ბერბატოვი ჯოჯოხეთში

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბულგარელი ვარსკვლავი დიმიტარ ბერბატოვი სახტად დარჩა, როდესაც პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც, თურმე, დედამისის გატაცებას აპირებდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 30 წლის ფორვარდის დედას, მარგარიტას მიუვიდა მეილი, სადაც მას მავანი უცნობი ემუქრებოდა, რომ თუ ის დიდძალ თანხას არ გადაუხდიდა, გაიტაცებდა. აქ, საქმეში ანტი-მაფიის სამსახურის პოლიციელები ჩაერივნენ, კვალს გაყვნენ და დაიჭირეს 38 წლის პეტარ ანტონოვი. ანტონოვს პოლიციელებმა ბულგარეთში, მშობლიურ ქალაქ ბლაგიევგრადში მიაგნეს. ეს ბერბატოვის მშობლიური ქალაქიცაა. „იუნაიტედის“ ვარსკვლავი სწორედ აქ იზრდებოდა და მისი ყოფილი ხელბურთელი, დღეს 51 წლის დედა დღემდე იქ ცხოვრობს.

პეტარ
ანტონოვის დაჭერაში მთავარი როლი, რასაკვირველია, ეგრეთწოდებულმა „აიტიშნიკებმა“ ითამაშეს, რომელთაც ეჭვმიტანილის ბინის კომპუტერი გამოთვალეს. შეგახსენებთ, რომ ბერბატოვი, რომელიც „იუნაიტედში“ 2008 წელს, 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ გადავიდა, ბოროტმოქმედთა თავდასხმის ობიექტი ადრეც ყოფილა. ამას, როგორც ჩანს, ხელს ისიც უწყობს, რომ ბულგარეთი გვარიანად კრიმინალური ქვეყანაა.

ასე მაგალითად, ორი წლის წინ ის სამშობლოდან გაიქცა, რადგან პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ მისი მეუღლე, ელენა და ერთი წლის გოგონა, დეა საფრთხის წინაშე იდგნენ. მანამდე, როდესაც ბერბატოვი ჯერ კიდევ 18 წლისა იყო და სოფიის ცსკა-ში თამაშობდა, თავად ის გაიტაცა ადგილობრივმა კრიმინალმა, რომელსაც უნდოდა თავდამსხმელი ეიძულებინა მის გუნდში, კიუსტენდილის „ლევსკიში“ გადასულიყო.

ახლა პოლიციელები მარგარიტა ბერბატოვის საქმეს სწავლობენ. ისინი ცდილობენ გამოიკვლიონ, რამდენად არის მისი გატაცების მცდელობა კავშირში პოლიტიკასთან. საქმე ის გახლავთ, რომ „იუნაიტედის“ ფორვარდის დედა პარტიის, „მოქალაქენი ევროპული განვითარებსთვის“ აქტივისტია.

ბერბატოვი, რომელიც ბავშვობაში სამოთახიან ბინაში იზრდებოდა, დედამისთან ძალიან ახლოს არის. მარგარიტა ამბობს: „მე დიმიტარით ძალიან ვამაყობ. ჩვენ მისი ყოველი თამაშის შემდეგ ვლაპარაკობთ. ის მეუბნება, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა ვარ“.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ დიმიტარ ბერბატოვის მამა, რომელიც ოდესღაც თავადაც ფეხბურთელი იყო, წლების წინ ჯგუფური გაუპატიურებსთვის დააპატიმრეს.

აქვე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის კრიმინალური ამბები, რომლებიც პრემიერლიგაში მოთამაშე, ღარიბი და განუვითარებელი ქვეყნების ფეხბურთელებს ბოლო ხანს გადახდათ. ამ ზაფხულს, ნიგერიაში, „ჩელსის“ ვარსკვლავის“ ჯონ ობი მიკელის მამა გაიტაცეს, მაგრამ ერთი ხნის შემდეგ უვნებელი გაუშვეს. იმავე ნიგერიაში, „ევერტონის“ მცველის ჯოზეფ იობოს უფროსი ძმა 2008 წელს გაიტაცეს და ორ კვირაში გაათავისუფლეს. 2009 წელს კი ჰონდურასში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა: „სტოკ სიტის“ ნახევარმცველის, უილსონ პალასიოსის 14 წლის ძმა ედვინი ჰონდურასში მკვდარი იპოვნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული