სტივ კინი გადაირია

AutoSharing Option
„ბლექბერნის“ მწვრთნელ სტივ კინს ცუდად აქვს საქმე და ნერვები ღალატობს. ის უკვე მეორედ გაეხვა უსიამოვნო ისტორიაში. ამჯერად „სქაი ნიუსის“ რეპორტიორთან მოუვიდა კონფლიქტი.

ეს ამბავი გასულ კვირას მიუნხენში მოხდა, სადაც „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობდა. კინი გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის ამ თამაშის სანახავად გახლდათ ჩასული - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში „სიტისთან“ მისმა გუნდმაც ითამაშა. რივერსაიდელების თავკაცი, როგორც ჩანს, ისტლენდელთა თამაშს ერთხელაც სწავლობდა, მაგრამ ამან ვერ უშველა - „ბლექბერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა შაბათს მანჩესტერელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ასე იყო თუ ისე, იმ დღეს,
სამშაბათს, „ბაიერნის“ მიერ „სიტის“ 2:0 ძლევის შემდეგ, მიუნხენის სასტუმრო „მერიოტის“ ბარში სტივ კინი ტელეკომპანია „სქაის“ პატივცემულ ჟურნალისტ ჯეიმს კუპერს გადაეყარა. კინი იქ სხვა ინგლისელ ჟურნალისტებს, იმავე „სქაის“ მიმომხილველ ალან მაკინლისა და მოედნის კიდესთან მომუშავე ინტერვიუერ ჯეფ შრივერსს ელაპარაკებოდა.

კუპერი მოსაუბრეებთან მივიდა, კინს თავი წარუდგინა და მოშორებით, დასალევად შეკრებილ კოლეგებს შეუერთდა. დაახლოებით ნახევარ საათში „ბლექბერნის“ თავკაცი თავისი ადგილიდან წამოდგა, კამპანიასთან მივიდა და კუპერს შეუტია. ის ჟურნალისტთან ისე ახლოს იდგა, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ ცხვირი ცხვირზე მიადოო. მწვრთნელის აგრესიამ კუპერი აშკარად ააღელვა. რეპორტიორი ნერვიულობდა, მაგრამ მდგომარეობა მისმა ოპერატორმა განმუხტა – ის დაპირისპირებულებს შუაში ჩაუდგა.

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ეს ინციდენტი კინის ისედაც აწეწილ საქმეებს კიდევ უფრო არევს. გამორიცხულია, თავიანთი მწვრთნელის საქციელი „ბლექბერნის“ ინდოელ მეპატრონეებს მოეწონოთ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ კინისთვის ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შარია. პირველ სკანდალში იგი  აგვისტოში გაერია, როდესაც პოლიციამ საჭესთან ნასვამი გამოიჭირა, რისთვისაც 1 800 ფუნტი გადაახდევინეს და წელიწადნახევრით მანქანის მართვა აუკრძალეს. ვინ იცის, „ბლექბერნის“ თავკაცს ცუდი სიმთვრალე აქვს და ამ ტიპის პრობლემებიც სათავეს აქედან იღებენ.

სტივ კინი რივერსაიდელების მწვრთნელად გასული წლის დეკემბერში სემ ელერდაისის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ დანიშნეს. გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნას ჩემპიონატის ბოლო დღეს გადარჩა, თუმცა ასეთმა გადარჩენამ გულშემატკივრები ვერ მოთაფლა და ისინი ზაფხულშივე ითხოდნენ მწვრთნელის სამსახურიდან გაშვებას. გასულ შაბათს, როდესაც „ბლექბერნმა“ „სიტისთან“ 4:0 წააგო, ფანების პროტესტმა ახალი ძალით ამოხეთქა. „როვერსი“ შვიდი ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ბოლოზე მყოფ „ბოლტონს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული