ჯერარდი სკამზე იჯდება

AutoSharing Option
შაბათს პრემიერლიგაში მერსისაიდური დერბია, „გუდისონ პარკზე“ „ევერტონი“ „ლივერპულს“ მასპინძლობს და როგორც „წითლების“ ბანაკიდან გახდა ცნობილი, ამ შეხვედრაში მათი ლიდერი და კაპიტანი, 31 წლის სტივენ ჯერარდი სასტარტო შემადგენლობაში კვლავ არ იქნება - კენი დალგლიში მას სათადარიგოთა სკამზე უპირებს დასმას.

მოგეხსენებათ, ჯერარდი საზარდულის ტრავმამ დიდი ხნით გამოთიშა საქმეს. მან ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდიც გაურთულდა. საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აშკარად აკლია.

„ევერტონთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ჰოლანდიელი დირკ კუიტი ითამაშებს, რომელსაც „წითლების“ ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ სამში აქვს მონაწილეობა მიღებული.
კუიტს 24 წლის ურუგვაელ ლუის სუარესთან მოუწევს პარტნიორობა. სუარესზე ლაპარაკისას ის ამტკიცებს, რომ ურუგვაელი თანდათანობით კიდევ უკეთ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ სუარესი „ლივერპულში“ იანვარში, 24 მილიონ ფუნტად „აიაქსიდან“ გადავიდა.

რვა წლის წინ ჰოლანდიის ლიგიდან პრემიერლიგაში „ისკუპა“ კუიტმაც - ის „ფეიენოორდის“ ფეხბურთელი იყო - და მან ყველაზე კარგად იცის თუ რამხელა ნაბიჯის გადადგმა უწევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გზას გადიან.

„ვატყობ ხალხს დაავიწყდა, რომ ლუისი ერედივიზიედან გადმოვიდა, ეს კი ძალიან დიდი ნახტომია. ინგლისში სულ სხვა სისწრაფით თამაშობენ და ტაქტიკურადაც სულ სხვანაირი ფეხბურთია. სუარესი ძალიან მოკლე დროში დიდებულად ათამაშდა და „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მაგრამ, მერწმუნეთ, მომავალში ის კიდევ უკეთ ითამაშებს. მას პრემიერლიგასთან ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული