ღირსეული მანუ

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ახალმა წევრმა, 27 წლის ტოგოელმა თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა მისთვის კვირას, "უაით ჰართ ლეინზე" მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ ილაპარაკა - ჩრდილოლონდონური დერბის დროს ადებაიორს შეურაცხყოფა მისი ყოფილი გუნდის, "არსენალის" ფანებმა მიაყენეს. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად ეტკინათ ფეხბურთელისთვის გული.

ტოგოელმა, რომელიც 2010 წლის აფრიკის თასის გათამაშების დროს თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად შეიარაღებული რაზმის თავდასხმის ობიექტი გახდა და დელეგაციის სამი წევრის მკვლელობამ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, თქვა:

"ტრიბუნებიდან ჩემს შესახებ ძალიან ცუდ სიმღერებს მღეროდნენ. გაინტერესებთ გამიკვირდა თუ არა? არა, არ გამკვირვებია.
თუ მეწყინა? რასაკვირველია, მეწყინა. ძალიან ცუდია, როდესაც ხედავ, რომ მშობლები თავიანთ შვილებს ასეთი სიმღერების უფლებას აძლევენ.

აშკარა იყო, რომ ამ ხალხს ჩემი წყობიდან გამოყვანა, შეურაცხყოფა, ჩემთვის გულის ტკენა უნდოდა, მაგრამ მე ღირსება შევინარჩუნე, მდაბალ საქციელს არ ავყევი და ამით ძალიან ვამაყობ. გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება მავანმა და მავანმა ასეთი მძიმე ტრაგედიის შესახებ ასე ცინიკურად იმღეროს, იყვიროს თუ ილაპარაკოს".

ტრაგედია, რომლის შესახებაც ზემოთ ნაწილობრივ მოგახსენეთ, 2010 წლის იანვარში, ანგოლაში მოხდა. ტოგოელთა ავტობუსს თავს ანგოლელი აჯანყებულები დაესხნენ და ავტომატური იარაღით გაუხსნენ ცეცხლი. ადებაიორი გადარჩა, მაგრამ სროლა რომ შეწყდა, დაჭრილები გადაჰყავდა და ერთი მათგანი, როგორც ამბობენ, მეგობარი, ხელში ჩააკვდა.

"ბავშვები ვახსენე. წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნება თუ მათ ეს სიმღერები დაამახსოვრდებათ და არა ის ფეხბურთი, რომელსაც პრემიერლიგის ვარსკვლავები აჩვენებენ. თან, მერწმუნეთ, "არსენალის" ფანებმა კარგად იგრძნეს, რომ თავიანთი სიმღერებით ჩემზე ვერ იმოქმედეს. მე გამოცდილი კაცი ვარ, ბევრჯერ ვყოფილვარ მძიმე დღეში და ჩემი დამარცხდება იოლი საქმე არ არის" - თქვა ფორვარდმა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა, "სფურზმა" კი მხოლოდ და მხოლოდ იქირავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ისტლენდელებს ადებაიორი "რეალისთვის" ჰყავდათ მიქირავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული