გაუჭირდა, მაგრამ მის კარიერაში უკვე სხვაგან გადასვლის დრო დამდგარიყო. ბოლოს და ბოლოს მისი მეშვეობით „ვალენსიამ“ გვარიანი ფული იშოვნა — „ღამურებმა“ 2007 წელს მატა „რეალისგან“ ფაქტობრივად კაპიკებად გადაიბირეს და, ოთხი წლის შემდეგ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 30 მილიონ ევროდ გაყიდეს. შესაბამისად, მატა ესპანურ გუნდთან პირნათელია.

„ჩემს ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი იწყება. ახლა პიროვნულად და პროფესიულად განვითარების ახალი ეტაპი მეწყება. ერთი სიტყვით, ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება მივიღე. როდესაც „ჩელსისგან“ წინადადება მივიღე, „ვალენსიას“ პრეზიდენტ მანუელ ლორენტეს შევხვდი და ვკითხე, ჩემი გაყიდვა კლუბისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნებოდა. მე „მესტალიაზე“ ფაქტობრივად, ცენტის დაუხარჯავად გადამიყვანეს, გაყიდვით კი მილიონებად გამყიდეს. მინდა დიდი მადლობა შევუთვალო კლუბს, რომელმაც 19 წლისა ამიყვანა და მათამაშა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული