რიოს და ნემანიას სკამი ემუქრება

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ვეტერან მცველებს, დიდ ვარსკვლავებად აღიარებულ რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩს გამოუცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად გვარიანი ბრძოლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ როგორც 32 წლის ფერდინანდი, ასევე 29 წლის ვიდიჩი ამჟამად დაშავებულები არიან, თუმცა ფერდინანდი კვირისთვის უკვე ჯანმრთელად იქნებაო, ამბობენ ინგლისის ჩემპიონთა ექიმები. კვირას „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არსენალს“ მასპინძლობს. რაც შეეხება ვიდიჩს, მას გამოჯანმრთელებამდე სამი კვირა აკლია.

ორი გამოცდილი ვარსკვლავის არყოფნაში „იუნაიტედის“ დაცვაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, 19 წლის ფილ ჯონსმა, 23 წლის ჯონი ევანსმა და 21 წლის
კრის სმოლინგმა იყოჩაღეს. მათ, პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდად მიჩნეულ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში გამოიჩინეს თავი - მანჩესტერელებმა ჩრდილოლონდონელებს 3:0 მოუგეს.

გუშინაც მოგახსენებდით, რომ იმ დღეს ფერგიუსონმა მოედანზე გაიყვანა შემადგენლობა, რომელიც, ინგლისელი სტატისტიკოსების ცნობით, ამ დიდი მწვრთნელის მიერ „ოლდ ტრეფორდზე“ გადატებულ 23 წელიწადსა და 191 დღეში ახალგაზრდობის მიხედვით მეორე იყო. ამ დღის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფერდინანდსა და ვიდიჩს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის გვარიანი ოფლის დენა მოწევთ.

ფერგიუსონმა თქვა: „რიომ და ნემანიამ კარგად იციან ამ ყმაწვილების მონაცემებისა და ნიჭის ამბავი. მათი უნარები ეჭვს არ იწვევს. როდესაც ისინი ან ერთ-ერთი მათგანი გამოჯანმრთელდება, მე დაფიქრება მომიხდება, დავაბრუნო ასე პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში თუ კვლავ რომელიმე ახალგაზრდა ვათამაშო“.

მანჩესტერელმა ყმაწვილებმა, რასაკვირველია, ინგლისის ნაკრები გუნდების მწვრთნელთა ბლოკნოტებშიც განსაკუთრებულ გვერდებზე გადაინაცვეს. ასე მაგალითად, კრის სმოლინგს დიდი ნაკრების თავკაცი, ფაბიო კაპელო ოქტომბერში დანიშნულ შესარჩევ შეხვედრებში უპირებს გამოძახებას, ჯონსი კი სტიუარტ პირსის 21 წლამდელთა გუნდის წევრია.

სმოლინგმა თქვა: „მე ინგლისის ნაკრებში გამოძახებას პრემიად აღვიქვამ, ჯერჯერობით კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დამკვიდრებას ვცდილობ. თუ „იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი გავხდები, ნაკრების კარი ჩემთვის უფრო იოლად გაიხსნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული