ვენგერი ხალხს ყიდულობს

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ 8 გოლით დარბეული დაცვის კაპიტალური რემონტი ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ანდრე დოს სანტოსის ყიდვით დაიწყო. „მეთოფეებმა“ 28 წლის ფეხბურთელში 10,15 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

აქამდე სანტოსი თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გამოდიოდა და სტამბოლელთა შემადგენლობაში, 52 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. „კორინთიანსის“ ყოფილ ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში 22 თამაში აქვს ჩატარებული. ანდრე სანტოსმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა. ის „ემირეით სთედიუმზე“ ოთხ წელიწადს დაჰყოფს და კვირაში 40 ათას ფუნტს მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ ვენგერი მხოლოდ უკანა ხაზის გაძლიერებით არ შემოიფარგლება და
„ინტერს“ ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის შესახებ ჩამოუგდო სიტყვა. თუმცა, სნეიდერის მსურველი გუნდები დიდი დაბრკოლების წინაშე დგანან - 27 წლის ვარსკვლავის გასამრჯელო კვირაში 250 ათასი ფუნტია, ასეთი თანხის გადახდა კი სულ ერთ ან ორ გუნდს თუ შეუძლია.

ანდრე სანტოსის ყიდვამდე ჩრდილოლონდონელთა დირექტორატს არ ესმოდა, რატომ არ ყიდულობს ვენგერი მარცხენა მცველს. ამ ზაფხულს მან ხომ გაელ კლიში მიჰყიდა „მანჩესტერ სიტის“. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდების მოყვარული ფრანგი სპეციალისტი ცდილობდა ფონს 21 წლის კიერან გიბსით გასულიყო, მაგრამ მან ორთავა კუნთი იტკინა.

როგორც ირკვევა, კლიშის ისტლენდზე გაშვების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ვენგერი „ნიუკასლ იუნაიტედს“ მიაკითხავდა და ხოსე ენრიკეს ყიდვას შეეცდებოდა, მაგრამ „არსენალის“ შეფმა ეს არ გააკეთა და ენრიკეც „ლივერპულის“ გზას დაადგა. მერსისაიდელებმა მასში 6 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ბევრისთვის გასაოცარი იყო, რომ ვენგერმა არმანდ ტრაორეს შესანარჩუნებლადაც არ დაადო თითს თითი - 21 წლის სენეგალელი 2 მილიონ ფუნტად „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადაბარგდა.

კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“ 8:2 განადგურების შემდეგ „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ფანების წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო და იმ 3 ათას ადამიანს, რომელიც გუნდს მანჩესტერში გაჰყვა და ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგების თვითმხილველი გახდა, შემდეგი გასვლითი თამაშის ბილეთს დაჰპირდა. „არსენალის“ ოფისმა განცხადება გაავრცელა: „ჩვენი ფანები, რომლებიც გუნდს მანჩესტერში გაყვნენ, საოცრად ერთგული ხალხია. მათ უდიდესი მახდაჭერა გამომაჟღავნეს და გვინდა მათ მიმართ, რამენაირად, ჩვენი მადლიერება გამოხატოთ“.

თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „მეთოფეთა“ ფანებისთვის სტადიონის ბილეთებზე მთავარი იმაში დარწმუნება იყო, რომ გუნდი კიდევ აპირებს გაძლიერებას. გუშინ ისინი ფეხბურთელების გაყიდვით შემოსული თანხის ბაზარზე დახარჯვას ითხოვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული