საინტერესოა, რომ 31 აგვისტოს დილას, როდესაც "მეთოფეებმა" მერსისაიდელებს პირველად მიმართეს არტეტას შესახებ, "ევერტონმა" კატეგორიული უარით უპასუხა, მაგრამ თურმე თავად არტეტას დაუკარგავს მოსვენება - ფეხბურთელმა "გუდისონ პარკზე" შეფები არ მოასვენა და საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ ჩრდილოეთ ლონდონში გადაბარგდა.
როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, ყველაფერი მათი დროით საღამოს 11 საათამდე
ამბობენ, რომ "არსენალმა" თავიდან "ევერტონს" არტეტას სატრანსფერო კომბინაციის ნაწილად ნიკლას ბენდტნერი შესთავაზა, მაგრამ ლივერპულელებს ცივი უარი უთქვამთ - ამით "სანდერლენდმა" ისარგებლა და დანიელი ფორვარდი ერთი სეზონით იქრავა. საინტერესოა, რომ, ოღონდ კი "ემირეიტ სთედიუმზე" გადასულიყო და არტეტამ კვირაში 10 ათასი ფუნტი მოიკლო.
"ევერტონის" თავკაცმა დევიდ მოიესმა თქვა: "მიკელმა მაგრძნობინა, რომ "არსენალში" გადასვლა უნდოდა. მე, რასაკვირველია, ძალიან დამწყდა გული, ჩვენ დიდებული ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში გამოდის, ეს კი ისეთი რამ არის, რომ უარს ვერაფრით ვეტყოდი".
არტეტას ტრანსფერამდე რამდენიმე საათით ადრე კი "არსენალმა" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაახერხა - "ჩელსისგან" ერთი სეზონით ებრაელი ნახევარმცველ-თავდამსხმელი, 31 წლის იოსი ბენაიუნი იქირავა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ემირეიტ სთედიუმზე" კონტრაქტებს ხელი კიდევ ორმა ახლწვეულმა, პერ მერტეზაკერმა და ანდრე სანტოსმაც 31 აგვისტოს მოაწერეს, შეიძლება ვთქვათ, რომ არსენ ვენგერმა სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ოთხი ახალი ფეხბურთელი შეიმატა.
ბრიტანული გაზეთები ვარაუდობენ, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება "მეთოფეთა" გულშემატკივრებს გაახალისებს და გადაავიწყებს იმ კოშმარულ მარცხს, რომელიც მათმა გუნდმა გასულ კვირას "ოლდ ტრეფორდზე", "მანჩესტერ იუნაიტედისგან" იწვნია - 8:2. კიდევ, მიმომხილველები წერენ, რომ არტეტასა და ბენაიუნის შერჩევა შემთხვევითი არ იყო - როგორც ჩანს გუნდის სტილი რომ არ დარღვეულიყო და ახალი სისტემა არ ჰქონოდა გამოსაგონებელი, ვენგერმა სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის მსგავსი მოთამაშეები შეიძინა.
ბენაიუნმა, სანამ ისრაელის ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრებოდა, "ტვიტერში" დაწერა: "მე "არსენალთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან ისრაელის ნაკრებს საბერძნეთთან აქვს ძალიან მნივნელოვანი შეხვედრა და ჩემი გონება მხოლოდ ამაზე ფიქრით არის დაკავებული".
ბენაიუნისა და არტეტას გადაბირებამდე კი ვენგერი დაცვის "რემონტით" იყო დაკავებული - ამიტომაც იყიდა მერტეზაკერი და ანდრე სანტოსი. 26 წლის მერტეზაკერმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში არც მეტი, არც ნაკლები, 76 მატჩი აქვს ჩატარებული, "არსენალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა:
"ჩემთვის "არსენალში" გადასვლა ოცნების ახდენა და კარიერის საუცხოოდ გაგრძელების შანსია. პრემიერლიგაში ყოველთვის მხიბლავდა დაძაბულობა. სიამოვნებით გავხდები ამ შეჯიბრების მონაწილე".
ვენგერმა კი მერტეზსაკერის შესახებ ასე ბრძანა: "ის გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია. მინდა ხაზი გავუსვა მის გამოცდილებასა და ოსტატობას. მერტეზაკერი შესანიშნავად თამაშობს როგორც თავით ასევე ფეხით. ვფიქრობ, ის პრემიერლიგის ფეხბურთს კარგად შეეწყობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"