ფანებს ყველაფერი შეუძლიათ

AutoSharing Option
ჩერნოგორიის ნაკრებმა, ევრო 2012-ის შესარჩევში, ინგლისელებს ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა "მანჩესტერ სიტისა" და ეროვნული გუნდის 24 წლის მეკარე ჯო ჰარტს ეს შეახსენეს, მან მხრები აიჩეჩა.

ჰარტი დარწმუნებულია, რომ ინგლისის ნაკრები, ყველაფრის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკურად გამოვა და როდესაც ამას ამბობს, სიტყვა ფანტასტიკურის პირველ მარცვალს, "ფანს" განსაკუთრებით უსვამს ხაზს - გოლკიპერს გულშემატკივრის იმედი აქვს.

დიახ, პარასკევს პოდგორიცაში ინგლისელებმა ვერ იყოჩაღეს - 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 2:2 ითამაშეს. თან, უეინ რუნი მოედნიდან გააძევეს, რის გამოც მას პოლონეთსა და უკრაინაში ორი
თამაშის გამოტოვება მოუწევს. მაგრამ ახსნა და გამართლება ყველაფერს აქვს. ჰარტი, მაგალითად ასე ამბობს:

"ჩერნოგორიაში მოედანიც საზიზღარი იყო და ბურთიც, მაგრამ ჩვენი ფანები იყვნენ განსაკუთრებული. ამ ეტაპზე ჩვენ მშვენივრად ვთამაშობთ და ამ თამაშის ანგარიშში ასახვის გზებს ვეძებთ".

ისტლენდელი მეკარე პრემიერლიგაში სანაკრებო პაუზებითაც კმაყოფილია - სხვა გუნდების ბიჭებს ვხვდებიო. ინგლისში ყველამ კარგად იცის, რომ ადრე, ეროვნულ გუნდში, მოთამაშეებს შორის ურთიერთობა მთლად დალაგებული არ იყო. ეს ყველაზე მძაფრად "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ფეხბურთელთა ურთიერთობაში იგრძნობოდა. დღეს სხვა მდგომარეობაა, ყოველ შემთხვევაში, ჰარტი ასე ფიქრობს და ამბობს:

"ჩვენ ერთსულოვანი კოლექტივი გვყავს. ტრიბუნაზე ფანებიც ერთ მუშტად არიან შეკრული. მოკლედ, ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით და ასე, შედეგს უეჭველად მივაღწევთ.

ვიმეორებ, ინგლისის ნაკრებში შესანიშნავი ვითარებაა. მე ყოველი შეკრების შემდეგ ერთი სული მაქვს როდის გამომიძახებენ თავიდან, რადგან ბიჭების ნახვა მინდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული