34 მილიონი ერთ "ბარდაში"

AutoSharing Option
ინგლისს მოულოდნელი ამბავი მოედო: "მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელი თავდამსხმელის, 23 წლის ხავიერ ერნანდის იმავე ჩიჩარიტოს ანუ "პატარა ბარდას" ყიდვა მადრიდის "რეალს" მონდომებია და 30 მილიონ ფუნტს ანუ 34,5 მილიონ ევროს იხდის.

კაცმა რომ თქვას, იმაში, რომ "სამეფო კლუბს" ჩიჩარიტოს შეძენა მოუნდა, გასაკვირი არაფერია, მაგრამ არც ის არის საოცარი, "იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს 34,4 მილიონ ევროს ბიჭის შენარჩუნება რომ ურჩევნია. მეტიც, ფერგიუსონი აპირებს ჩიჩარიტოს ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და გასამრჯელო სამჯერ გაუზარდოს - კვირაში 25 ათასი ფუნტის ნაცვლად 75 ათასი გადაუხადოს.

თუმცა, არასოდეს თქვა არასოდესო, ნათქვამია. ბოლოს და ბოლოს ძალიან ბევრი რამ ფულით იწონება. კერძოდ, ამბობენ, რომ "რეალი" ერნანდესს ფერგიუსონის გაზრდილ ხელფასზე ორჯერ მეტს ჰპირდება, ხოლო სატრანსფერო თანხა, რომელსაც მანჩესტერელებს სთავაზობს, იმაზე ზუსტად ხუთჯერ მეტია, რაც წელიწადნახევრის წინ "იუნაიტედმა" მექსიკურ კლუბ "ჩივასს" გადაუხადა. და, კიდევ რომ წაამატოს?.. განა ჩიჩარიტოს გაყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", როგორც კომერციული ორგანიზაციისთვის, წარმატებული არ იქნება? თან, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.

მადრიდელთა პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიოს ერნანდესის სანაცვლოდ ფერგიუსონისთვის ფულის შეთავაზება იანვარშიც შეუძლია, მაგრამ გაზეთები წერენ, რომ ზაფხულამდე დაიცდის. ფერგიუსონი კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდოსგან განსხვავებით, ჩიჩარიტოს ოცნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლა არ არის. შეგახსენებთ, რომ "პატარა ბარდამ" გასულ სეზონში, რომელიც "იუნაიტედის" შემადგენლობაში მისთვის სადებიუტო იყო, ყველასთვის მოულოდნელად 20 გოლი გაიტანა და უეინ რუნისთან საუცხოო წყვილი შექმნა.

და ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მომავალ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი ძველი მოქიშპე "ლივერპული" ხვდება და ამ შეხვედრაში მსაჯად ანდრე მარინერი დანიშნეს. "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შეხვედრა მარინერმა ბოლოს 2009 წელს იმსაჯა და ფერგიუსონი გააბრაზა - ნემანია ვიდიჩი გააგდო მოედნიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული