ფრთხილად, "იუნაიტედო"!

AutoSharing Option
სტიუარტ დაუნინგმა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთვალა, "ლივერპულის" ჩრდილიდან გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავიაო.

მართალია, მერსისაიდელები ჯერ არ ტოვებენ იმ გუნდის შთაბეჭდილებას, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ 27 წლის დაუნინგი, რომელიც "ენფილდ როუდზე" "ასტონ ვილადან" გადავიდა, ამბობს, რომ გუნდმა უკვე გამოაჩინა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ცნობისათვის: ბირმინგემელებმა დაუნინგის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი მიიღეს.

ჰაფბეკმა თქვა: "ჩვენ ყოველ შეხვედრაში ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და ვფიქრობ, შორს არ არის ის დღე, როდესაც მათ რეალიზაციასაც მოვახერხებთ.

სულ მალე ჩვენთან რომელიმე ძლიერი გუნდი დამარცხდება.
"ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ უფრო ცივსისხლიანები უნდა გავხდეთ და მეტოქეები წელში გავტეხოთ. ამდენი ხელსაყრელი მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. იმ დღეს ჩვენ იმაზე მეტი ვინერვიულეთ, ვიდრე უნდა გვენერვიულა. საჭირო იყო მეტი გოლის გატანა და სალაპარაკო აღარაფერი იქნებოდა.

მეორე მხრივ კი ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ფანები ჩვენს მონდომებას აფასებენ. გულშემატკივარს სანახაობა, შეტევა და საგოლე ეპიზოდები უნდა. სასიხარულოა, როდესაც თავად გრძნობ, რომ მათ ზუსტად იმას სთავაზობ, რასაც გიკვეთავენ. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით შინ, "ენფილდ როუდზე" გამოგვდის".

აღსანიშნავია, რომ დაუნინგს ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერ გოლი არ გაუტანია. ის ამბობს, რომ ამას სიამოვნებით გააკეთებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში.

"მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც "ლივერპულის" მაისურით პირველ გოლს გავიტან. ძალიან გამიხარდება თუ ამას "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოვახერხებ" - დასძენს მოთამაშე, რომელმაც მანამდე, რვა წელიწადი "მიდლსბროში" გაატარა.
ინგლისის ჩემპიონი "ენფილდ როუდს" უახლოეს, მე-8 ტურში, 15 ოქტომბერს სტუმრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული