ინგლისური გაზეთები ხუმრობენ, როგორც კი ფრანგი ნახევარმცველი მანქანაში ჩაჯდა და ლონდონიდან მანჩესტერისკენ მიმავალ ტრასაზე გავიდა, იმ წუთას თავისი ყოფილი გუნდის კრიტიკას შეუდგაო - ეტყობა ყელში ჰქონდა მოწოლილი და „ეტიჰედ სთედიუმამდეც“ ვერ მოითმინა.
ნასრიმ თქვა: „კონტრაქტის გახანგრძლივებაზე „არსენალს“ თავად დავუწყე ლაპარაკი.
რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტიში“ გაცილებით დიდი ხელფასი დამინიშნეს და იმის თქმა, რომ აქ უკეთესი ცხოვრება მექნება, სამართლიანია, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ გახლავთ: 24 წლისამ ვიგრძენი, რომ დროა კარიერაში ახალი ნაბიჯი გადავდგა. სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემს ამბიციებს შეესაბამება და ტიტულების მოპოვებაში დამეხმარება. ვფიქრობ, „სიტის“ შემადგენლობაში ჯილდოების მოგების გაცილებით უკეთესი შანსი მაქვს, ვიდრე „არსენალში“ დარჩენის შემთხვევაში მექნებოდა“.
სხვათა შორის, ნასრიმ ისიც აღიარა, რომ „ემირეით სთედიუმზე“ საკუთარ თავს ძალას აღარ ატანდა და ადრინდელი მონდომებით აღარ ვარჯიშობდა, რადგან კონკურენციას ვერ გრძნობდა.
„ჩემს ახალ გუდს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის თითოეული პოზიციისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. „სიტიში“ იძულებული ვიქნები ჩემი დონე დავხვეწო და ადგილი დავიმკვიდრო. აქ, კომფორტულ ადგილას ვერ მოვკალათდები. ამას „არსენალში“ ვაკეთებდი, რადგან საშუალება მქონდა. ამიტომ, „სიტიში“ გადასვლა ჩემთვის, რასაკვირველია, რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ადამიანმა ცხოვრებაში ხანდახან უნდა გარისკო კიდეც. კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია. სანამ მანჩესტერელებს მათთან გადასვლაზე თანხმობას ვეტყოდი, ყველაფერი ავწონ-დავწონე“.
გეხსომებათ, ამ ზაფხულში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნასრის „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ შეეძლო გადასვლა. ნასრი ამბობს, რომ ეს მართლაც დიდი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ... სერ ალექს ფერგიუსონს მის თაობაზე არავისთვის მიუმართავს.
„ინგლისიდან არსად წამსვლელი რომ არ ვიყავი იმთავითვე ცხადი იყო. საკითხი ასე იდგა: „იუნაიტედი“ თუ „სიტი“. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უპირატესობას „სიტის“ ვანიჭებდი, რადგან მირჩევნია კლუბის ისტორიის შექმნაში მივიღო მონაწილეობა, ვიდრე უკვე არსებულ სისტემაში მრავალთა შორის ერთ-ერთი გავხდე. მე პატრიკ ვიეირას ველაპარაკე. მან მითხრა, რომ „მანჩესტერ სიტი“ მომავლის კლუბია. მოკლედ, ჩემი ტრანსფერი ნამდვილი საგა გამოვიდა და ბედნიერი ვარ საბოლოოდ ყველაფერი კარგად რომ დასრულდა“.
დაბოლოს, ნასრიმ „არსენალის“ მწვრთნელის, არსენ ვენგერისადმი გამოხატა დიდი სიყვარული და პატივისცემა. ფეხბურთელმა თქვა: „არსენის წინაშე დიდ ვალში ვარ. ნაკრების დონის ფეხბურთელი რომ გავხდი, მისი დამსახურებაა. დღეს თუ რამე შემიძლია, მისი წყალობითაა და ამისათვის მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. მან იცის რასაც აკეთებს. ვენგერი საოცარი ადამიანია და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"