თათბირში მონაწილეობდნენ კლუბის თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი, აღმასრულებელი შეფი ჯონ მაკბითი, ადვოკატთა ჯგუფი და, რასაკვირველია, მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელსაც ტევესის საქციელი ყველაზე მტკივნეულად შეეხო - როდესაც გუნდის თავკაცი ფეხბურთელს გახურებასა და
თათბირი სწორედ მანჩინის მოთხოვნით გაიმართა. „სიტის“ შეფებს არც ორკვირიანი დისკვლაიფიკაცია მოუტანიათ ჰაერიდან - ეს გახლავთ მაქსიმალური პერიოდი, რომლის ნებასაც ფეხბურთელთა პროფკავშირი იძლევა. ერთი სიტყვით, ტევესს გამოუცხადეს, რომ ხუთშაბათს ვარჯიშზე არ უნდა მივიდეს და, როგორც ბრიტანული მას-მედია წერს, დიდი შანსია ეს არგენტინელისა და „მანჩესტერ სიტის“ სამარადჟამო გამოთხოვებასაც ნიშნავდეს. ისტლენდელთა კლუბის იურისტები „ალიანს არენაზე“ მომხდარი ამბის ყველა მოწმისგან იწერენ ჩვენებებს.
ისინი დაჰკითხავენ თითოეულ ფეხბურთელს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც მანჩინისა და ტევესის კონფლიქტის ეპიზოდში სათადარიგოთა სკამზე ან სკამთან იყო. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა თუ რა საჭიროა ასეთი ძიება და მოკვლევა. საქმე ის გახლავთ, რომ ლაპარაკი დიდ ფულზეა. არგენტინელის გასამრჯელო კვირაში 200 ათას ფუნტს აღემატობდა და ახლა, როდესაც ვექილები დააგროვებენ საკმარის სამხილს იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი დაარღვია, საქმეს სასამართლოს გადასცემენ და კომპენსაციასაც მოითხოვენ.
ფეხბურთელის თავნებობამ ფიფაც აღაშფოთა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა, ჯიმ ბოისმა განაცხადა:
„თუ „მანჩესტერ სიტი“ საკმარის მტკიცებულებებს დააგროვებს და ფიფას დაარწმუნებს, რომ ფეხბურთელმა მართლა ის გაკეთა, რასაც კლუბი ამბობს, ჩვენ ტევესს შესაძლოა ფეხბურთში მოღვაწეობაც კი ავუკრძალოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ის საქციელი, რაც თავდამსხმელმა მიუნხენში ჩაიდინა, საშინლად შეურაცხმყოფელია“.
ვერ გეტყვით სადამდე მივა ეს საქმე, მაგრამ მანჩინი რომ შეუვალია, ფაქტია. „სიტის“ იტალიელი“ მწვრთნელი ტევესს თავის გუნდს აღარასოდეს მიაკარებს. ამბობენ, რომ ისტლენდელთა მწვრთნელთა საერთო აზრიც იგივეა. დისკვალიფიკაცია, როგორც მოგახსენეთ, სწორედ იტალიელმა მოითხოვა და განაცხადა, რომ თუ ტევესი ოდესმე (რასაკვირველია, ორკვირიანი დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ) „მანჩესტერ სიტის“ ბაზაზე დაბრუნდება, მთავარ გუნდს ახლოსაც ვერ მიეკარება. ერთადერთი, შეუძლია რეზერვისტებთან ერთად ივარჯიშოს.
როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, ტევესი ჯერ კიდევ გასულ შაბათს, პრემიერლიგაში, „ევერტონთან“ 2:0 მოგებული თამაშის დროს სათადარიგოთა სკამზე დარჩენით გახლდათ უკმაყოფილო - მანჩინიმ ის შეცვლაზეც არ შეუშვა. მწვრთნელი კი თავის მხრივ აცხადება, რომ ფეხბურთელი ბოლო დროს ცუდად ვარჯიშობდა და ფიზიკურად არ იყო ჯეროვნად მომზადებული.
როგორია თავად არგენტინელი თავდამსხმელის რეაქცია? სანამ ამას ვიტყვით აღვნიშნოთ, რომ მისმა საქციელმა მანჩესტერში ფანები აღაშფოთა და თავის დასზღვევად კლუბმა მიუნხენიდან დაბრუნებულ ფორვარდს საგანგებო დაცვის ესკორტიც კი გამოუყო, რათა აეროპორტიდან შინ მშვიდობით მისულიყო. საინტერესოა, რომ ტევესმა მეორე დილით ოფიციალურად განაცხადა, რომ მას მოედანზე შესვლაზე უარი არ უთქვამს! ტევესმა დაწერა:
„მინდა ბოდიში მოვუხადო მანჩესტერელ ფანებს, რომლებთანაც ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა მაკავშირებდა. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ მე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მიუნხენში გაუგებრობა მოხდა. მე გახურებულიც ვიყავი და თამაშისთვისაც მზად გახლდით. უფრო დაწვრილებით ლაპარაკისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის, კერძოდ ვინ ვის, რა უთხრა ამაზე სხვა დროს მოგახსენებთ, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ მე თამაშზე უარი არ მითქვამს. მზად ვარ, დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ძველებური თავდადებით ვითამაშო“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"