მეირელეში ტორესის გზაზე

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "ლივერპულს" კიდევ ერთი "ბოლო წამის ილეთი" ჩაუტარა, გეხსომებათ, იანვარში "ლურჯებმა" "წითლებისგან" ფერნანდო ტორესი ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ იყიდეს.

ასეთივე ისტორია განმეორდა 31 აგვისტოსაც: ლონდონის გუნდმა მერსისაიდელებს, ბოლოწამს, პორტუგალიელი რაულ მეირელეში წაართვა. ამბობენ, რომ 28 წლის ნახევარმცველმა თავად მიიტანა ლივერპულელთა ოფისში წერილობითი მოთხოვნა განთავისუფლების შესახებ.

მეირელეშის მოწადინება, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ "ჩელსის" თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში მისი თანამემამულეა. ისინი ერთმანეთს იცნობენ " მეირელეშმა ვილაშ-ბოაშის ხელმძღვანელობით "პორტუში" ითამაშა, თუმცა ძალიან ცოტა ხანს. "ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ "ლურჯებთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ ვილაშ-ბოაშს "ჩელსიში" კიდევ ერთი პორტუგალიელის მიყვანა უნდოდა. ლაპარაკია მარცხენა მცველ ალვარო პერეირაზე, მაგრამ დასავლეთლონდონელებმა "პორტუსთან" საღამოს 11 საათამდე მოლაპარაკება ვერ მიასწრეს.

მეირელეშის ამბავზე ამბობენ, რომ "ჩელსის" პირველ შეთავაზებას "ლივერპულმა" უარით უპასუხა, მაგრამ მერე, დღის განმავლობაში, გაირკვა, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპური" 25 წლის ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ცოცხალი თავით არ თმობდა და დასავლეთლონდონელებმა უკან დაიხიეს " იმ თანხის გადახდას დათანხმდნენ, რომელსაც "ლივერპული" ითხოვდა.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ რაულ მეირელეში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, მაგრამ ლივერპულელთა თავკაცი, კენი დალგლიში, როგორც ჩანს ასოციაციის წევრთა შეხედულებას არ ეთანხმება და ამიტომაც დართო პორტუგალიელს სხვაგან გადასვლის ნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული