რუნიმ, კვირას, "ოლდ ტრეფორდზე", "მანჩესტერ სიტის" სამი გოლი გაუტანა. მიმომხილველები წერენ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა იმის თქმას, რომ ჩვენს წინაშე კვლავ ძველებური, მონატრებული უეინ რუნია, მიმომხილველების დადასტურება არც სჭირდება.
წლეულს ყველაფერი სხვანაირად არის, არადა შარშან ამ დროს რა ხდებოდა გახსოვთ? რუნის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სხვაგან გადასვლაც კი უნდოდა. მეტიც, შარშან მას პირადი ცხოვრებაც აერია, ცოლმა ღალატის ამბავი გაუგო და მის
ახლა რუნი ნაკრებშია გამოძახებული. ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრებისთვის ემზადება. ინგლისელებს ბულგარეთთან და უელსთან აქვთ სათამაშო და, რასაკვირველია, თავიანთი მთავარი ვარსკვლავის იმედი აქვთ.
როგორ აღიდგინა რუნიმ ფორმა? ის ამბობს, რომ მთავარი ბარბადოსზე დასვენება იყო. იქ, ვარსკვლავი ზღვის პირას დასეირნობდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გატანებული ფიზიკური გაჯანსაღების გეგმა არც კი გადაუშლია. მზე და ზღვა - სულ ეს იყო.
"ახლა შესანიშნავად ვგრძნობ თავს - ამბობს ვარსკვლავი - საკუთარი ფეხბურთით თავად ვიღებ დიდ სიამოვნებას და იცით, ეს რამ განაპირობა? იმან, რომ ზაფხულში, ხუთი კვირის განმავლობაში, საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ერთი წამით არ მივარჯიშია. არც სიმძიმეები ამიწევია, არც მირბენია...
სრულიად პასიური ვიყავი. ეს იმდენად სასარგებლო გამოდგა, რომ როდესაც გუნდთან ერთად სეზონისწინა სამზადისს შევუდექი, თავი ხელახლა დაბადებულად ვიგრძენი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა საგანგებო პროგრამა შემიდგინა, მაგრამ ზედაც არ დამიხედავს. რასაკვირველია, მანჩესტერში რამდენიმე კილოთი უფრო მსუქანი დავბრუნდი, მაგრამ ზედმეტი წონის დაგდება სეზონისწინა პერიოდში ადვილი საქმეა.
აშკარად ვგრძნობდი, რომ დასვენება მჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს კარგა ხნის განმავლობაში არ დამესვენა".
შემდეგ რუნიმ 2010 წელი გაიხსენა და თქვა, რომ ის წელიწადი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუნი საკუთარი თავის ჩრდილს ჰგავდა.
"ტელევიზიით თუ გაზეთების ფურცლებიდან ხალხი კითხულობდა რა მჭირდა. მათ ეჭვიც კი გამოთქვეს, რომ მე ძველებურად ვერასდროს ვითამაშებდი და, მართალი გითხრათ, ამან ძალიან კარგი როლი ითამაშა - მომინდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ისინი ცდებოდნენ.
შემოდგომაზე, როდესაც ყველაფერი დალაგდა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ სწორად არ მოვიქეცი და გულშემატკივრის წინაშე ვალში ვიყავი. მე მათი გოლები მმართებდა. "იუნაიტედში" დარჩენა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რაც კი ოდესმე გადამიდგამს.
ახალი წელი რომ მოვიდა, ძალიან მიხაროდა 2010 წელი წარსულს რომ ჩაბარდა. დიდი მოუთმენლობით ველოდებოდი 2011-ს.
მინდოდა ნავსი გამეტეხა და ბოლოს და ბოლოს, თამაშიდან, ყოველგვარი პენალტისა და ჯარიმის გარეშე, დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი გოლი გამეტანა. როგორც კი ეს გოლი შევაგდე, ვიგრძენი, რომ ყველაფერი შეიცვალა. დღეს ბედნიერი ვარ, საკუთარი თამაში უდიდეს ბედნიერებას მგვრის და გოლებსაც არ ვუჩივი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"