თამაშამდე ფავორიტად, რასაკვირველია, ჩრდილოლონდონური გუნდი ითვლებოდა, მაგრამ ყველაფერი ყირაზე დადგა. ფავორიტებმა თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს და თასი მეტოქეს, რომ იტყვიან, აჩუქეს.
კერძოდ, ლორან კოშელნიმ, რომელიც მეკარე ვოიცეხ შჩესნის წინ იდგა ჯერ გადაწყვიტა ბურთი მოეგერიებინა,
ამ ამბავმა "მეთოფეები" ძალიან დათრგუნა, რასაც შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში, ორი თამაშის ჯამში "ბარსელონასთან" წაგება, პრემიერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე ადგილზე გასვლა და ზაფხულში სატრანსფერო მარცხი მოჰყვა - გაელ კლიშის, სესკ ფაბრეგასის და თავად ნასრის გუნდიდან გაქცევას ვგულისხმობთ.
დღეს უკვე "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავმა თქვა: "ლიგის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ რამდენიმე ისეთი ამბავი მოხდა, რომელთაც გუნდის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიეს. კერძოდ, ფაბრეგასი "ბარსელონაში" გადავიდა, მანამდე კი გუნდმა სეზონი ჩაამთავრა საშინლად. და მაინც, "არსენალის" ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მეტად "ბირმინგემთან" წაგებამ გააფუჭა. და კიდევ, "არსენალს" ძველებური რესურსები აღარ აქვს. კლუბი გამოჩენილ ფეხბურთელებს არ ყიდულობს და ცდილობს ფონს ყმაწვილებით გავიდეს".
24 მილიონ ფუნტად გაყიდული 24 წლის ნახევარმცველის თქმით "არსენალი" იმ კლუბად ჩამოყალიბდა, რომელიც თანხებს მოთამაშეების გაყიდვით შოულობს. სხვა სიტყვებით, ერთ დროს მრისხანე გუნდი დონორად იქცა.
"დღეს "მეთოფეები" იძულებულები არიან საუკეთესო მოთამაშეები გაყიდონ და ყმაწვილებს დაეყრდნონ, რაც, რასაკვირველია, ლატარეაა, ან გაამართლებს ან არა. თან, როდესაც დიდ გუნდობაზე გაქვს პრეტენზია, მთავარი ეს სულაც არ არის. მთავარია გუნდში ვარსკვლავები გყავდეს და ტიტულები მოიგო, რასაც გუნდი ვერ ახერხებს.
არსენ ვენგერი შეუცვლელი მწვრთნელი და უდიდესი პიროვნებაა. ის ფეხბურთელებს თავს ევლება და შესაძლოა ზედმეტიც მოსდის. ვენგერი გახლავთ ადამიანი, რომელსაც კონფლიქტი არ შეუძლია".
შემდეგ ნასრიმ თქვა, რომ "არსენალში" დარჩენა და ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მას არ ხიბლავდა. გულს ისიც უმძიმებდა, რომ "არსენალმა" მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა თუნდაც ერთი, თუნდაც მეორეხარისხოვანი ჯილდოს მოპოვება.
"არსენს ძალიან უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივნისში მივიღე. გასული სეზონის კოშმარული დასასრულის შემდეგ მინდოდა გავქცეულიყავი იქიდან. აშკარა გახდა, რომ ჩემთვის კარიერის ის ნაწილი, რომელიც "არსენალთან" იყო დაკავშირებული, დამთავრდა.
წარმოიდგინეთ: "ქარლინგის თასზე" წავაგეთ, ჩემპიონატში საშინლად გამოვედით, სესკი წავიდა... და "მანჩესტერ სიტიმ" შესანიშნავი წინადადებით მომმართა. რაში მჭირდებოდა იმ გუნდის ლიდერობა, რომელსაც ჯილდოს მოგება არ შეუძლია? დღეს, "მანჩესტერ სიტიში" ვგრძნობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ტიტულების მოპოვება ".
"ფრანს ფუტბოლისთვის" მიცემულ ამ ინტერვიუში ნასრიმ, როგორც ხედავთ, ისეთი მოსაზრებები გამოთქვა, რომ "არსენალის" ფანები, რომლებიც მასზე და ფაბრეგასზე ისედაც აღრენილები იყვნენ, კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.
თან, რანაირად დაემთხვა: პრემიერლიგის მესამე ტურში, როდესაც "არსენალი" "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში 8:2 შერცხვა, ნასრი "მანჩესტერ სიტისთან" ერთად "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემს" 5:1-ს არბევდა და ედინ ჯეკოს საგოლე პასებს აწვდიდა.
და კიდევ ერთი ნიუანსი სამირ ნასრის პორტრეტისათვის: მოგეხსენებათ, მას "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებოდა და "სიტიზე" ნაკლებ ხელფასს სულაც არ ჰპირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა. რატომ მოიქცა ასე, ფრანგმა ნათლად განმარტა:
"მანჩესტერის ორ გუნდს შორის "სიტი" იმიტომ ვამჯობინე, რომ მირჩევნია ისტორია შევქმნა, ვიდრე მასში უბრალოდ მონაწილეობა მივიღო. პატრიკ ვიეირამ დამარწმუნა, რომ "მანჩესტერ სიტისგან" დიდი კლუბი კეთდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"