რობერტო მანჩინი: ტევესი სიტიში აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესს გამოუცხადა, რომ ის "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ვეღარასოდეს ითამაშებს - მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რომელშიც ისტლენდელები "ბაიერნთან" 0:2 დამარცხდნენ, 27 წლის არგენტინელმა მოედანზე შესვლაზე უარი განაცხადა. მან სათადარიგოობა იუკადრისა.

მანჩინიმ ტევესის საქმეში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო გერმანული გუნდის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ორივე გოლი მარიო გომესმა გაიტანა. მანჩესტერელთა იტალიელი თავკაცი სახტად დარჩა, როდესაც მისი გუნდის შარშანდელმა ლიდერმა კატეგორიულად გამოუცხადა, რომ თამაშს არ აპირებდა. ტევესთან დაპირისპირება აშკარად გამოჩნდა ტელეეკრანებზეც, მოგვიანებით კი "სიტის" თავკაცმა განაცხადა:

"ჩემი პრინციპების თანახმად, თუ ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს და დიდძალ ხელფასს იღებს, არც მეტი არც ნაკლები ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ასეთ რამეს აკეთებს, "სიტის" მაისურის ჩაცმის ღირსი აღარ არის. მე ტევესს ბოლო ორი წლის განმავლობაში ვეხმარებოდი და სანაცვლოდ ასეთ საქციელს ვერ მივიღებ.

ჩემთვის მისი ამბავი დამთავრებულია. მასთან ერთად ვეღარასოდეს ვიმუშავებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც მე გადაწყვეტილებას ვიღებ და მის შესახებ ხმამაღლა ვაცხადებ, ვერავინ ვეღარაფერს შეცვლის.

როგორ, კაცი, რომელსაც ამდენ რამეში დავეხმარე მოედანზე გასვლაზე უარის თქმას მიბედავს? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი რამ წარმოსადგენი და დასაშვებია? როგორ ფიქრობთ, ასე მოქცევას "მილანში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვინმე გაბედავდა? მოკლედ, მე მწვრთნელი ვარ, გადაწყვეტილებების მიღება მევალება და ჩემი გადაწყვეტილება ასეთია: კარლოს ტევესი ჩემს გუნდში ვეღარასოდეს ითამაშებს! მე ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. უახლოეს დღეებში კლუბის თავმჯდომარე ხალდუნს დაველაპარაკები. ის თავმჯდომარეა და მე ვალდებული ვარ ასეთი გადაწყვეტილებები მას შევუთანხმო".

გემახსოვრებათ, რომ მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მანჩინიმ ცენტრალური თავდამსხმელი ედინ ჯეკო ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგით შეცვალა. ამ შეცვლამ ჯეკოც გააბრაზა და მწვრთნელთან მასაც მოუვიდა "მკვახე" შელაპარაკება - ჯერ იყო და სათადარიგოთა სკამს სარკასტულად აღმართული ცერა თითი აჩვენა, აქაოდა ყოჩაღ ასეთი ცვლილება რომ მოიფიქრეთო. შემდეგ მაისურა და ბუცები დაახეთქა.

ტევესმა კი, როგორც ჩანს, როდესაც დაინახა, რომ ჯეკოს შეცვლას უპირებდნენ, იფიქრა, მის ნაცვლად მოედანზე მე შემიშვებენო, მაგრამ ასე არ მოხდა. მწვრთნელს, თურმე, ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთი ცვლილება ჰქონდა ჩაფიქრებული.

"პირველი ცვლილება იმისთვის მჭირდებოდა, რომ "ბაიერნს" მესამეც არ გაეტანა. თამაშის დამთავრებამდე ჯერ კიდევ რჩებოდა 40 წუთი. ამ ცვლილებიდან ათი წუთის შემდეგ კი კარლოსისთვის მოედანზე შესვლის ზედ გამოჭრილი დრო იყო. მე მას გახურება ვთხოვე, მან კი უარი მითხრა. როგორ უნდა განვითარდეს გუნდი თუ კარლოსის დონის ფეხბურთელები ასე მოიქცევიან?"

კომენტარი სთხოვეს თავად ტევესსაც. მან თქვა: "მე ვერ ვიგრძენი, რომ ჩემი მოედანზე გასვლა სწორი და საჭირი იყო. ამიტომაც განვაცხადე უარი. მე "მანჩესტერ სიტისთვის" ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. თუ მანჩინის ჩემი თამაში აღარ უნდა, ეს მისი საქმეა".

ახლა, როდესაც მანჩინიმ გადაწყვეტილება მიიღო და საჯაროდაც გამოაცხადა, ივარჯიშებს ტევესი გუნდთან ერთად თუ მწვრთნელი სამუშაო პროცესთან მიკარებას აუკრძალავს, უცნობია. იტალიელმა პრეს-კონფერენციაზე, ამ კითხვას პასუხი არ გასცა.

სავარაუდოდ, ტევესს იანვარში, სატრანსფერო ბაზრის გახსნითანავე გაყიდიან, თუმცა კლუბიდან გამოვიდა ხმა, რომ მწვრთნელთა შტაბი ყველა ღონეს იხმარს,რათა უახლოეს დღეებში მანჩინის დაელაპარაკოს, დაამშვიდოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

მანჩინიმ ჯეკოს შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა: "მან მოედანი თავის ქნევით დატოვა. მერწმუნეთ, ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში" ასეთ რამეს ბედავს. აქ, მე ვარ მწვრთნელი და ვინ როდის უნდა შევცვალო ჩემი გადასაწყვეტია. რასაკვირველია, ხანდახან მეც მეშლება, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა და საკუთარ შეცდომებზე პასუხს მე ვაგებ.

ედინზე კი იმას მოგახსენებთ, რომ მან ძალიან ცუდად ითამაშა და ალბათ ამის გამო იყო უკმაყოფილო. კარგი იქნება დასკვნებს თუ გამოიტანს და მომავალში უკეთ ითამაშებს. ყველაფერი მარტივადაა: თუ ჯეკო ძველებურ ფორმას აღიდგენს, მოედანზე იქნება, თუ არა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდება. ჩვენ ყოველ სამ დღეში ერთხელ მატჩი გვაქვს და წარმოუდგენელია, ერთმა და იმავე ფეხბურთელებმა ასეთ დატვირთვას სრულად გაუძლონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული