დერბისშემდგომი ვნებანი: ვენგერმა ხელი არ ჩამოართვა

AutoSharing Option
ჩრდილოლონდონური დერბი ანუ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია და თან მოედანისმიღმა ამბებიც სდევს.
კვირას, „დეზებმა“ „მეთოფეებს“ 2:1 მოუგეს. ამ შეხვედრაში რამდენიმე ისეთი ინციდენტი მოხდა, რომელზეც ყურადღების გამახვილება უპრიანია.

დავიწყოთ იმით, რასაც ყველა ელოდა, მაგრამ „სფურზის“ თავკაცი ჰარი რედნაპი მაინც აღაშფოთა. საქმე მისი გუნდის ახალ შენაძენს, 27 წლის ტოგოელ თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორს ეხება. მოგეხსენებათ, ადებაიორი წლების წინ „არსენალის“ ფეხბურთელი იყო და კლუბიდან კონფლიქტით წავიდა, ამიტომაც ყოფილი გუნდის ფანებს ის მთელი შეხვედრის განმავლობაში მიზანში ჰყავდათ ამოღებული. თან, განრისხებულმა გულშემატკივრებმა დანდობა
არ იციან, ადამიანისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს ეხებიან. „უაით ჰართ ლეინზე“ სტუმარი გუნდის ქომაგები ადებაიორს ერთხმად უყვიროდნენ, რომ ის აფრიკის თასზე, ტოგოს ნაკრების თავს გადახდენილი ტრაგიკული ამბის დროს უნდა მომკვდარიყო - ტოგოელთა ავტობუსს თავს შეიარაღებული რაზმი დაესხა, ცეცხლი გაუხსნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

რედნაპმა თქვა: „ეს უღირსი საქციელია. როგორ შეიძლება ვინმეს ასეთი ტრაგედიია წამოაძახო და გამოაჯავრო? ვინც ამას აკეთებს სულიერად ჯანსაღი არ უნდა იყოს. „არსენალის“ ფანები მეც მიყვიროდნენ რაღაცებს და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მწარედ გამოსვლოდათ. ასეთ საქციელს ვერ ვამართლებ. ანდა, რა სინდისი აძლევს ბევრ ადამიანს ნებას „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბასბის გუნდის ავიაკატასტროფაზე უმღეროს? იქ ხომ თითქმის მთელი გუნდი დაიღუპა, გუნდი, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს. ხანდახან ვხედავ ხოლმე, რომ ტრიბუნაზე ზის ოთხი წლის ბავშვი და „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ასეთ საზიზღრობას მღერის. რა უნდა გამოვიდეს იმ ბავშვისგან დიდი რომ გაიზრდება?“

„არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს კი „ტოტენჰემის“ ერთ-ერთ მწვრთნელ კლაივ ალენთან მოუვიდა უსიამოვნება. ამბობენ, რომ ალენი ვენგერის მატჩის მსვლელობისას უძახდა გამაღიზიანებელ ფრაზებს. შეხვედრა რომ დამთავრდა „არსენალის“ ფრანგმა თავკაცმა რედნაპსა და მის მოადგილეს, ჯოი ჯორდანს ხელი ჩამოართვა, ალენს კი ზედაც არ შეხედა და როდესაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უპასუხა, მწვრთნელს და მის ასისტენტს ჩამოვართვი ხელი, მთელ კლუბს კი ნამდვილად ვერ ჩამოვართმევდიო. გაბრაზებულმა ალენმა ვენგერს ორპირა უწოდა:

„ის ამბობს, რომ ვერ დამინახა? ორპირა და მატყუარა ადამიანია. მან, უბრალოდ, ხელი არ ჩამომართვა“.

ამასთან, ალენმა კატეგორიულად უარყო, რომ მან და ვენგერმა ერთმანეთს უშვერი სიტყვები აკადრეს.

ვენგერი: „თუ დღევანდელი მატჩის მთავარი გმირი ალენია, მაშინ მას ჰკითხეთ, როგორ მოიქცა. ვფიქრობ, ასეთი ხმაურით ის ცნობილი ადამიანი გახდა. ახლა ხალხმა მისი არსებობის შესახებ იცის“.

რედნაპმა თქვა, რომ ვენგერმა მას და ჯორდანს ხელი ჩამოართვა და ეს სრულიად საკმარისი იყო.

„ვფიქრობ, არსენმა კლაივი უბრალოდ ვერ დაინახა. მან ჩვენ ჩამოგვართვა ხელი და გასახდელისკენ შეტრიალდა. შესაძლოა ალენი სწორედ მაშინ მიადგა, როდესაც ის უკვე ზურგით იყო და ჩქარობდა“, - თქვა „სფურზის“ თავკაცმა.

ამბობენ, რომ ვენგერსა და ალენს შორის შელაპარაკება შარშან აპრილში გამართული ჩრდილოლონდონირი დერბის დროსაც მოხდა. ის შეხვედრაც უკიდურესად დაძაბული იყო და 3:3 დასრულდა.

დაბოლოს, რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლის შესახებ, რომლითაც ამ დღეს ანგარიში გაიხსნა. ვენგერი ამტკიცებს, რომ ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ბურთი ხელით გააჩერა და მსაჯს არა თუ გოლი არ უნდა ჩაეთვალა, არამედ ვან დერ ვაარტი, რომელსაც ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა, მოედნიდან უნდა გაეგდო. თავის მწვრთნელს ეთანხმება ჯეკ უილშირიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ვან დერ ვაარტს კიდევ ერთი ყვითელი ტრიბუნასთან მივარდნისა და მაყურებელთან ერთად ზეიმის გამო ეკუთვნოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული