ქარიშხალი სახელად "იუნაიტედი"

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი ამბობს, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ 8:2 განადგურების მიუხედავად თანამდებობიდან არ გადადგება. „მეთოფეებს“ რვიდან სამი უეინ რუნიმ გაუტანა. ჩრდილოლონდონელებს ასეთი უხვგოლიანი მარცხი 1896 წლის შემდეგ არ უწვნევიათ.

„არსენალის“ დირექტორებმაც კი არ დაუცადეს თამაშის დასრულებას, მათ ტრიბუნა ადრე დატოვეს. მატჩის შემდეგ ვენგერს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ასეთი კატასტროფის შემდეგ თანამდებობის დატოვებას. მან უპასუხა:

„არა. რასაკვირველია, ასე წაგება გულსატკენი და შეურაცხმყოფელია, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩავატარეთ და იმაში გასარკვევად ეს ყველაფერი ჩემი ფატალური შეცდომების ბრალია თუ არა, დრო უნდა
მომცეთ. ჩვენ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ: ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარგად ვეძებთ, მაგრამ როდესაც საქმე ხელფასებზე მიდგება, სხვა კლუბებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. ვიცი, ვიცი, ინგლისში ვართ, სადაც როდესაც აგებ, მუდმივად არსებობს ერთი დიდებული გამოსავალი - ფეხბურთელების ყიდვა“.

„ოლდ ტრეფორდზე“ კი ისეთი კოშმარი მოხდა, რომ თვით „იუნაიტედის“ თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი დარჩა კმაყოფილი, მისმა ბიჭებმა მეტი რომ არ გაიტანეს.

„როდესაც ასეთ დაშლილ მოწინააღმდეგეს ხვდები, მეტი გოლის გატანა სიამოვნებასაც კი არ განიჭებს. ვუყურებდი დღევანდელ „არსენალს“ და ვხედავდი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან დასუსტებული გუნდი თამაშობდა, მაგრამ რა გინდა ქნა. შეჯიბრება შეჯიბრებაა და ძლიერსაც უნდა მოუგო და სუსტსაც.

არსენ ვენგერს ყოველთვის პატივს ვცემდი და ახლაც ასე ვარ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ "არსენალის" ფილოსოფია ამ კაცის შექმნილია. მის ხელში გაიზარდა ამ გუნდის ისტორიაში ბევრი საუკეთესო ფეხბურთელი. დღეს ყველას ავიწყდება ისიც, თუ რამდენი ფული აშოვნინა პირადად ვენგერმა კლუბს. განა მისი აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვით არ ითბობდნენ ლონდონელები ხელს?“

„მეთოფეთა“ ვეტერანმა ფეხბურთელმა პოლ მერსონმა კი ვეღარ მოითმინა და ვენგერს შეუტია: „რაც მწვრთნელია, არსენს ასეთი საშინელი დღე არასდროს ჰქონია. ამაზე უკეთესად მეორე ლიგის გუნდიც კი ითამაშებდა. როდესაც თავდაპირველმა გეგმამ ვერ გაამართლა, „არსენალი“ სათადარიგო ვარიანტზე უნდა გადასულიყო, ასეთი კი უბრალოდ არ ჰქონდათ.

როგორ ფიქრობთ, აი, ამ „არსენალის“ რომელ ფეხბურთელს აიყვანდნენ „მანჩესტერ იუნაიტედში“? ალბათ მხოლოდ ვან პერსის. დღეს ამ თავდამსხმელს ზურგსუკან სულ ახლებური სტრუქტურა სჭირდება. „არსენალს“ ხერხემალი მთლიანად შესაცვლელი აქვს“.

გასაოცარი ის არის, რომ ვენგერის დასაცავად ინგლისში ხმა ესპანეთიდან „ბარსელონას“ მწვრთნელმა ბპეპ გვარდიოლამაც კი ჩააწვდინა: „მოდი ამ ერთ თამაშზე ზედმეტ ყურადღებას ნუ გავამახვილებთ და არ დავივიწყოთ, რა გააკეთა ვენგერმა მსოფლიო ფეხბურთის განვითარებისთვის. „არსენალი“ მაინც დიდ გუნდად რჩება“.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ამ შეხვედრაში რვიდან სამი გოლი „არსენალს“ უეინ რუნიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ მთავარმა ვარსკვლავმა თქვა:

„დღეს ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და დიდი სხვაობით გამარჯვებასაც ვიმსახურებდით. ასე მოხდა თუ ისე, „არსენალს“ ჩვენს წინააღმდეგ თავისი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა გაყვანილი და მასთან შესუსტებული ძალით თამაშს ვერ დავიწყებდით. ჩვენ შეხვედრის მსვლელობისას ვალდებულნი ვიყავით მაქსიმალურად მოგვენდომებინა. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მოწინააღმდეგეს რამდენიმე ფეხბურთელი თუ წაუვიდა“.

მოგეხსენებათ, რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით უკვე 152 გოლი გაიტანა.

„საიუბილეო გოლები სულ „არსენალის“ კარში გამაქვს. ჯერ კიდევ „ევერტონში“ რომ ვთამაშობდი ჩემი პირველი გოლი სწორედ „მეთოფეებს“ გავუტანე. „არსენალს“ შევუგდე პირველი გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურითაც“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული