ედინი ერთია, გოლი - ოთხი

AutoSharing Option
ის, რაც „მანჩესტერ სიტის“ ბოსნიელმა თავდამსხმელმა, 25 წლის ედინ ჯეკომ ლონდონის „უაით ჰართ ლეინზე“ „სფურზს“ გაუკეთა, ბევრმა მიმომხილველმა აღიქვა, როგორც გაფრთხილება, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: ჯერ სად ხართ!

ჯეკო ის თავდამსხმელია, რომელშიც ისტლენდელებმა გერმანულ „ვოლფსბურგს“ იანვარში 27 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. მოგეხსენებათ, ბისნიელმა ახალ გარემოს თავიდან ალღო ვერ აუღო, მაგრამ აი, დაიწყო ახალი სეზონი, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრულყოფილი სეზონისწინა შეკრება გაიარა და შედეგიც მთელი მსოფლიოს წინაშეა: „სიტის“ ფორვარდს უკვე 6 გოლი აქვს გატანილი. მან გოლი პრემიერლიგის ჩემპიონატის სამივე ტურში გაიტანა.

ჯეკო ამბობს: „ბოლოს ერთ თამაშში ოთხი გოლი გერმანიის თასზე, მესამე ლიგის გუნდს გავუტანე. პრემიერლიგაში ასეთი რაღაცის გაკეთება ფანტასტიკური შედეგია.

საკუთარი ძალების რწმენა არასდროს მაკლდა. რასაკვირველია, იანვარში, გერმანიიდან რომ ჩამოვედი, კარგად მომზადებული ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ახლა მაშინდელთან შედარებაც არ შეიძლება. ვგრძნობ, რომ ყოველდღე უკეთ და უკეთ ვთამაშობ“.

„ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში თავი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, „არსენალისგან“ 24 მილიონად ნაყიდმა 24 წლის სამირ ნასრიმ გამოიჩინა. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო ახალი გუნდის შემადგენლობაში. ჯეკომ ახალ თანაგუნდელეზეც ილაპარაკა:

„სამირი ჩვენი გუნდისთვის ფანტასტიკური შენაძენია. მან ეს პირველსავე შეხვედრაში დაამტკიცა. იმედი მაქვს ჩვენი ასეთი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“.

როგორც მოგახსენეთ, ამ სეზონში ჯეკომ უკვე 6 გოლი შეაგდო, გასულ სეზონში, იანვრიდან მაისამდე კი სულ 7 ჰქონდა გატანილი. ისტლენდელთა თავკაცი რობერტო მანჩინი ამბობს, რომ მას ბოსნიელის ნიჭისა და უნარის ყოველთვის სწამდა.

„ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ საუცხოო ფეხბურთი ვითამაშეთ. მე ჯეკოს თამაშს „ვოლფსბურგშიც“ ვადევნებდი თვალს და მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ბევრი გოლის გატანას დაიწყებდა. ერთადერთი, რაც „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში არ მომეწონა, ჩვენი გაშვებული გოლი იყო. ვფიქრობ, მომავალში დაცვას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

წინ ხანგრძლივი სეზონი გველის, ამიტომაც მისი კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ, შემდეგი რამდენიმე მატჩი განსაკუთრებით რთული იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენგან ამიერიდან ყოველ შეხვედრაში სამი-ოთხი გოლის გატანას ელიან, ასე კი, ბუნებრივია, დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება“.

ბუნებრივია, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა ნასრიც. ფრანგმა თქვა: „დღეს ჩვენ სხვა კლუბებს გაფრთხილების სიგნალი გავუგზავნეთ. ეს ჯერ სეზონის დასაწყისია. „უაით ჰართ ლეინზე“ 5:1-ის მოგება დიდებული იყო. „ტოტენჰემის“ მის მოედანზე დამარცხება ხომ ყოველთვის უძნელესი საქმე იყო. ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების რწმენა შევინარჩუნოთ და ისეთი შემადგენლობით, როგორმაც „მანჩესტერ სიტიში“ მოიყარა თავი, დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული