მოკეტე, რაფა!

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცმა, ჰარი რედნაპმა გადაკვრით თქვა, რომ რაკიღა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ენა არ გააჩუმა, იგი მის ძირითად შემადგენლობაში თამაშზე დაფიქრდება.

ვან დერ ვაარტი 28 წლის ჰოლანდიელი ვარსკვლავია, რომელმაც მწვრთნელი ჩრდილოლონდონური დერბის ანუ "ტოტენჰემისა" და "არსენალის" შეხვედრის შემდეგ გააკრიტიკა - ჩემთვის მოხერხებულ პოზიციაზე არ მათამაშა, უხერხულ დავალებებს მაძლევდა და ისევ ნაადრევად შემცვალაო. შეგახსენებთ, რომ კვირას გამართული შეხვედრა "დეზების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა და მოგებულთაგან პირველი გოლი სწორედ ვან დერ ვაარტმა გაიტანა. უკმაყოფილო ჰოლანდიელის პასუხად რედნაპმა თქვა:

"დიახ, მართლაც პრობლემის წინაშე
აღმოვჩნდით. გაირკვა, რომ რაფას არ შესწევს მეტოქის განაპირა მცველის გამოკიდების და მისთვის ხელის შეშლის უნარი. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერ გუნდს შევხვდებით, პრობლემაც მით უფრო დიდი იქნება. გასაგებია, რომ ვან დერ ვაარტს ყველაზე მეტად მოედნის შუაში, თავდამსხმელების უკან თამაში ეხერხება, მაგრამ ვაი, რომ ის მარტო არ არის. ამ პოზიციაზე თავს ჯარმაინ დეფოც შესანიშნავად გრძნობს, ის კი დღეისათვის შესანიშნავ ფორმაშია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს და საერთოდ ითამაშებს თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია. რაკიღა რაფას ფლანგზე თამაში არ უნდა, გამოდის, რომ დეფოსა და ვან დერ ვაარტს შორის უნდა ავარჩიო".

ზოგადად, რედნაპსა და 8 მილიონ ფუნტად ნაყიდ ვან დერ ვაარტს შორის რთული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჰოლანდიელი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ურთიერთობაში რთული ადამიანია. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ვან დერ ვაარტს "არსენალთან" შეხვედრაში" (და არა მარტო ამ დღეს) მისი ნაადრევი შეცვლა არ ესიამოვნა, მწვრთნელმა კი ეს მისი ტრავმით ახსნა - არ მინდა ორთავა კუნთის ტრავმის შემდეგ რაფა რისკის წინაშე დავაყენო და მოედანს ვარიდებო.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:
"დარწმუნებული ვარ, რომ 90 წუთის განმავლობაში სრული დატვირთვით თამაში შემიძლია, მაგრამ თუ რედნაპი განაპირა მცველის დევნას დამავალებს, ჩემს ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ" - თქვა მან.

ცნობისათვის: ვან დერ ვაარტს მოედანზე 90 წუთი 22 აგვისტოს შემდეგ აღარ გაუტარებია. ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" 3:0 დამარცხების დროს დაჰყო ბოლომდე.

რედნაპი: "ვან დერ ვაარტი შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ თუკი კოლექტივში ხარ და იქ კონკრეტული დავალების შესრულებაა საჭირო, კეთილი უნდა ინებო და გააკეთო".

რაკიღა "დეზების" საქმეებზე ვლაპარაკობთ, მოკლედ სხვებსაც გადავწვდეთ: 29 წლის რუსი თავდამსხმელი რომან პავლიუჩენკო იანვრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება, რათა "ტოტენჰემიდან" წავიდეს. მისი გაგება შეიძლება - პავლიუჩენკო ამ სეზონში მხოლოდ 16 წუთით შეუშვეს მოედანზე. რუსმა თქვა:

"ფიზიკურად შესანიშნავად ვარ მომზადებული, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მაკლია. ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა და ამიტომაც ველოდები იანვარს. "ტოტენჰემი" მიყვარს, ის ჩემთვის მეორე ოჯახივით არის, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება, ვთხოვ, რომ სადმე გამაქირავონ. თანახმა ვარ ნებისმიერ გუნდზე, სადაც რეგულარულად თამაშის საშუალებას მომცემენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული