დიდი მატჩის აფტერშოკები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსის" ცნობილ მცველ ეშლი კოულს უხეში უწოდა და დასძინა, რომ მან შოკისმომგვრელი რამ გააკეთა - ლაპარაკია კვირას, "ოლდ ტრეფორდზე", "იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გამართული შეხვედრის იმ ეპიზოდზე, როდესაც ინგლისის ნაკრების ვეტერანმა მექსიკელ ახალგაზრდას კოჭებში მწარედ მიარტყა.

ცნობისათვის: კოული 30 წლისაა, ერნანდესი კი ოცდასამის. შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონის გუნდი ხუთი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს ერთპიროვნულად მოექცა სათავეში, "ჩელსი" კი დამარცხდა და თან, ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესთან დაკავშირებულ, ინგლისური პრესისთვის სასეირო ისტორიაში გაეხვა - ტორესმა მართალია გოლი
შეაგდო, რის გამოც სხვა დროს მას-მედია ძალიან შეაქებდა ("ელ ნინიოდ" წოდებულ ესპანელს დიდი ხანია გოლი არ ჰქონდა გატანილი), მაგრამ თამაშის ბოლო პერიოდში ისეთი ვერ გაიტანა, რომ ცინიკოს ინგლისელებს შეგდებული დაავიწყა და ერთობლივ სიცილ-ხითხითზე გადაიყვანა.

ტორესს ის გოლი რომ შეეგდო - რისი გაკეთებაც არშეგდებაზე გაცილებით ადვილი ჩანდა - ანგარიში 3:2-მდე შემცირდებოდა და "ლურჯებს" ძალების მოსაკრებად დროც რჩებოდათ.

ამრიგად, ტორესმა, რომელიც "ლივერპულის" შემადგენლობაში "ოლდ ტრეფორდზე" ყოველთვის მრისხანე ფორვარდად წარმოჩნდებოდა ხოლმე, "ჩელსის" ლურჯი მაისურით 24 შეხვედრაში მხოლოდ მეორედ შეაგდო. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიო" დასავლეთლონდონელებს იანვარში 50 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

"მოდი, სიმართლე ვთქვათ: დღეს მსოფლიოს ორმა საუკეთესო თავდამსხმელმა შესანიშნავი შესაძლებლობები გაუშვა ხელიდან. დიახ, ფერნანდომ ვერ გაიტანა, მაგრამ უეინ რუნიმაც ვერ შეაგდო პენალტი" - გამოექომაგა თავის ფეხბურთელს "ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში.

თუმცა, კოულის უხეშობისა და ფერგიუსონის გაბრაზების ამბავს დავუბრუნდეთ.
"კოული, ხანდახან, არც მეტი არც ნაკლები, უხეშია. მან ერნანდესის წინააღმდეგ საშინლად იუხეშა. მესმის, რომ ის თავდადებული ფეხბურთელია, მაგრამ თავდადება ზღვარს არ უნდა გადასცილდეს. ეს ეპიზოდი სწორედ ზღვარგადასული თავდადების მაგალითი იყო" - თქვა სერ ალექსმა.

რამდენად მძიმედ დაშავდა ჩიჩარიტო, ამ დღეებში გამოჩნდება, თუმცა იმ მომენტში მექსიკელი მოედანზე დაენარცხა, ექიმებმა კი პირველი შთაბეჭდილება თქვეს - შესაძლოა ერნანდესი "იუნაიტედს" ორი კვირითაც კი გამოაკლდესო. საინტერესოა, რომ კოულმა ერნანდესი საჯარიმოში წააქცია, რამაც ფერგიუსონის გაკვირვება გამოიწვია:

"მსაჯმა კოულს ყვითელი ბარათი აჩვენა, რამაც დამაბნია. მაშინ, პენალტი რატომ არ დანიშნა? როდესაც შევხვდები აუცილებლად უნდა ვკითხო. რა სჭირს ჩიჩარიტოს, ამ დღეებში უფრო კარგად გამოჩნდება. დღეს ფეხი დაბუჟებული აქვს. ვშიშობ, რომ ტრავმამ მას შეიძლება რამდენიმე კვირა გამოატოვებინოს".

შეხვედრის მსაჯი ფილ დოდი გახლდათ, რომელმაც პენალტი იმიტომ არ დანიშნა, რომ ბურთი თამაშიდან უკვე გასული იყო. კოულმა ჩიჩარიტოს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, "გვიან იუხეშა". საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდისთვის თავისი ფეხბურთელი ვილაშ-ბოაშმაც გააკრიტიკა, თუმცა მან მოვლენებს სულ სხვა კუთხით შეხედა.

ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ამ "საწითლე უხეშობამდე" წამებით ადრე მსაჯს და თანამსაჯს სწორი გადაწყვეტილებები რომ მიეღოთ, კოული ორთაბრძოლაში საერთოდ არ შევიდოდა. ვილაშ-ბოაშმა ისიც დასძინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული