ტევესის ნათქვამი ვერ თარგმნეს

AutoSharing Option
27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის აგენტი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი არ გაფიცულა და ტყუილად სჯიან. მისი აზრით საქმე ჩვეულებრივ გაუგებრობასთან გვაქვს.

შეგახსენებთ პრობლემის არსს: გასული კვირის სამშაბათს, მიუნხენში, "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მეორე ტაიმში, "სიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტევესს გახურება და მოედანზე შესვლა მოსთხოვა, ფეხბურთელმა კი უარი უთხრა. თამაში რომ დამთავრდა ტევესთან ტელეჟურნალისტები მივიდნენ, კომენტარი სთხოვეს.

აქ დავძენთ, რომ ფორვარდმა ინგლისური არ იცის და ინტერვიუებს ესპანურად აძლევს, ასე რომ მის სიტყვებს თარგმნიან. "ალიანს არენაზეც"
ტევესის კომენტარს თარჯიმანი თარგმნიდა. არგენტინელის იმდღევანდელი "ცხელ-ხცელი" კომენტარით ის გამოდიოდა, რომ მან მწვრთნელს მართლაც პროტესტი თუ გაფიცვა გამოუცხადა, თუმცა ზემოხსენებული აგენტი, ყველასთვის ცნობილი ბრაზილიელი კია ჯურაბჩიანი ამტკიცებს, რომ მან ჩანაწერი მოისმინა და თავად დარწმუნდა, რომ ტევესი გაფიცვას არ ადასტურებს.

ჯურაბჩიანის მიხედვით ტევესმა ასეთი რამ თქვა: "მე მოედანზე იმიტომ არ გავედი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. ემოციურად, მართლაც მძიმე დღეში ვიყავი და ვიფიქრე, რომ ჯობდა სკამზე დავრჩენილიყავი. ფსიქოლოგიურად ასეთი მოუმზადებელი ფეხბურთელის მოედანზე შესვლა წამგებიანია".

ტევესის ამ ნათქვამს თარგმნიდა "მანჩესტერ სიტის" თანამშრომელი პედრო მარკესი, რომელიც ჩვეულებრივ არგენტინელის კომენტარებს არ თარგმნის, მაგრამ იმ დღეს ფეხბურთელს აზრის გამოხატვაში დაეხმარა. ჯურაბჩიანმა ისლტენდელებს გაღმა დასდო ბრალი:
"თუ პროფესიონალი თარჯიმანი არ გყავთ, თქვენი პრობლემაა. ინტერვიუმ მთლიანად შეცდომებით ჩაიარა. კარლოსს ორი კითხვა დაუსვეს და მისი პასუხი ორივე შემთხვევაში არასწორად თარგმნეს".

შემდეგ, ჯურაბჩიანმა მანჩინი გააკრიტიკა, იტალიელს სტილი დაუწუნა. მან "სიტის" თავკაცის მეთოდები არსენ ვენგერისა და ჰარი რედნაპის მეთოდებს შეადარა. ბრაზილიელი ბიზნესმენის აზრით ტევესს იმაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაც ყოფილმა არსენალელებმა სამირ ნასრიმ და სესკ ფაბრეგასმა, აგრეთვე "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთეს. კერძოდ,ირანში დაბადებულმა და საზღვარგარეთ შაჰის განდევნის შემდეგ გადასახლებულმა, ინგლისურად აღზრდილმა აგენტმა, თქვა:

"რობერტოს თავისი სტილი აქვს და ეს სტილი, ვთქვათ, არსენ ვენგერის სტილისგან ძალიან განსხვავდება. ფეხბურთელების პროტესტებს მთელი ზაფხული განმავლობაში ვადევნებდით თვალს. ვუყურებდით ფაბრეგასს, ნასრისა და მოდრიჩს, რომლებიც გუნდებთან ერთად მოგზაურობასა და თამაშზე უარს აცხადებდნენ, ასე რომ საქმე ტევესის უზნეობასთან კი არა, ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში შექმნილ პრობლემასთან გვაქვს.

სხვადასხვა კლუბები და მწვრთნელები ასეთ პრობლემებს სხვადასხვანაირად ებრძვიან და აგვარებენ. კარლოსი, მაგალითად, მიიჩნევს, რომ მას ვერდიქტი მანამდე გამოუტანეს, სანამ გაერკვეოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს, სათადარიგოთა სკამზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული