ვერ დაჯდა და წავიდა

AutoSharing Option
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა გადაწყვიტა 22 წლის მაროკოელი ვარსკვლავი, ადელ ტაარაბტი არ დააჯარიმოს, თუმცა დაიბარებს და აუხსნის, რა მოუვა იმ შემთხვევაში, თუ ერთხელაც გაიმეორებს იმას, რაც მეშვიდე ტურში, „ფულჰემთან“ შეხვედრის დროს ჩაიდინა.

კერძოდ კი აი, რა მოხდა: უორნიკმა „კრეივენ კოტეჯზე“ ანუ „ფულჰემის“ სტადიონზე გამართული შეხვედრის შესვენებისას ტაარაბტი შეცვალა. „რეინჯერსს“ უჭირდა (მოგეხსენებათ, საბოლოოდ „ფულჰემმა“ 6:0 მოუგო) მაგრამ მაროკოელმა საკუთარი გუნდის მიმართ უკიდურესი გულცივობა გამოამჟღავნა და აქაოდა, შემცვალესო, სულ წავი
და სტადიონიდან.

მეორე მხრივ, „დეილი მეილთან“ ინტერვიუში უორნოკმა განაცხადა: „არ დაგიმალავთ და ფეხბურთელისაც მესმის. ვინ იცის, მეც რომ შევეცვალე მწვრთნელს, მოედნიდან გამოვსულიყავი და დასაჯდომი ადგილი არ დამხვედროდა, მეც წავსულიყავი სტადიონიდან. ტაარაბტს სწორედ ასეთი რამ გადახდა, რაც დაუშვებელია“.

უორნოკმა ტაარაბტთან ერთად მისი 33 წლის თანაგუნდელი, შონ დერიც გამოცვალა, მაგრამ ის არსად წასულა, ბოლომდე „კრეივენ კოტეჯზე“ დარჩა და დამარცხების სიმწარე თანაგუნდელებთან ერთად გაიზიარა. საერთოდაც, ტაარაბტს გუნდში ზარმაცის სახელი აქვს გავარდნილი და „რეინჯერსის“ მოთამაშეები მის მიმართ მაინც და მაინც მეგობრულად არ არიან განწყობილები. ისინი ამბობენ, რომ მაროკოელი ვარჯიშებზე დანარჩენების მსგავსად ბოლომდე არ იხარჯება. „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ მომუშავე ერთმა ადამიანმა „დეილი მეილს“ უამბო:
„კლუბში ყველამ იცის, რომ ადელს ვარჯიში არ უყვარს, რაც ფეხბურთელთაგან ბევრს აღიზიანებს. ისე ჩანს, რომ მას სხვებისგან განსხვავებით უფრო ლმობიერად ექცევიან, თუმცა მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სწამთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ყველამ ბრძოლით უნდა მოიპოვოს, ამისათვის კი ვარჯიშებზე თავდადებაა საჭირო“.

დღეისათვის ტაარაბტი მაროკოშია და „რეინჯერსს“ მხოლოდ სანაკრებო ინტერვალის შემდეგ დაუბრუნდება. სხვათა შორის, მას ეროვნულ გუნდშიც პრობლემები ჰქონდა, მწვრთნელს, ცნობილ ბელგიელ ერიკ გერეცს ვერ გაუგო და ამ წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდის, თუმცა, გერცმა მოინდომა და მისი დაბრუნება მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული