სამბა, დენი და სხვა

AutoSharing Option
„ბლექბერნის“ თავკაცმა, სტივ კინმა 27 წლის საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილ კონგოელ მცველ კრის სამბას უთხრა, რომ ზაფხული დამთავრდა, მისი ყიდვა არავინ მოინდომა და ახლა, ერთადერთი რაც მას დარჩენია, ყურადღების ისევ რივერსაიდის გუნდზე მოკრებაა.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვა მის კონცენტრაციაზე კარგად იმოქმედებს. ყოველ ზაფხულს, კარგი ფეხბურთელების გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა ტყდება ხოლმე. არც ის არის დასამალი, რომ კრისს რეალური მყიდველებიც ჰყავდა, მაგრამ ახლა ვაჭრობისთვის განკუთვნილი დრო გავიდა“.

კინმა აგრეთვე დაადასტურა, რომ „ბლექბერნმა კონტრაქტი გაუწყვიტა ცნობილ სენეგალელ თავდამსხმელს, 30 წლის ელ ჰაჯი დიუფს.

„დიუფი კლუბიდან გავუშვით“
- თქვა კინმა, რომელსაც სენეგალელმა ერთი ხნის წინ პრესის ფურცლებიდან სერიოზულად შეუტია. დიუფი ამტკიცებდა, რომ „ბლექბერნში“ ის ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც მწვრთნელი პიროვნული სიძულვილის გამო არ ათამაშებს. ფორვარდის თქმით, სანამ კინი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მასთან მეგობრობდა, მაგრამ საკმარისი იყო მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო და ფეხბურთელისადმი მისი დამოკიდებულებაც შეიცვალა.

ახლა კი „ბლექბერნის“ ახალწვეულებს გადავხედოთ. 24 წლის სკოტ დანი კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს მისი ტრანსფერი განხორციელდა. მცველი, რომელშიც კინმა „ბირმინგემ სიტის“ 6 მილიონი ფუნტი გადაუხადა, ამბობს:

„სანამ „ბირმინგემში“ ვთამაშობდი ჩემზე ბევრს წერდნენ. სულ ჭორი დადიოდა, რომ სადღაც გადავდიოდი და დღეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს გადავედი ახალ გუნდში, მიხარია, რომ ეს ალიაქოთი დასრულდება. ჩემი შეძენა „ბლექბერნს“ რომ უნდოდა სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე და შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

დღეს, ვარჯიშზე მომეჩქარებოდა. მოგეხსენებათ, შარშან, „ბირმინგემში“ დავშავდი. არც „ქარლინგის თასის“ ფინალში მითამაშია და ნახევარი სეზონიც გამიცდა. საბოლოოდ ზაფხულში გამოვჯანმრთელდი და, მართალია, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდში ინტენსიურად ვივარჯიშე, თუკი კაცს კარგა ხანია შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიგიღია, პირდაპირ შემადგენლობაში მოხვედრა ძნელია. ესეც არ იყოს, „ბირმინგემ სიტი“ პრემიერლიგიდან გავარდა და მე ვგრძნობდი, რომ ჩემპიონშიპში თამაში ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. გარემოს შეცვლა იყო საჭირო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ბლექბერნი“, რაც ძალიან მახარებს“.

„ბლექბერნმა“ „ევერტონის“ მიერ „ლესტერ სიტიში“ გაქირავებული, ნიგერიელი იაკუბუც იყიდა. იაკუბუ 28 წლის თავდამსხმელია. კარიერის მანძილზე, ინგლისური გუნდებიდან მას უთამაშია „მიდლსბროსა“ და „პორტსმუთში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული