მანჩინი: კიდევ მიყიდეთ ფეხბურთელები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ მისმა გუნდმა "ფულჰემთან" 2:0 უპირატესობა ხელიდან არასაკმარისად ძლიერი შემადგენლობის გამო გაუშვა - იტალიელის აზრით ისტლენდელებს კიდევ მართებთ ფეხბურთელების ყიდვა.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" არაბმა მეპატრონეებმა ბოლო სამ წელიწადში, ფეხბურთელებში 300 მილიონი ფუნტი დახარჯეს. დავაზუსტოთ: 300 მილიონი ფუნტი 473,5 მილიონი ამერიკული დოლარი ან 344,1 მილიონი ევროა.

მანჩინიმ თქვა: "დღეს ჩვენ ფეხბურთელები გვაკლია. მე მხოლოდ განაპირა მცველებისა და თავდამსხმელების შეცვლა და დასვენება შემიძლია. ნახევარდაცვაში კი შეხედეთ, რა ხდება: ჯეიმს მილნერი და ნაიჯელ დე იონგი დაშავებულები არიან,
რაც საშინლად მზღუდავს".

ისტლენდელები ხუთი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე რჩებიან, არადა, შეეძლოთ ლიდერთან, "იუნაიტედთან" თანაბრად ყოფილიყვნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "სიტი" "ფულჰემს" ლონდონში 2:0-ს უგებდა, მაგრამ უპირატესობა ხელიდან გაუშვა - ბობი ზამორამ და დენი მერფიმ გაქვითეს.

მანჩინიმ დასძინა: "როდესაც 2:0-ს იგებ და მოწინააღმდეგე ანგარიშს გითანაბრებს, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს დამარცხდი. 60 წუთის განმავლობაში სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ "ფულჰემმა" ორი გოლი გაგვიტანა.

როგორც ჩანს სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ლონდონელებმა 10-15 წუთის განმავლობაში ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს მაგრამ ჩვენნაირ ტოპ-გუნდს მეტი მოეთხოვება. ისეთი დონის გუნდი, როგორიც "სიტია", შეხვედრას მეტად უნდა აკონტროლებდეს.

ჩვენ სულელური გოლები გავუშვით. არადა, ინგლისში ყველა თამაში ასეთია. პრემიერლიგაში არ არსებობს გუნდი, რომელიც 2:0 ჩამორჩენის გამო ბრძოლას წყვეტს. ყველა ფეხბურთელი ვალდებულია მეტოქის შეტევათა ჩაშლაში მონაწილეობა მიიღოს. 10 წუთის განმავლობაში 5-6 კაცით დაცვაზე გადავედით და დავისაჯეთ. როგორც ჩანს ჩემმა ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ თამაში უკვე მოგებული ჰქონდათ".

მოგეხსენებათ, ისტლენდელთაგან ორივე გოლი არგენტინელმა ახალწვეულმა, 23 წლის სერხიო აგუერომ იმავე კუნმა გაიტანა. მანჩინიმ თქვა:

"აგუეროს წარმატება მახარებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები თუ მომავალში ის მხოლოდ ერთს გაიტანს, გუნდი კი მოიგებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული