ჯარიმა და არეულობა "ფულჰემში"

AutoSharing Option
პენალტის ვერ გატანისთვის „ფულჰემის“ ჰოლანდიელმა“ თავკაცმა, მარტინ იოლმა ფეხბურთელი დააჯარიმა. პრემიერლიგური ხელფასების კვალობაზე ჯარიმა დიდი არ არის, სულ 500 ფუნტია, მაგრამ ამ ამბავმა კლუბში მაინც არეულობა გამოიწვია. ამბობენ, რომ იოლს ვეტერან ფეხბურთელებთან თავისი საქციელის გამართლება მოუწევს.

დაჯარიმებით იოლმა „ლაციოდან“ გადმოყვანილი 19 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, პაიტიმ კასამი დააჯარიმა. მან 21 სექტემბერს, „ქარლინგის თასზე“, „ჩელსისთან“ წაგებულ შეხვედრაში ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. აქ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი პრინციპული საკითხი — იოლს პენალტისტად 23 წლის პორტუგალიელი ფორვარდი, ორლანდო სა ჰყავდა დანიშნული, ასე რომ ის, რაც
კასამიმ გააკეთა მწვრთნელის განკარგულების დარღვევა იყო.

მავანმა შეიძლება თქვას, რომ ამ ისტორიაში მწვრთნელი მართალია, თუმცა „კრეივენ კოტეჯზე“ ცოტა სხვა ვითარებაა და ესეც არ იყოს, ნებისმიერ კონფლიქტს თავისი წინაპირობა აქვს, ესა თუ ის ეპიზოდი კი მხოლოდ საბაბია. ცხადია, ასეთი გახლავთ „ფულჰემის“ შემთხვევაშიც, სადაც მარტინ იოლმა ერთი ხნის წინ ახალი წესები შემოიღო და ფეხბურთელებს მათ მორჩილებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აჯარიმებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სხვა მრავალ დარღვევასთან ერთად იოლი ებრძვის დაგვიანებებსა და გადაჩურჩულებებს, რაც ბევრს აღიზიანებს.

დასავლეთლონდონური კლუბის მავანმა თანამშრომელმა ინგლისურ ტაბლოიდებს უთხრა:
„იოლს ძალიან თავისებური წესები აქვს. კერძოდ, კასამის „ჩელსის“ კარში პენალტი რომ გაეტანა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბურთს საერთოდ არ უნდა მოჰკარებოდა, არ დააჯარიმებდნენ. არადა, ის პატარა ბიჭია, უნდოდა გუნდისთვის კარგი გაეკეთებინა, სანაცვლოდ კი 500 ფუნტიან ჯარიმას გამოჰკრა ხელი“.

მას მერე, რაც კასამის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა, ორი დასავლეთლონდონური გუნდის სათასო შეხვედრა 0:0 დამთავრდა, მატჩის შემდგომ პენალტებში კი „ლურჯებმა“ 4:3 მოიგეს.

მარტინ იოლის შესახებ იმასაც დავძენთ, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი ზოგადად კონფლიქტურ ადამიანად ითვლება. ერთი კვირის წინ დადიოდა ჭორი, თითქოს მას თავდამსხმელ ბობი ზამორასთან მოუვიდა უსიამოვნება, მაგრამ იოლმა ეს ჭორები უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული