- დღეს ახლოს ვიყავით იმ თამაშთან, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ. ამას ვცდილობდით წინა სამ თამაშშიც, მაგრამ არ გამოგვდიოდა. დღეს კი ვაჩვენეთ ის კომბინაციები, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. გუნდმა ზოგადად კარგად კი არა, ძალიან კარგად ითამაშა. შეგვეძლო 2:1-მდე საქმე არც მიგვეყვანა და ბოლო 2-3 წუთი არ გვენერვიულა. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “ჩელსიმ” ეს მოგება დაიმსახურა, რადგან მეტოქეს მთელი თამაში ვჯობდით. ფეხბურთელების მონდომებითაც კმაყოფილი
სანაკრებო შეხვედრების შემდეგ საერთოდ ასე ხდება: ბაზაზე სამი ფეხბურთელი თუ რჩება, დანარჩენები კი ნაკრებებში მიდიან სათამაშოდ, მერე კი გადაღლილები ბრუნდებიან. დღეს მოედანზე 3 ფეხბურთელი იყო, რომელსაც ნაკრების ბოლო ორ მატჩში 180 წუთი ჰქონდა ნათამაშები. შესაბამისად, როცა მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, ბუნებრივი იყო. ეს მოხდა არამხოლოდ “სანდერლენდის” დამსახურებით, არამედ ჩემი ბიჭების გადაღლილობის გამოც. თანაც, როცა 2:0-ს იგებ, მექანიკურად უფრო ნელ ტემპში ცდილობ თამაშის გადაყვანას.
ვალდებული ვარ, იმ ამოცანებზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც კლუბის მესაკუთრემ დამისახა. ერთ-ერთი ასეთი კარგი ფეხბურთის თამაშია. ჩვენ სწორედ ასე ვცდილობთ ასპარეზობას. რა თქმა უნდა, კარგ ფეხბურთთან ერთად მნიშვნელოვანია ტიტულებიც და ამ თემაზე ახალს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.
ევროთასების მოგებაზე ყველა ოცნებობს, სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ამოცანა ყველაზე რთული გადასაწყვეტია, რადგან უნდა გაითვალისწინო იმ გუნდების დონე, ვისთანაც გიხდება დაპირისპირება. ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მერე რა, რომ “ლევერკუზენს” ჩვენთან თამაშამდე 24 საათით მეტი ჰქონდა დასვენების საშუალება? ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.
თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა “არისტოკრატთა” ბოსმა რომან აბრამოვიჩმაც. მასთან ინტერვიუ იშვიათი ხილია, რადგან ბიზნესმენს, როგორც წესი, პრესასთან ურთიერთობისთვის დრო ნაკლებად რჩება. მან გუნდის სამწვრთნელო შტაბს ეფექტური და შედეგიანი თამაში მოსთხოვა.
“ჩელსის” თავდამსხმელმა დენიელ სტარიჯმა “ლურჯების” შემადგენლობაში პირველივე თამაშში გაიტანა. მისი აზრით, წარმატებული დებიუტი არ იქნებოდა, რომ არა მწვრთნელის, ოჯახისა და თანაგუნდელების მხარდაჭერა: “ბრძოლა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ძალიან რთულია. ასე რომ, სამი გამოტოვებული თამაშის შემდეგ მწვრთნელმა უზარმაზარი ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის “სანდერლენდთან” აღებული სამი ქულა დიდი მიღწევაა. მეტოქის ქომაგები ძალიან ხმაურობდნენ, მაგრამ არც ჩვენ დაგვაღალატეს ფანებმა. თუ გვინდა, რომ მანჩესტერულ კლუბებს არ ჩამოვრჩეთ, ისღა დაგვრჩენია, განვაგრძოთ მოგებათა სერია”.
პრესასთან კომენტარი არ დაიზარა “სანდერლენდის” თავკაცმა სტივ ბრუსმაც. “ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც “ჩელსია”, ძალიან რთულია. ისინი ბურთს ფანტასტიკურად აკონტროლებენ და ეს მეტოქეს დიდ ენერგიას აკარგვინებს. ჩემი გუნდისთვის ყველაზე დამთრგუნველი იყო ის სიმსუბუქე, რითაც სტუმრები ახერხებდნენ ჩვენთვის ბურთის ართმევას. ამ ფაქტორმა მთელი 90 წუთის განმავლობაში ძალიან გაგვაწვალა,” - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები და ფეხბურთის გულშემატკივრები თანხმდებიან, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “ქალაქელებს” პრაქტიკულად ამოუწურავი საკადრო რესურსი აქვთ და ვალდებულნიც არიან ასეთ დონეზე ითამაშონ. კომპლიმენტი ვის არ სიამოვნებს, მაგრამ ზოგს ნამეტანი მოსდის და “სიტის” “ბარსელონას” ადარებს.
სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მისი გუნდის კატალონიელებთან შედარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლამაზ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ, ჯერ ადრეა. არგენტინელმა იოლად იპოვა საერთო ენა “სიტის” ძველ თუ ახალ ლიდერებთან, იქნება ეს დავიდ სილვა, სამირ ნასრი თუ კარლოს ტევესი. “ბარსელონა” ეს არის გუნდი, სადაც ფეხბურთელები ერთად უკვე წლებია თამაშობენ. ისინი თავიანთ სტილს რა ხანია მიჩვეულები არიან. მათი მთავარი პლუსი ბურთის დაჭერაა.
თანამედროვე ფეხბურთში ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვაქვს პოტენციალი ამ მიმართულებით, რადგან უკვე ვახერხებთ ყველაფრის სწრაფად კეთებას. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. ვცდილობთ, ჩვენი სტილი დავამკვიდროთ. ამ წუთას თავს მშვენივრად ვგრძნობთ, რადგან უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით და ბევრი გოლიც გაგვაქვს,” - აცხადებს არგენტინელი.
“ნორვიჩი”-“ვესტ ბრომვიჩის” მატჩის ბოლოს წუთებზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯეიმს ვონმა სტუმართა მცველ გაბრიელ ტამაშთან შეჯახების შემდეგ სახის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მატჩის დასრულებისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ნორვიჩის” დამრიგებელი პოლ ლამბერტი აღშფოთებულია:
“ჯეიმსი პლასტიკურ ქირურგთან გავაქანეთ. რადგან იდაყვი პირდაპირ ტუჩში მოხვდა და ისე გაუსივდა, რომ მისი გაკერვა აქამდე ვერ ხერხდება. ზედა ტუჩი ისეა დეფორმირებული, რომ ქირურგებს საკმაო მუშაობა მოუწევთ. იმედია, დიაგნოზი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. უნდა ვიცოდე, რამდენ დღეში შეიძლება მქონდეს მისი იმედი. ეს ეპიზოდი გამეორებაზე რამდენჯერმე ვნახე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სუფთა პენალტი იყო.
ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში მსაჯებს სწორი გადაწყვეტილების მიღება მართებთ. ამ შეხვედრაში არც ერთი საეჭვო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ არ იყო მიღებული. ამისთვის საკმარისი გავიხსენოთ მომენტი, როცა პენალტი ჩვენს კარში დაინიშნა და შევადაროთ ჯეიმსის სიტუაციას. ჩემი ფეხბურთელების გამართლებას არ ვცდილობ. გოლი დებიუტშივე გავუშვით, დრო კი გასათანაბრებლად ბევრი გვქონდა. ბევრს ვუტევდით, თუმცა ვერაფრით გავიტანეთ. ბიჭებზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ითამაშეს. თანაც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ და ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ”.
“ვულვერჰემპტონისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრაში “დეზების” შემადგენლობაში დიდებული დებიუტი ჰქონდა ტოგოელ ემანუელ ადებაიორს. თამაშის შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სეზონის დასრულების შემდეგ თუ აპირებს ის “უაით ჰართ ლეინზე” დარჩენას. აი, რა პასუხი გასცა ფეხბურთელმა:
“ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, დავრჩები თუ არა “ტოტენჰემში”. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩემსა და “მანჩესტერ სიტის” შორის ყველანაირი ურთიერთობა დასრულებულია მიუხედავად იმისა, რომ მასთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. სად გავაგრძელებ კარიერას, ნამდვილად არ ვიცი.
გადაწყვეტილებას ალბათ აპრილის ბოლოს ან მაისში მივიღებ. ერთადერთი, რაც ახლა მინდა “ტოტენჰემის” დახმარებაა. ამ გუნდისთვის მე ბევრი რამის დამტკიცება მომიწევს მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რისი თავი მაქვს საფეხბურთო მოედანზე”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"