გლაზგოელებს პრემიერლიგაში რა უნდათ?

AutoSharing Option
ვერ გეტყვით „უიგანის“ მეპატრონე დეივ უილანს ვინ ეკითხებოდა, მაგრამ ის ამბობს, რომ „გლაზგო რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერლიგაში უნდა დაეტიოს, რადგან ინგლისში არავინ მიიღებს.

„რეინჯერსს“ შოტლანდიის ქალაქ მოზერუელში დაბადებულ-გაზრდილი თავმჯდომარე, კრეიგ უაიტი უდგას სათავეში. მან სქოთთა ჩემპიონი სერ დევიდ მიურეისგან მაისში იყიდა და აღმოაჩინა, რომ ფინანსური კოლაპსის პირასაა. თუ ნოემბრამდე კლუბმა ჩვენთვის უინტერესო, მაგრამ მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ვალები არ დაფარა, შესაძლოა საქმეში ადმინისტრატორები ჩაერიონ.

სხვა სიტყვებით, „რეინჯერსი“ გაკოტრებულად გამოცხადდება და მას გადააბარებენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ადმინისტრატორთა ჯგუფს, რომლებიც მდგომარეობის დალაგებასა და ახალი პატრონის
მოძიებას შეეცდებიან.

როგორც ირკვევა, გამოსავლის ძიებაში უაიტი ბევრ სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი კლუბის ინგლისის პრემიერლიგაში გადაყვანაა. მეტიც, თურმე „რეინჯერსის“ თავმჯდომარე უფრო შორსაც წასულა და გამოსავალს ბრიტანეთის გარეთ, ევროპის კონტინენტზეც ეძებს. ის მზად არის კლუბი რომელიმე სხვა შეჯიბრებაში გადასვას და აქტიურად უჭერს მხარს ეგრეთწოდებული „ატლანტიკური ლიგის“ ჩამოყალიბებას.

„ატლანტიკური ლიგის“ ამბავი „უიგანის“ მეპატრონე უილანს, რასაკვირველია არ აწუხებს, მაგრამ პრემიერლიგას მკერდით გადაეფარა. ის ამტკიცებს, რომ პრემიერშიფის კლუბების თავმჯდომარეთა უმეტესობა, ისევე როგორც ორი წლის წინ, ახლაც დაბლოკავს „აიბროქს პარკის“ ბინადართა ინგლისში გადაბარგების მცდელობას.

„ვფიქრობ, „რეინჯერსის“ ახალმა მეპატრონემ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოს, - ბრძანა უილანმა, - მისი გუნდი შოტლანდიის პრემიერლიგაში გამოდის, ისინი შოტლანდიელები არიან, ბინა იქ აქვთ. გარდა ამისა, ეს კლუბი მხოლოდ ლოცვებით არსებობს. დამიჯერეთ, „რეინჯერსი“ და „სელტიკი“ ინგლისური პრემიერლიგის წევრები ვერასდროს გახდებიან. სწორად გამიგეთ, ინგლისში გადმობარგების იდეა საკუთრივ „რეინჯერსისთვის“ მართლაც დიდებულია და მე ამას ვხედავ. ასევე ვხედავ, რომ ეს იდეა ზოგადად ბრიტანულ ფეხბურთს ძალიან წაადგება, მაგრამ ჩვენს, ინგლისურ ფეხბურთს დააკნინებს. გლაზგოური გუნდების ჩვენთან გადმოსვლის წინააღმდეგ ბოლო ამოსუნთქვამდე, კბილებითა და ფრჩხილებით ვიბრძოლებთ“.

ზემოთ ორი წლის წინანდელი ამბავი ვახსენეთ. ორი წლის წინ, „ბოლტონის“ თავმჯდომარე ფილ გერთსაიდმა ორსაფეხურიანი პრემიერლიგის შექმის იდეა წამოაყენა. მან თქვა, რომ პრემიერლიგაში გუნდების რაოდენობა 36-მდე ან 40-მდე უნდა გაიზარდოს, ოღონდ ისინი ორ დონეზე უნდა გადანაწილდნენ და ქვედა დონეზე „რეინჯერსმა“ და „სელტიკმაც“ უნდა ითამაშონ. როგორი რეაქცია მოჰყვა ინგლისში ამ წინადადებას? პრემიერლიგაში მას კენჭიც კი არ უყარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული