რად გვინდა სნეიდერი, როცა კლევერლი გვყავსო

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა „ინტერიდან“ 27 წლის ჰოლანდიელი გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის ყიდვას. ინგლისის ჩემპიონი მზად იყო ჰოლანდიელში 35 მილიონი ფუნტიც კი გადაეხადა, მაგრამ ბოლო ცნობის თანახმად (თუმცა, სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ბოლო ცნობის გაგება ძალიან პირობითია) სნეიდერმა გადაწყვიტა „სან სიროდან“ ფეხი აღარ მოიცვალოს. მოვლენათა ასეთი განვითარებისა „იუნაიტედის“ გულშემატკივარს არ ეშინია. „ოლდ ტრეფორდზე“ ამბობენ, რომ მათ არანაირი ვესლი არ სჭირდებათ, რადგან 22 წლის ტომ კლევერლი ჰყავთ, ბიჭი, რომელიც კაცმა არ იცის საიდან შევარდა დიდ სცენაზე. „არსენალთან“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე
მავანმა ფანებმა პლაკატიც კი გაშალეს სადაც ეწერა: „ვის რად უნდა თქვენი ვესლი? ჩვენ ჩვენი კლევერლი გვყავს“.

თავად კლევერლი ამ კითხვას ასე პასუხობს: „ვის სჭირდება და მე! ვესლი სნეიდერი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ თუ ფანებს მიაჩნიათ, რომ მე მისი დონის ფეხბურთის თამაში შემიძლია, ესე იგი სწორად ვმუშაობ“.

მიმომხილველების აზრით კლევერლი აშკარად სწორ გზაზე დგას. კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში, სწორედ ის იწყებდა მასპინძელთა შეტევებს მოედნის შუიდან. თანაგუნდელები მარცხნიდან და მარჯვნიდან მხარს უმშვენებდნენ და ისე ჰყვებოდნენ, რომ საბოლოოდ შეხვედრა, 8:2 დასრულდა.

მასზე ამბობენ, რომ ის ამაღელვებელ ფეხბურთს თამაშობს, ორთაბრძოლებისა არ ეშინია და მისი თამაშის ნახვა მთელი სიამოვნებაა. კლევერლი ამბობს:

„ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა, მითუმეტეს, როდესაც გვედრით მსოფლიო კლასის ფეხბურთელები გიდგანან, უდიდესი სიამოვნებაა. მე ვარჯიშზე ბევრ რამეს ვსწავლობ, გასახდელში ვუსმენ რას ამბობენ თანაგუნდელები, მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთად მოედანზე იყრის თავს და ჩანაფიქრი გამოდის, ნამდვილი ბედნიერებაა. დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალგაზრდული, ენერგიით აღსავსე გუნდია და თუკი ასეთი შემართებითა და დაჟინებით განვაგრძობთ, იმედი მაქვს, რომ ტიტულებსაც მოვიპოვებთ. „არსენალთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კარის წინ მუხლი არ გვიკანკალებს“.

მანჩესტერელ ახლგაზრდებს მუხლი არც „ქომუნითი შილდის“ დღეს აკანკალებიათ, როდესაც „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში 2:0 ჩამორჩენა 3:2 მოგებად შემოატრიალეს, არც „ვესტ ბრომვიჩთან“, სადაც 2:1 მოიგეს და არც „ტოტენჰემთან“, რომელიც პრეტენზიული გუნდია, მაგრამ ინგლისის ჩემპიონამდე ბევრი უკლია - „იუნაიტედმა“ ჰარი რედნაპის გუნდი 3:0 დაამარცხა.

„ჩვენ სულ შეტევას ვცდილობთ, მეტოქის კარისკენ მივიწევთ. ერთმანეთს ისე მოხერხებულად ვუცვლით ადგილებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოწინააღმდეგის საჯარიმოში საგოლე პოზიციაში აღმოჩნდეს. ერთმანეთის თამაშის სტილს ისე კარგად ვიცნობთ, რომ ალბათ, ამის ტრიბუნიდან ყურება სიამოვნება უნდა იყოს“ - ამბობს ბესინგსტოკელი ახალგაზრდა, რომელიც 12 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაშია. კარიერაში მოკლე პერიოდები ჰქონდა „ლესტერში“, „უოტფორდსა“ და „უიგანში“.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით მოედანზე გავიდოდი და დიდ შეხვედრაში მივიღებდი მონაწილეობას. დღეს ეს ოცნება უკვე ხორცს ისხამს, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფიგურების ყურებაში გავიზარდე. ჩემს წინაშე იყვნენ პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემი. 23 ნომრიანი მაისურაც იმიტომ ავირჩიე, რომ ის ბექჰემს უყვარდა და დღემდე იცვამს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული